საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის IV რაუნდის ცენტრალური მატჩი, მართლაც კარგი სანახავი გამოდგა. მოდით, ამ ჯერზე, ტექნიკურ წუნზე ნუ ვისაუბრებთ და უბრალოდ, ის აღვნიშნოთ, რომ ქართული რაგბის ლიდერებმა, ტრიბუნაზე შეკრებილ მაყურებელს ნამდვილი ბრძოლა აჩვენეს.
“ავჭალის” სტადიონზე, დღის მეორე თამაშისთვის ბლომად მაყურებელი შეიკრიბა. გასაკვირი არცაა, რადგან ერთმანეთს, ბოლო დროის წარმატებული ქართული კლუბები ეთამაშებოდნენ. ტრიბუნაზე მოსულ ხალხს შორის ამჯერად არ იყვნენ ჯარის წარმომადგენლები, მაგრამ გამოჩნდნენ “ქართული ოცნების” წევრები, რომლებიც “ლელოს” გულმხურვალედ ქომაგობდნენ, მაგრამ მათმა საყვარელმა გუნდმა ვერ გაძლო და დასკვნით 10 წუთში გატყდა.
თამაში აქტიურად დაიწყო და დაძაბულობამ პირველ ტაიმში რამდენჯერმე გამოიწვია მოედანზე გაწევ-გამოწევა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ანგარიში კი, მე-10 წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმით გახსნა. “არმიამ” მალევე ლელოთი უპასუხა. ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ მანამდე, არმიელთა მხრიდან წინთამაშს ჰქონდა ადგილი, მაგრამ რეფერი გვერდით მსაჯს დაეკითხა, მისგან წესების დარღვევის დასტური ვერ მიიღო და არეულ სიტუაციაში, ირაკლი ჩხიკვაძის ლელოც ჩაითვალა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახვა გამოიყენა. მალე, “არმიას” გუნდის კაპიტანი ლაშა თავართქილაძე დაემტვრა, რამაც მატჩის მსვლელობაზე, ყოველ შემთხვევაში არმიელთა თამაშზე, უარყოფითი გავლენა იქონია.
თამაშის მსვლელობას თუ მივყვებით, ყიასაშვილის ქარის საწინააღმდეგოდ შესრულებულ და აცილებულ ჯარიმას, ათი წუთის განმავლობაში, კობახიძემ ორი ზუსტი დარტმით უპასუხა. თითქოს ყველაფერი “არმიას” კარნახით მიდიოდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს “ლელომ” იფეთქა. მათ ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, მოლით 15 მეტრი დაფარეს, ჩათვლის მოედანში ვერც ბურთის ხაზზე გაშლის შემდეგ შეაღწიეს, მაგრამ ჯარიმის უპირატესობა დაიბრუნეს. 5-მეტრში ბურთი კვლავ გაათამაშეს და რევაზ ბელქანიამ ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა ზუსტად გარდასახა.
“არმიამ” პასუხის გაცემა სცადა, მაგრამ ბურთი შეტევაში დაკარგა, ლაშა ხმალაძემ ფეხით ლექსო გუგავას უპასა, რომელიც თავის ნახევრიდან დაიძრა, ორ მცველს დაუსხლტა და მეორე ლელო მიითვალა. ყიასაშვილი ამჯერადაც ზუსტი იყო. შესვენებამდე დარჩენილ წუთში, ლელოს გატანა ჯერ “ლელოს”, მერე კონტრშეტევაზე “არმიას” შეეძლო, მაგრამ მიზანს ვერავინ უწია და ტაიმიც 13:17 დასრულდა.
მეორე ტაიმი კვლავ “ლელოს” იერიშებით დაიწყო, მაგრამ ჩათვლის მოედნამდე 3-4 მეტრში, ზაალიშვილი აუტში გადაიყვანეს, ხოლო 51-ე წუთზე, ყიასაშვილმა ჯარიმით თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა. ამას ის დაერთო, რომ კობახიძემ ასპროცენტიანი ჯარიმა გააფიუჭა და თითქოს, “არმიას” საქმე ცუდად იყო, მაგრამ... 65-ე და 68-ე წუთებზე, მან და ყიასაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო დასკვნით 10 წუთში, “არმიამ” “ლელოს” შტურმი მოუწყო და ფიზიკურად დატვირთული იერიში, გოგა კაკოვინის მიერ ლელოს გატანით დასრულდა. კობახიძემ გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა, მერე ყიასაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, სულ ბოლოს კი, “ლელოს” მცველებს ალექსანდრე ტუჩაშვილი გაექცათ, რომელსაც კობახიძე მიეხმარა და ალამთან ლელო გაიტანა, გარდასახვაც თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:23.
ცენტრალურ მატჩამდე, “ავჭალაზე” “ყოჩებს” რუსთავის “ხარებმა” სძლია. რუსთაველებმა პირველ 40 წუთში მოახერხეს სერიოზული უპირატესობის მოპოვება და ტაიმი 20:6 მოიგეს. გაბუნიას ორ ჯარიმას მათ, წიკლაურის ორ ჯარიმასთან ერთად, მისივე ორი გარდასახვით უპასუხეს, რომელთაგან პირველი აღაშვილის, ხოლო მეორე, ბებიაშვილის ლელოებს მოჰყვა. მეორე ტაიმი “ყოჩების” აქტიურობით დაიწყო და ჯარიმით ჩამორჩენაც შეამცირეს, მერე სალელოვედაც უტევდნენ, მაგრამ მელიქიშვილმა საკუთარ 22-თან ჩაჭრა გადაცემა და ის 2-3 მეტრში შებოჭეს, მაგრამ ბურთის ჭაავასთვის ამოგდება მოასწრო და ლელოც გავიდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.
