მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ჟიულ პლისონმა ჯარიმა გაიტანა და მისი წყალობით 2016 წლის ექვსი ერის პირველ შეხვედრაში საფრანგეთმა იტალია პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ 23:21 დაამარცხა.
გასული მსოფლიო თასის შემდეგ, ორივე გუნდში გადახალისების პროცესი მიდის და საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი დებიუტანტი გამოჩნდა, რომელთაგან ერთმა - ვირიმი ვაკატავამ ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა. კიდევ ერთ დებიუტანტ იაკუბა კამარას მე-15 წუთზე მოუწია ლუი პიკამოლის შეცვლა და მისი დებიუტიც დაგეგმილზე რამდენიმე წუთით ადრე შედგა. იტალიელთათვის ტაქტიკური თვალსაზრისით ეს იყო საუკეთესო შეხვედრა და ისინი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მცირედით არ გაუმართლათ. საგულისხმოა, რომ „აძურა“ „მამლებს“ იტალიაში უკვე საკმაოდ ხშირად ამარცხებს, მაგრამ სტუმრად მეტოქის დამარცხებასთან ასე ახლოს აქამდე არასდროს ყოფილა.
არადა, იტალია ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე ნაადრევად ჩამოწერეს და ამ თამაშით ჟაკ ბრუნელის შეგირდებმა კრიტიკოსებს ღირსეული პასუხი გასცეს. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და სახიფათო მიძალება კარლო კანამ არეკნით დაასრულა. ფრანგებმა ლელოთი მალევე უპასუხეს, როდესაც იერიში სწრაფად გაშალეს, ვაკატავამ მანევრირების ბრწყინვალე უნარი გამოავლინა და მაშინ, როდესაც ყველა ფიქრობდა მცველი მას გვერდით ხაზს იქით გადადენიდა, დებიუტანტმა მიმართულება შეცვალა და ბურთი ლელოში დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ლელო იმანაც გააფერმკრთალა, რომ პიკამოლმა მოედანი სამედიცინო შტაბის დახმარებით დატოვა.
სებასტიენ ბეზიმ შემდეგ ჯარიმა გააცუდა, რასაც იტალიელთა მხრიდან წნეხი მოყვა და მაქსიმ მედარი იძულებული იყო ბურთი ახლოში მოეგერიებინა. 5-მეტრა დერეფანს იტალიელთა კარგი მოლი მოყვა, რომლის დროსაც პარისემ ბურთი ჯერ დერეფანში მოიგო, მერე მის კუდში მოექცა და ლელო გაიტანა. 32-ე წუთზე იტალიელები 22-ის ხაზთან დაჯარიმდნენ, გაელ ფიკუ სიტუაციაში ყველაზე სწრაფად გაერკვა, პარისეს ბურთი ხელიდან გამოართვა, სწრაფად გაითამაშა და შედეგად დემიენ შულიმ მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა. ბეზის მესამე დარტყმა გაუცუდდა, მერე კანას ჯარიმაც არაზუსტი იყო და ტაიმი მასპინძლებმა 10:8 მოიგეს.
მეორე ტაიმი ისე დაიწყო, თითქოს „სტად დე ფრასეზე“ მასპინძლები იტალიელები იყვნენ. კანამ „აძურა“ ჯერ ჯარიმით დააწინაურა, მერე სტუმრებმა სისწრაფეში რამდემჯერმე გაჭრეს მეტოქის ხაზი და მართალია ლელოში შესული პარისე ბურთის დამიწებამდე უკან გადმოიყვანეს, მაგრამ ფრანგების დაცვის დალაგებამდე სწრაფი ბურთი კანამ მიიღო და თავისი ლელო გარდასახა - 18:10 იტალიელთა სასარგებლოდ. გარკვეული დროით ფრანგებს ბურთის ფლობამ შედეგი ვერ მოუტანა, მაგრამ საათის თავზე იტალია მაინც გატყდა და ფლანგიდან ლელოში უგო ბონევალი შევიდა, ხოლო დარტყმის უფლება პლისონმა გარდაიბარა და გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.
დასკვნით 20 წუთში თამაში კიდევ უფრო დაიძაბა და საფინალო სასტვენამდე 11 წუთით ადრე პლისონმაჯარიმით ფრანგები კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ 73-ე წუთზე კელი ჰაიმონამ ჯარიმიდან სენსაციის სუნი ერთხელაც დაატრიალა. ორიოდე წუთში რეფერიმ ფრანგთა სასარგებლოდ საეჭვო ჯარიმა დანიშნა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან პლისონმა ის 3 ქულად აქცია. მატჩის მიწურულს იტალიელებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, ვერც შერკინებამ გამოიმუშავა ჯარიმა და პარისემ არეკნით სცადა ბედი, მაგრამ დარტყმული არაზუსტი იყო და საფრანგეთმაც მძიმე ბრძოლაში 23:21 იმარჯვა.
„საფრანგეთის მისსავე მოედანზე დამარცხება ძალიან რთულია და დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. მიუხედავად ყველაფრისა, მიზანთან ახლოს ვიყავით და გამარჯვებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. იმედგაცრუებულნი ვართ. გარკვეულ ეპიზოდებში იტალია დომინირებდა. ყველამ ნახა როგორ მძლავრობდა ჩვენი შერკინება. ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს და ვფიქრობ, პროგრეს გავაგრძელებთ“ - თქვა ნამატჩევს მიკელე კამპანიარომ.
ფრანგი მაქსიმ მედარი შეეცადა საკუთარი გუნდის არცთუ კარგი თამაშის მიზეზები აეხსნა:
„იტალიელები თავს კარგად იცავდნენ და ძალიან გაგვიჭირდა მათი დაცვის ზღუდის გარღვევა. წინდაწინ აარჩიეს თამაშის ასეთი სტილი, ჩვენ კი, მათ ხაფანგში გავებით. ვცდილობდით შედეგისთვის მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია, მაგრამ მნიშვნელოვანია მოთმინება. ვფიქრობ, მოედნის მთელს სიგანეს არ ვიყენებდით და ფეხითაც ცოტას ვთამაშობდით. საჭირო იყო მეტოქე უფრო დიდ წნეხში მოგვექცია. პოტენციალი გვაქვს, თუმცა თამაშის ახალ სტილს ჯერაც ვეჩვევით და მისი მთელი 80 წუთის განმავლობაში დემონსტრირება გვიჭირს. ვიმედოვნებ, ერთ კვირაში უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.
2016 წლის ექვსი ერი. პირველი ტური
საფრანგეთი. პარიზი. „სტად დე ფრანსე“.
საფრანგეთი - იტალია 23:21 (10:8)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია