ამბები

14:37 | 17.09.2012 | ნანახია 1605 - ჯერ

ნატრიაშვილის ლელომ “ბრივს” მოაგებინა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა 72-ე წუთზე “ნარბონს” ლელო გაუტანა, “ბრივის” უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა და საბოლოოდ, ქართველთა გუნდმა 24:16 იმარჯვა.
ნატრიაშვილი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მიმდინარე სეზონის პირველი ლელო მაშინ გაიტანა, როდესაც ანგარიში 19:16 იყო. ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო შემადგენლობაში დავით ხინჩაგიშვილი იყო, რომელიც 62-ე წუთზე გოდერძი შველიძემ შეცვალა. ამ მოგებით “ბრივს” 10 ქულა დაუგროვდა და ოთხი თამაშის შემდეგ მე-9 ადგილზეა.
გურამ კავთიძის “ლიონთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბიმ”. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ მასპინძელთა გუნდის სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო. შერკინების მეორე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში იყო მაისურაძე და 47 წუთი ითამაშა, 38-ე წუთიდან შეცვლაზე შევიდა პირველხაზელი თეთრაშვილი, ხოლო თოდუამ დასკვნითი 18 წუთი ითამაშა. “ალბიმ” ოთხის საპასუხოდ მხოლოდ ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ჯარიმების ხარჯზე მუდამ წინ იყო და ახლა 9 ქულით მე-10 ადგილზეა, “ლიონი” კი, 11 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
პირველი მარცხი განიცადა კარლენ ასეიშვილის, ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა”, რომელსაც ქართულ დერბიში გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბმა” 39:24 აჯობა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს და შესვენებაზე გასვლისას 3:26 აგებდნენ. 51-ე წუთზე ანგარიში უკვე 36:3 იყო. “ორიაკმა” დასკვნით 20 წუთში შეძლო სამი საპასუხო ლელოს გატანა და ანგარიშის შელამაზება. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა დათუნაშვილმა, რომელიც 68-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. 52-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ნაცარაშვილმა, ხოლო სტუმართა განაცხადში მხოლოდ ნემსაძე იყო და ისიც თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო. “ორიაკს” 12 ქულა დარჩა და მეორე ადგილზეა, “ტარბი” კი 10 ქულით მე-7 საფეხურამდე დაწინაურდა.
დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ” ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” უმასპინძლა და მას 31:16 სძლია. სამივე ქართველი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო, აშვეთია შესვენებისას შეცვალეს, შეყლაშვილი - მე-60 წუთზე, ხოლო სუთიაშვილმა სრულად ითამაშა. “მასიმ” საწყის 25 წუთში მოიპოვა უპირატესობა, მეორე ტაიმის დასწყისში სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში კვლავ მასპინძლებმა იმძლავრეს. “მასი” 8 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო “ბეზიე” 5 ქულით ბოლოსწინა საფეხურზე რჩება.
ტარიელ რატიანიძის “დაქსი” ელიზბარ ყუფარაძის “კოლომიესთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 24:25. რატიანიძემ 52-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა, ყუფარაძე განაცხადში არ იყო. მასპინძლები ერთადერთხელ, 68-ე წუთზე დაწინაურდნენ (24:22), მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე ჯარიმა გაუშვეს და 1 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე არიან. “კოლომიეს” 10 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტური 22-23 სექტემბერს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110633