55-ე წუთზე “ყოჩებმა” მატჩის გადარჩენის იმედი დაიბრუნა, როდესაც აფციაურმა ლამაზად ჩამოიცილა მეტოქე და ლელო გაიტანა, ხოლო გაბუნიამ გარდასახვა შეასრულა. მალე, მალაღურაძის გარღვევა რუსთაველთა დაჯარიმებით დასრულდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, გაბუნიას ჯარიმა 73-ე წუთზე გაძვრა ძელებსშუა და “ყოჩებმა” შეუტია. ამას “ხარებისგან” გოგიაშვილის სინბინი მოჰყვა, თბილისელებმა კვლავ ლელოზე ითამაშეს და რაქიდან სიორიძემ მიზანსაც უწია, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო და “ყოჩები” მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
დღესვე, “ილიაუნი ჯიქმა” “აკადემია” 39:9 გაანადგურა და პრემიალური ქულაც აიღო, ხოლო “არმაზმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი ბათუმში მოიგო. დაუმარცხებელმა თბილისელებმა მეტოქეს 18:13 აჯობეს, მაგრამ აქამდე რომ პრემია არ აუღიათ, მაინც მეორე ადგილზე რჩებიან. “აია” ქუთაისში თბილისის “ლოკომოტივს” დაუხვდება და “დინამოზე” მისული მაყურებელი საინტერესო ბრძოლას იხილავს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. IV რაუნდი
22 სექტემბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”.
აკადემია (თბილისი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 9:39
თბილისი. “ავჭალა”.
ყოჩები (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 24:27 (6:20) (200 მაყურებელი)
ყოჩები (ძირითადი შემადგენლობა): 15. კვარაცხელია, 14. მახარაშვილი, 13. კობაური, 12. ქუშაშვილი, 11. აბრამალაძე, 10. გაბუნია, 9. ჯაფარიძე; 1. ესაკია, 2. ცუცქირიძე, 3. შენგელია, 4. ბელაშვილი, 5. ტვილდიანი, 6. აფციაური, 7. ცაგარეიშვილი, 8. მალაღურაძე.
2 ლელო: აფციაური, სიორიძე
1 გარდასახვა: გაბუნია
4 ჯარიმა: გაბუნია
ხარები (ძირითადი შემადგენლობა): 15. წიკლაური, 14. მელიქიშვილი, 13. ღამბაშიძე, 12. ღამბარაშვილი, 11. ბებიაშვილი, 10. ჭაავა, 9. ხუციშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. კაკაბაძე, 3. აღაშვილი, 4. ხელია, 5. ქარუხნიშვილი, 6. ქვლივიძე, 7. გოგიაშვილი, 8. მარტიაშვილი.
3 ლელო: აღაშვილი, ბებიაშვილი, ჭაავა
3 გარდასახვა: წიკლაური
2 ჯარიმა: წიკლაური
სინბინი: გოგიაშვილი
ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი) 13:18
თბილისი. “ავჭალა”.
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 30:23 (13:17) (1300 მაყურებელი)
არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ჯიმშელაძე, 12. ჩხიკვაძე, 11. ნუცუბიძე (გოგოლაშვილი 41), 10. ნინიძე, 9. სამხარაძე; 1. კაკოვინი, 2. მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 48), 3. გურგენიძე (ხოსიტაშვილი 48), 4. ბიწაძე, 5. ჩიტაძე (აზალაძე), 6. თხილაიშვილი, 7. თავართქილაძე (სურგულაძე 15), 8. ბუჯიაშვილი.
3 ლელო: ჩხიკვაძე, კაკოვინი, კობახიძე
3 გარდასახვა: კობახიძე
3 ჯარიმა: კობახიძე
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. ანდღულაძე, 12. კოპაძე, 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (ხიდეშელი 54), 2. ბელქანია (კვერნაძე), 3. სუჯაშვილი (ბარბაქაძე 79), 4. ნიკოლაიშვილი (კოლელიშვილი), 5. ქოიავა, 6. დარასელია, 7. სურგულაძე, 8. ჭყოიძე.
2 ლელო: ბელქანია, გუგავა
2 გარდასახვა: ყიასაშვილი
3 ჯარიმა: ყიასაშვილი
1. | ლელო | 4 | 3 | 0 | 1 | 132-62 | 16 |
2. | არმაზი | 4 | 4 | 0 | 0 | 82-42 | 16 |
3. | არმია | 4 | 3 | 0 | 1 | 98-70 | 14 |
4. | ჯიქები | 4 | 3 | 0 | 1 | 83-56 | 13 |
5. | აია | 3 | 2 | 0 | 1 | 35-30 | 9 |
6. | ხარები | 4 | 2 | 0 | 2 | 57-68 | 9 |
7. | ლოკომოტივი | 3 | 1 | 0 | 2 | 50-43 | 9 |
8. | ბათუმი | 4 | 1 | 0 | 3 | 39-78 | 5 |
9. | ყოჩები | 4 | 0 | 0 | 4 | 74-122 | 2 |
10. | აკადემია | 4 | 0 | 0 | 4 | 26-105 | 1 |
23 სექტემბერი. კვირა
ქუთაისი. “დინამო”. 17:00
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია