ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა, დანიდინში სამხრეთ აფრიკას 21:11 აჯობა და “ოთხი ერის” პირველი გათამაშების მოგებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ზედიზედ 14 მატჩში დაუმარცხებელმა “ოლ ბლექსმა” ერთის საპასუხოდ ორი ლელო გაუტანა, მაგრამ ეს სულაც არ იყო მათი საუკეთესო თამაში და შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლებს მაგრა გაუმართლათ. აფრიკელებმა ქულების აღების რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს, განსაკუთრებით ფეხით დარტყმისას. მორნი სტეინმა, ფრანსუა სტეინმა და იოან გუსენმა, ჯამში 9 შესაძლებლობიდან მხოლოდ ორი გამოიყენეს, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამი დარტყმა ზელანდიასაც გაუცუდდა.
მატჩის დებიუტში სტუმრებმა შეუტიეს და ლელოს გატანის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ბრაიან ჰაბანამ ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე მეტრში სისწაფეში ბურთი ვერ დაიმორჩილა. მერე ფრანსუა სტეინს პირველი ჯარიმა გაუფუჭდა, მე-18 წუთზე კი, მორნი სტეინის დარტყმა ზუსტი იყო და ანგარიში გაიხსნა. თამაში განახლდა თუ არა, ზელანდიამ ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშა და მომხვდურს ლელოთი უპასუხა. ენდრიუ ჰორის კარგი თამაშის შემდეგ, იერიში კიარან რიდმა გააგძელა და შებოჭილმა გარღვევაზე იზრაელ დეგი გაიყვანა, რომელსაც ხელი ვეღარავინ შეუშალა. აარონ კრუდენის გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:3.
შესვენებამდე აფრიკელებს სამჯერ მიეცათ დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ ორივე სტეინმა ჯარიმები გააფუჭეს, მათ შორის ერთი ზედ შესვენების წინ. პირველ ტაიმში “სპრინგბოკი” ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და გუნდი კარგად მუშაობდა, მაგრამ შესვენებაზე მაინც მდევრის რანგში გავიდა. სტუმრებს მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჰქონდათ წინ გასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ჰაბანას ბურთი დაუვარდა. სამაგიეროდ, 48-ე წუთზე მან ყველაფერი კარგად გააკეთა და რადგან მორნი სტეინის გარდასახვა არაზუსტი იყო, აფრიკელები მხოლოდ 3 ქულით დაწინაურდნენ - 8:5.
კრუდენმა სამ წუთში ჯარიმით აღადგინა წონასწორობა, ხოლო საათის თავზე შეცვლაზე შესულმა აარონ სმიტმა სოლო გარღვევა განახორციელა, 25 მეტრი დაფარა და ზელანდია დააწინაურა, რასაც კრუდენმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. სტუმართა საქმე მას შესმდეგ დამძიმდა, როცა 64-ე წუთზე დენ გრელინგი სინბინით დაისაჯა. 14 კაცის ამარა დარჩენილმა აფრიკელებმა მაინც შეძლეს სხვაობის შემცირება. იოან გუსენს პირველი დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ 70-ე წუთზე ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და საკუთარ გუნდს მატჩის გადარჩენის იმედი დაუბრუნა. მაგრამ დარჩენილ 10 წუთში კრუდენმა ორი ჯარიმა გამოიყენა, საკუთარ გუნდს 21:11 მოაგებინა და სამხრეთ აფრიკა პრემიალური ქულის გარეშე დატოვა. ზელანდიამ ოთხიდან ოთხივე თამაში მოიგო დაახლა ის სამხრეთ აფრიკას უკვე 9 ქულით უსწრებს.
29 სექტემბერს ზელანდიელები არგენტინას ეწვევა და გამარჯვების შემთხვევაში “ოთხი ერის” მოგებას ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოფიციალურად გაიფორმებს, ხოლო სამხრეთ აფრიკა ამავე დღეს ავსტრალიას დაუხვდება.
15 სექტემბერი. “ოთხი ერი”. IV რაუნდი
ახალი ზელანდია. დანიდინი. Fორსყტჰ Bარრ შტადიუმ
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 21:11 (5:3)
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კრუდენი, 9. პირი ვეეპუ; 1. ტონი ვუდკოკი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. კევინ მეალამუ, 17. ჩარლი ფაუმუინა, 18. ბროდ რეთალიქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. აარონ სმიტი, 21. ბოდენ ბარეტი, 22. ტამატი ელისონი.
2 ლელო: დეგი, ა. სმიტი
1 გარდასახვა: კრუდენი
3 ჯარიმა: კრუდენი
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჟან დე ვილერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პიენაარი; 1. ტენდაი (ბესტ) მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. ფლიპ ვან დერ მერვე, 5. იოანდრე კრუგერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტცი, 8. დუაინ ვერმულენი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. დენ გრელინგი, 18. ანდრეს ბეკერი, 19. მარსელ კოტცე, 20. იოან გუსენი, 21. იოან დე იონგი, 22. პეტ ლამბიე.
1 ლელო: ჰაბანა
2 ჯარიმა: მ. სტეინი, გუსენი
1 სინბინი: გრელინგი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია