ამბები

14:56 | 18.09.2012 | ნანახია 1754 - ჯერ

ქართველებმა “ფედერალიც” დაიწყეს

საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრად პროფესიონალურ დივიზიონ “ფედერალ 1”-ის ახალ სეზონს 21 ქართველი ლეგიონერი იწყებს, რომლებიც 14 კლუბში არიან გადანაწილებული.
“ფედერალ 1”-ში ოთხ 10-გუნდიან ჯგუფში გადანაწილებული 40 გუნდი თამაშობს. ორწრიანი რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო (სულ 16) პლეი ოფში გადის, სადაც ერთრაუნდიანი მატჩები იმართება და ორი ფინალისტი Pრო D2-ის საგზურს იღებს.
I ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონმა”, რომელიც “შალონს” მასპინძლობდა და 35:24 სძლია. პირველხაზელი კოპალიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე მელიქიძემ შეცვალა. გიორგი ჯაშიტაშვილის, რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლუსონმა” ზერო პეტრიაშვილის “ვიენს” უმასპინძლა და 12:19 დამარცხდა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ყუფარაძემ და გიგაურმა მიიღეს - პირველი შეცვლაზე 45-ე, ხოლო მეორე - 56-ე წუთზე შევიდა. “ბურგ-ან-ბრესთან” 16:23 დამარცხდა გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენი”. გაბელიამ შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ჟღენტი განაცხადში არ იყო. გიორგი სულაშვილის გარეშე 6:49 განადგურდა “სტრასბური” “ლილთან”.
II ჯგუფში “ბლანიაკს” 25:18 სძლია დავით კაჭარავას “როდეზმა”. სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბი 55-ე წუთზე შეცვალეს. “აგდთან” სტუმრად 21:29 დამარცხდა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი”. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა პირველხაზელმა მოედანზე 60 წუთი გაატარა. “ლავორთან” 21:23 დამარცხდა ირაკლი ნინიძის “რომანი”, სასტარტოში მობურთალი პირველხაზელი კი, შესვენებისას შეცვალეს. 10:20 დამარცხდა “ვალანს დაჟენთან” კიდევ ერთი პირველხაზელის, თემურ გელანტიას “ობენა”. გელანტიამ პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა.
III ჯგუფში ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზარმა” თედო ზიბზიბაძის “პერიგოს” 18:13 აჯობა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო მეორეხაზელი გუჯარაიძე, ხოლო სტუმართა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა ზიბზიბაძე, რომელიც 65-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. 23:16 იმარჯვა ნიკოლოზ მაღალდაძის “მარმანმა”.
IV ჯგუფში მძიმე მატჩში იმარჯვა მერაბ კვირიკაშვილის “სენ-ჟუნიენმა”, რომელიც “ნევერს” მასპინძლობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი საკუთარი გუნდის კაპიტნად და მეტოქის “ჯალათად” მოგვევლინა. “მეკომ” უშეცდომოდ ურტყა, 2 გარდასახვას 6 ჯარიმა მიაყოლა და მასპინძლებს 22 ქულით შეეწია. აღსანიშნავია, რომ მან მეორე გარდასახვა უკანასკნელ წუთზე შეასრულა და “სენ-ჟუნიენმა” ამ ორი ქულით, 32:30 იმარჯვა.
მძიმე ბრძოლა გადაიტანა ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერმა” და მეტოქე “ლანემეზანს” მანაც ორი ქულით სძლია. მაისურაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა, ხოლო მალაღურაძე მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველების გუნდმა გამარჯვების მომტანი ჯარიმა 78-ე წუთზე გაიტანა.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104226