საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი შაბათს თბილისში გაიმართება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლამის ყველაფრის მომგები თბილისის “არმია” დედაქალაქურ დერბიში წლევანდელი გათამაშების ლიდერს, უდანაკარგო “ლელოს” “ავჭალაზე” დაუპირისპირდება.
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ცენტრალური მატჩი ავჭალაში 18 საათზე დაიწყება. არმიელებმა 2011 წლის მიწურულს საქართველოს ჩემპიონატი და თასი, ასევე, 7-კაცა ჩემპიონატი მოიგეს. “არმიამ” მიმდინარე წლის მაისში გაზაფხულის გარდამავალი ტურნირიც მოიგო, მაგრამ 7-კაცში პოზიციები დათმო. ამ პერიოდში “ლელოს” არაფერი მოუგია, მაგრამ მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, სამივე განვლილი თამაში ისე მოიგო, რომ მეტოქეზე სამით მეტი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულები ჩაიწერა.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება წლეულს, გაზაფხულის ტურნირის რეგულარულ გათამაშებაში შედგა და ლელოელებმა ირაკლი ყიასაშვილის მიერ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 22:21 იმარჯვეს. სამაგიეროდ, 2011 წელს ორივე თამაში არმიელების გამარჯვებით დასრულდა - პირველი 23:21 და მეორე 29:9. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიისა და პოტენციალის გათვალისწინებით, “ავჭალაზე” მისული მაყურებელი საინტერესო ბრძოლის მომსწრე გახდება. “ლელომ” პირველი ორ მატჩში აუტსაიდერები - “აკადემია” (25:0) და “ყოჩები” (47:22) დაამარცხა, მერე კი, მოძლიერებულ “ბათუმს” საკმაოდ იოლად აჯობა - 37:10. “არმიას” სამივე მატჩი მძიმე ჰქონდა. პირველ ტურში დებიუტანტი “ჯიქები” მხოლოდ დასკვნით 20 წუთში გატეხა (35:19), მერე თბილისში “აიასთან” დამარცხდა - 15:16, ხოლო ერთი კვირის წინ “ლოკომოტივს” 18:12 სძლია.
მანამდე “ავჭალაზე” აუტსაიდერების ჯახი გაიმართება და “ყოჩები” რუსთავის “ხარებს” 16 საათზე დაუხვდება. თბილისელებს მოგების გემო ჯერ არ გაუგიათ და ამის გაკეთებას ახლა ეცდებიან. პირველ ორ მატჩში ისინი უშანსოდ დამარცხდნენ “ლოკომოტივთან” და “ლელოსთან”, ერთი კვირის წინ კი, “არმაზს” დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ - 16:20. საწყის ორ ტურში “არმაზთან” (7:20) და “ჯიქებთან” (6:13) დამარცხდნენ “ხარებიც”, ოღონდ, მეორე მატჩში პრემიალური ქულა აიღეს, ხოლო განვლილ ტურში “აკადემიას” მცირედით აჯობეს - 17:11. სატურნირო ცხრილში “ხარები” “ყოჩებზე” წინა არიან, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ რუსთაველებმა სამ მატჩში სულ ორი ლელო გაიტანეს, ხოლო თბილისელებს მოედანი ულელოოდ არ დაუტოვებით - მეტოქის ჩათვლის მოედანი ხუთჯერ გადაკვეთეს.
პარალელურად, 16 საათზე “შევარდენზე” დაიწყება “აკადემიისა” და “ჯიქების” შეხვედრა, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა ექნება. საქმე ისაა, რომ შარშან “ჯიქებმა” “აკადემიას” უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ორრაუნდიანი ბრძოლა მოუგეს და აკადემიელები დაქვეითებისგან მხოლოდ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის ზრდამ გადაარჩინა. მაშინ 160-წუთიანი დაძაბული ბრძოლის ბედი ერთმა ქულამ გადაწყვიტა - პირველი მატჩი “ჯიქებმა” 29:18 მოიგეს, მეორე “აკადემიამ” 19:9.
მიმდინარე სეზონი გუნდებმა არაერთგვაროვნად დაიწყეს. დებიუტანტმა “ჯიქებმა” პირველი მატჩი “არმიასთან” ბრძოლაში დათმეს, მერე ბრძოლაშივე “ხარებს” 13:6 მოუგეს, განვლილ ტურში ქუთაისის “აიას” სენსაციურად აჯობეს - 12:6, თუმცა, ამ ახალგაზრდული გუნდის გამართული თამაშიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს სანსაცია არც იყოს. “აკადემია” პირველ ორ მატჩში “ლელოსთან” და “არმაზთან” უშანსოდ დამარცხდა, მაგრამ ერთი კვირის წინ “ხარებს” ებრძოლა და პრემიალურ ქულას გამორჩა - 11:17.
17 საათზე იწყება თამაში ბათუმში, “ანგისაზე”. ამ სტადიონზე ზღვისპირელები განსაკუთრებით ძლიერად თამაშობენ - მე-2 ტურში “ლოკომოტივს” 13:10 მოუგეს. მათ პირველ ტურში ქუთაისშიც იბრძოლეს, მაგრამ სულ ბოლოს ლელო გაუშვეს და 3:13 დამარცხდნენ, ხოლო განვლილ ტურში თბილისში “ლელოს” წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ამასობაში “არმაზმა” სამივე თამაში მოიგო და ბათუმში დაუმარცხებელი ჩადის. აღსანიშნავია, რომ არმაზელებს აქამდე აუტსაიდერებთან უწევდათ თამაში - “ხარები”, “აკადემია” და “ყოჩები”, ახლა კი, ნამდვილი გამოცდა ელით.
კვირას 17 საათზე საინტერესო თამაშია ქუთაისში, სადაც “აია” “ლოკომოტივს” დაუხვდება. ეს გუნდები ერთმანეთს 2011 წლის მცირე ფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ ქუთაისელებმა 27:7 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა და 2010 წლის ჩემპიონმა “ლოკომოტივმა”, 2011 წლის გათამაშებაში და გარდამავალ, საგაზაფხულო ტურნირში ქუთაისელთა დამარცხება ერთხელაც ვერ მოახერხა და ზედიზედ ოთხჯერ დამარცხდა.
“აიამ” ახალი სეზონი ზედიზედ ორი მოგებით დაიწყო, მაგრამ გასულ ტურში “ჯიქებთამ” მხოლოდ პრემიალური ქულით მოუწია დაკმაყოფილება. “ლოკომოტივმა” მხოლოდ სადებიუტო მატჩში იმარჯვა, მომდევნო ორ თამაშში კი, მხოლოდ პრემიალურ ქულებს დასჯერდა. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ორი ყველაზე წარჩინებული გუნდის თამაში ქუთაისში დიდ ინტერესს გამოიწვევს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. IV რაუნდი
22 სექტემბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00
აკადემია (თბილისი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
ყოჩები (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
ბათუმი. “ანგისა”. 17:00
ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი)
23 სექტემბერი. კვირა
ქუთაისი. “დინამო”. 17:00
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
1. ლელო 3 3 0 0 109-32 15
2. არმაზი 3 3 0 0 64-29 12
3. არმია 3 2 0 1 68-47 10
4. აია 3 2 0 1 35-30 9
5. ჯიქები 3 2 0 1 44-47 8
6. ლოკომოტივი 3 1 0 2 50-43 6
7. ხარები 3 1 0 2 30-44 5
8. ბათუმი 3 1 0 2 26-60 4
9. ყოჩები 3 0 0 3 50-95 1
10. აკადემია 3 0 0 3 17-66 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია