საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ს ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა. ეს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონია”, რომელმაც ხუთივე თამაში მოიგო, ორი პრემიალური ქულაც დაიმსახურა და სატურნირო ცხრილს 22 ქულით ლიდერობს.
V ტურში “ტულონი” მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” ეწვია. სტუმართა განაცხადში ქართველი ლეგიონერები არ იყვნენ, რადგან ქუბრიაშვილი ტრავმირბულია, ხოლო ჩილაჩავა და მიქაუტაძე ძირითადი შემადგენლობის მკვიდრი მორაგბეები ჯერ არ არიან. “მონპელიეს” განაცხადში არ იყო ჟღენტი, ხოლო გორგოძე და ნარიაშვილი მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. მამუკამ შერკინების მესამე ხაზში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო პირველხაზელი ნარიაშვილი 48-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 76-ე წუთზე მოედანზე ისევ დააბრუნეს.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს და შესვენებაზე გასვლისას 0:16 აგებდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, კიდევ ერთი ჯარიმა გაუშვეს. “მონპელიე” 49-ე წუთიდან ამოქმედდა და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, რომელშიც დიდი წვლილი გორგოძეს მიუძღვის. ის 5-მეტრა მოლში ჩაება, ორჯერ წინ ისე წაიწია, ბურთს თავად რომ აკონტროლებდა და საბოლოოდ სტუმართა ჩათვლის მოედანში თანაგუნდელს შეაყოლა. მიშალაკის ჯარიმას 55-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელოთი უპასუხეს და კვლავ გორგოძემ იაქტიურა. ის ტრენ-დუკის ფეხით გადაკიდებულს მეტოქის 22-ში აყვა, მიშალაკს ბურთი ცხვირწინ ააცალა, სისწრაფეში ხაზი გაჭრა და ძელებსშუა ლელო თანაგუნდელს გაატანინა - 12:22.
მალე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 66-ე წუთზე “ტულონმა” ლელო-გარდასახვით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ დასკვნით 3 წუთში “მონპელიემ” ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა და 7 ქულით მარცხისათვის ერთ პრემიალურ ქულას გამორჩა - 25:32. “ტულონზე” უკვე გითხარით, “მონპელიეს” კი 10 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.
დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” Top 14-ის დებიუტანტი “მონ დე მარსანი” სტუმრად 14:6 დასცა. ტაიმის 3:3 დასრულების შემდეგ, 72-ე წუთამდე ტაბლოზე კვლავ ფრე იყო დაფიქსირებული, ოღონდ 6:6. დასკვნით წუთებში კლერმონელებმა მასპინძლები გატეხეს, ჯერ ჯარიმა, ხოლო ბოლოს ლელო გაუტანეს და ამოისუნთქეს. პირველხაზელი ზირაქაშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო კოლელიშვილი მოედანზე 76-ეზე გამოჩნდა. ეს პირველი შემთხვევაა მიმდინარე სეზონში, როდესაც ვიტომ ძირითად გუნდში ითამაშა. “კლერმონს” 18 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.
ბარსელონაში “პერპინიანთან” 20:34 დამარცხდა ვასილ კაკოვინის, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის “ტულუზა”, მაგრამ ქართველი მორაგბეებს ამაში წვლილი არ მიუძღვით. ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” “ბიარიცს” ქართველის გარეშე 28:13 აჯობა. ზურაბ ჟვანიას გარეშე “ბორდოსთან” 22:30 დამარცხდა “სტად ფრანსე”.
Top 14-ის მომდევნო ტური 22 სექტემბერსაა დანიშნული და იმედია, მანამდე ქართველი ლეგიონერები ტრავმებს მოიშუშებენ და საკუთარ კლუბებს წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია