მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დღევანდელი რესპონდენტი ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე საკმაოდ ცნობილია. 26 წლის დავით ქუბრიაშვილი ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული გრანდის, “ტულონის” პირველხაზელია. “დუდუ” უკვე მეხუთე წელია, თავის წარმატებულ სარაგბო კარიერას საფრანგეთში წარმართავს.
“ტულონამდე” კი, იყო “აკადემია”, “ლელო” და “მონპელიე”. Top 14-ის IV ტურში “დუდუმ” მუხლი იტკინა და მოედანი დროზე ადრე დატოვა. საქართველოს რაგბის კავშირი “ტულონის” ქართველ ლეგიონერს საფრანგეთში შეეხმიანა და ეს პატარა ინტერვიუ ჩამოართვა.
- როგორ ხარ, ფეხი როგორ გაქვს?
- სერიოზულ დაზიანებს გადავრჩი, მყესები გაწყვეტილი არ არის, თუმცა, სრული რეაბილიტაციისთვის ალბათ ერთი თვე დამჭირდება. დასანანია, მინიმუმ ოთხი მატჩის გამოტოვება მომიწევს.
- რა ასაკში და სად დაიწყე რაგბის თამაში?
- 12 წლის ვიყავი როცა “აკადემიის” გუნდში მივედი სავარჯიშოდ. გია ღლონტი, პაატა ნარიმანაშვილი და გია კუბლაშვილი გვავარჯიშებდნენ. “აკადემია” ვაკეში ვარჯიშობდა, მე მუხიანში ვცხოვრობდი და სავარჯიშოდ საკმაოდ შორს მიწევდა სიარული, ამიტომ გადავწყვიტე სახლთან უფრო ახლოს მომეძებნა გუნდი და ასე აღმოვჩნდი “ლელოში”. “აკადემიაში” ერთი თვე ვიარე და შემდეგ “ლელოში” გადავედი. ბათუ კევლიშვილი გვავარჯიშებდა და შემდეგ ლევან მაისაშვილი. ლევანმა ჩემ მორაგბედ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი დაიდო, ფაქტიურად მისი გაზრდილი ვარ. შემდეგ მოვხვდი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში და 2008 წელს დებიუტი მქონდა ეროვნულ გუნდში, თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ. დაუვიწყარი გრძნობაა.
- მეხუთე წელია საფრანგეთში ხარ. როგორ შეეჩვიე?
- პირველი წელი “მონპელიეში” გავატარე მამუკა გორგოძესთან ერთად. 2008 წლიდან “ტულონში” ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა მთავარი სირთულეები უკვე გადავლახე, ენის ბარიერიც აღარ მაქვს და აქაურობასაც შევეჩვიე. სამხრეთელები თბილი ხალხია, თან რაგბი ძალიან პოპულარულია და მოთამაშები და გულშემატკივრები ეთმანეთს დიდ პატივს სცემენ.
- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- დილით ადრე, 06:30 ვიღვიძებ. ადრე უფრო გვიან ვიღვიძებდი, თუმცა, ეხლა 7 თვის ლაბრადორი მყავს და ამიტომ ადრე ადგომა მიწევს - უნდა ვაჭამო და გავასეირნო. 8:00 უკვე ბაზაზე ვარ, ფიზიკურად ვვარჯიშობ, შერკინება და ხაზი დილის ვარჯიშზე გაყოფილები ვართ. დაახლოვებით 11:00 სახლში ვბრუნდები, ვჭამ და ვისვენებ, რის შემდეგაც 6. ან 7 საათზე ისევ სავარჯიშოდ მივდივარ. ამჯერად მთელი გუნდი ერთად ვვარჯიშობთ. ჯერ ვიდეო ანალიზია, შემდეგ იწყება უკვე ერთობლივი ვარჯიში, რომელიც რვა საათისთვის მთავრდება და ვბრუნდები სახლში. ორშაბათი და სამშაბათი ყველაზე დატვირთული დღეებია. ოთხშაბათს და კვირას გუნდი ისვენებს, თუმცა მე ცოტას ჩემთვის მაინც ვვარჯიშობ. კვირა დღეს ძირითადად ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძესთან ერთად ვატარებ.
- ტულონში სად ცხოვრობ და რა კრიტერიუმებით შეარჩიე სახლი?
- გამომდინარე იქიდან, რომ დღეში ორჯერ ვვარჯიშობ, უწინარესად, მინდოდა, რომ სტადიონთან ახლოს მეცხოვრა. დაახლოვებით 10 წუთი მჭირდება სახლიდან სტადიონამდე და ცოტა მეტი ზღვამდე. კარგი უბანია, წყნარი, მეზობლებიც კარგი მყავს. გვერდში მიდგანან. ორი წლის წინ თამაშზე მივდიოდი, მანქანაში ჩავჯექი და არ დაიქოქა, რაღაც ჰქონდა გაფუჭებული. მეზობელმა, ხანში შესულმა ქალმა დამინახა როგორ ვწვალობდი, მოვიდა და სტადიონზე თავისი მანქანით წამიყვანა.
- “ტულონი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ბევრი ვარსკვლავი თამაშობს.
- ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა. ვარსკვლავები ადრეც იყვნენ და ეხლაც არიან, თუმცა ყველაზე კარგი ის არის, რომ გუნდში ვინმეს ვარსკვლავობა საერთოდ არ იგრძნობა, ყველანი თანასწორები ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით, ვმეგობრობთ და ერთ დიდ ოჯახად ჩამოვყალიბდით. თამაშის შემდეგ თითქმის მთელი გუნდი ერთად მივდივართ კლუბში, ძირითადად La Plage-ში და ერთად ვერთობით. მე ამ ბოლო დროს იშვიათად დავდივარ, უფრო წყნარი ცხოვრების სტილი მაქვს არჩეული და დროის უმეტესობას ვარჯიშს და დასვენებას ვუთმობ.
- “ტულონის” წინსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბის პრეზიდენტად მურად ბუჯელალი მოვიდა.
- საინტერესო ადამიანა, საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს მოთამაშეებთან. მთელ ყურადღებას კლუბს უთმობს და შედეგისთვის ძალისხმევას არ იშურებს. ყოველთვის გუნდთან ერთად არის, თამაშზეც და ვარჯიშზეც. მატჩის დროს მოედანზე, სათადარიგო მორაგბეებთან ერთად არის და ემოციურად გულშემატკივრობს.
- გუნდს სათავეში ბერნარ ლაპორტი უდგას, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ქვეყნის სპორტის მინისტრი.
- პიროვნულად საკამოდ რთული ადამიანია. უყვარს ემოციების ხმამაღლა გამოხატვა, ხშირად ყვირის და ჩხუბობს, როცა რაღაც არ გამოდის შეიძლება ვარჯიში გვიანობამდე გააგრძელოს, ყოფილა შემთხვევები ვარჯიში ცხრა, ათის ნახევრამდეც გაგრძელებულა, იქამდე სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევდა, ან თამაშის წინა დღეს სრული კონტაქტით გვითამაშია ერთმანეთში. ამ ყველაფრის მიუხედავად ძალიან ძლიერი მწვრთნელია, დიდი გამოცდილება აქვს და მოთამაშეებიც ვენდობით.
- “ტულონთან” კიდევ რამდენი ხანი გაქვს კონტრაქტი?
- კიდევ ორი წელი და პლუს ერთი მოიაზრება, გააჩნია როგორ ვითამაშებ. სიმართლე გითხრათ, “ტულონში” თავს კარგად ვგრძნობ და სხვაგან წასვლაზე ჯერ არ ვფიქრობ.
- სეზონის დაწყებიდან ტრავმამდე, სულ სასტარტო შემადგენლობაში იყავი.
- მსოფლიო თასის შემდეგ, იყო პერიოდი, როდესაც მოედანზე ცოტა დროს ვატარებდი, თუმცა წელს საქმეები კარგად მიდიოდა. სამწუხაროა, რომ ასეთ დროს მივიღე ტრავმა და ერთი თვით ჩამოვშორდი მოედანს.
- ახალგაზრდა თაობას რას ურჩევ?
- მიზანდასახულობა, თავდაუზოგავი შრომა და იღბალი, რაც სპორტში ძალიან საჭიროა.
- დიდი მადლობა. გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას და წინსვლას.
- დიდი მადლობა. ბოდიში თუ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ გაგეცით.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია