ამბები

15:03 | 20.09.2012 | ნანახია 3443 - ჯერ

IRB-ს უპრეცედენტო პროგრამა

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) უპრეცედენტო პროექტი წამოიწყო - საერთაშორისო თამაშების სერია, რაც გულისხმობს მე-2 და მე-3 დონის რაგბის კავშირების უზრუნველყოფას, საშემოდგომო ტესტ-მატჩების მრავალფეროვანი პროგრამით.
IRB-ს სტრატეგიული ინვესტირების პროგრამის მონაწილე 12 რაგბის კავშირისთვის დაგეგმილი თამაშები დაემატება იმ საერთაშორისო ტესტ-მატჩებს და ტურნეებს, რაც IRB-მ პირველი და მეორე დონის რაგბის კავშირებისთვის ჯერ კიდევ 2010 წელს დაგეგმა. რუსეთი, აშშ, სამოა, კანადა, ტონგა, ფიჯი, რუმინეთი, იაპონია, ურუგვაი, პორტუგალია, საქართველო და ჩილე უმაღლესი ხარისხის ტესტ-მატჩებს ითამაშებენ.
2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, გუნდების უმრავლესობაში მოხდა მწვრთნელთა ცვლილება, გამოჩნდნენ ახალი მორაგბეები და 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მათ უკეთ მოსამზადებლად, აუცილებელია მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება. თამაშები იგეგმება წინა სეზონებში აპრობირებული სამატჩო განრიგების საფუძველზე. საკმაოდ დატვირთულ ნოემბრის სათამაშო კალენდარს, წლეულს ემატება საინტერესო ორდღიანი მინი-ტურნირი, რომელიც გაიმართება კოლვინ ბეიში (უელსი), რუსეთის, აშშ-ს, სამოას და კანადის მონაწილეობით. 2012 წლის ნოემბერს დაგეგმილი თამაშებიდან ასევე აღსანიშნავია ინგლისი-ფიჯი (ლონდონი), უელსი-სამოა (კარდიფი), კანადა-ახალი ზელანდიის “მაორები” (ოქსფორდი), საფრანგეთი-სამოა (პარიზი), შოტლანდია-ტონგა (აბერდინი) და ურუგვაი-პორტუგალია (მონტევიდეო).
“ეს მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენაა მსოფლიო რაგბისთვის. IRB ყოველნაირად ცდილობს გაამდიდროს მე-2 დონის რაგბის კავშირებისათვის ხელმისაწვდომი საერთაშორისო თამაშების ასორტიმენტი; ამდენად, ჩვენს მიერ ნოემბერში დაგეგმილი თამაშები მეტად მნიშვნელოვანია მე-2 დონის რაგბის კავშირების კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და საბოლოო ჯამში, 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მათი მზადების თვალსაზრისით. ნოემბერში, ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის ტესტ-მატჩები გაიმართება. სპორტის მოყვარულებისთვის ეს იქნება ერთგვარი დემონსტრაცია იმისა, თუ რას უნდა ელოდნენ 2015 წელს, როდესაც ინგლისი უმასპინძლებს მსოფლიოს ოც საუკეთესო სარაგბო ნაკრებს, რაგბის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებაზე”, - განაცხადა IRB-ის თავმჯდომარემ ბერნარ ლაპასემ.
“ნოემბრის ტესტ-მატჩებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ რაგბის კავშირების სანაკრებო განვითარების საქმეში, რომლებიც მოქცეულნი არიან IRB-ს სტრატეგიული ინვესტირების პროგრამაში. 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების საჭიროებებიდან გამომდინარე, ყველა ნაკრების მწვრთნელს ენდომება შეაფასოს მოთამაშეები თამაშის პირობებში, IRB-ის კი, მიეცემა საშუალება პრაქტიკულად შეამოწმოს, თუ რა წარმატებებს მიაღწიეს მე-2 დონის რაგბის კავშირებმა. ნოემბრის ტესტ-მატჩების პროგრამა ზურგს უმაგრებს ჩვენს მიერ ორგანიზებულ სტრატეგიულ ტურნირებს: ივნისში გამართულ წყნარი ოკეანის ერთა თასს და IRB-ს ერთა თასს, ამერიკის კონტინენტის სარაგბო ჩემპიონატს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორი გამოვა კოლვინ ბეიში, უელსში დაგეგმილი მინი-ტურნირი, რომელიც გაიმართება 9 და 17 ნოემბერს; მოუთმენლად ველით იაპონიისა და ფიჯის ნაკრებების პირველ ვიზიტს საქართველოში”, - დაამატა IRB-ს განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა.
სტრატეგიული ინვესტირების პროგრამის წლიური ბიუჯეტი 10 მილიონი გირვანქა სტერლინგია, რომლისგანაც 2,7 მილიონი სხვადასხვა ტურნირებისა (წყნარი ოკეანის და ამერიკის თასი, ერთა თასი) და ნოემბრის ტესტ-მატჩების ჩატარებას მოხმარდება, დანარჩენი კი, 13 ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე, პირდაპირი გრანტების სახით განაწილდება. აღსანიშნავია, რომ ნამიბიამ ევროპულ ტურნეზე უარი თავად განაცხადა, და IRB მისთვის ალტერნატიული ვარიანტის გამონახვაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები ორ ტესტ-მატჩს გამართავს. “ბორჯღალოსნები” თბილისში, 17 ნოემბერს, იაპონიის, ხოლო 24 ნოემბერს, ფიჯის ნაკრებებს დაუხვდებიან.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089232