ერთა თასი

12:10 | 28.02.2016 | ნანახია 7699 - ჯერ

თამაზ მჭედლიძე: ,,ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამოგვეყენებინა, ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით’’

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში ესპანელები ბონუს ქულით, 38:7 დაამარცხეს.

„ბორჯღალოსნებმა“ მე-14 და 26-ე წუთებზე ტექნიკური ლელოები დადეს, რასაც ორივე შემთხვევაში მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე კიდევ ერთი ლელო-გარდასახვით დავწინაურდით და პირველი ტაიმი 21:7 დავასრულეთ.

უპირატესობა არც მატჩის მეორე ნახევარში დაგვიკარგავს. მერაბ კვირიკაშვილმა მეოთხე, ბონუსქულის მომტანი ლელო დადო, თუმცა ჩვენი შეტევა აქ არ დასრულებულა. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ლელო მიითვალა (თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა) და საბოლოო ანგარიში 38:7 დააფიქსირა.

ნამატჩევს worldrugby.ge დღევანდელი თამაშის შესახებ რამდენიმე მორაგბეს გაესაუბრა:

თამაზ მჭედლიძე: „ჩვენთვის დღევანდელი თამაში ძალიან რთულად აღსაქმელი აღმოჩნდა. პორტუგალიასთან და გერმანიასთან შედარებით, ესპანეთი ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, მაგრამ მობილიზება მოვახდინეთ, ვნახეთ მეტოქის სუსტი მხარეები და ეს საბოლოო ანგარიშზეც აისახა. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამოგვეყენებინა, ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით“.

დუდუ ქუბრიაშვილი: „ჩვენს მთავარ მიზანს 5 ქულის აღება წარმოადგენდა და ეს შევძელით კიდეც. ესპანეთი საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ძალიან მოვინდომეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“.

ლაშა მალაღურაძე: „დღევანდელ მატჩში გამარჯვების იმედი გვქონდა და ბონუს ქულით გავიმარჯვეთ კიდეც. მომდევნო თამაშისთვის ვეცდებით ჩვენი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ“.

ანტონ ფეიქრიშვილი: „ამ თამაშისთვის ძალიან მოვინდომეთ და მნიშვნელოვანი 5 ქულაც ავიღეთ. მიუხედავად ბევრი შეცდომისა, მაინც მოვახერხეთ და ბონუს ქულით დავამარცხეთ მეტოქე. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო. რაც შეეხება ჩვენი თამაშის სტილს, გუნდური თამაში მაღალ დონეზე იყო და სწორედ ამის ხარჯზე დავჩაგრეთ ესპანელები“.

დავით კაჭარავა: „გასულ ორ მატჩთან შედარებით, დღეს უფრო იოლი თამაში იყო. ახლა მთავარია, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ რუსეთთან და რუმინეთთან, რომლებიც ბევრად უფრო ძლიერი გუნდები არიან, ვიდრე ესპანეთი. გამარჯვების იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, ყველაფერი კარგად იქნება“.

მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 მარტს, სოჭში რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:41 | 28.02.2016
Dima89D (9)

gaixaret bichebo :*

12:56 | 28.02.2016
Alexandre74 (13)

თქვენ გენაცვალეთ!

0.09704