ამბები

13:52 | 23.09.2012 | ნანახია 1449 - ჯერ

თითქმის უქართველებოდ

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის VI ტურის მატჩებში, 13 ქართველი ლეგიონერიდან მხოლოდ ორმა მიიღო მონაწილეობა, რაც დიდწილად, ტრავმებით იყო გამოწვეული.
ერთადერთი თამაში, რომელშიც ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა “ბორდო”-“მონპელიეს” დაპირისპირება იყო. “მონპელიე” სტუმრად თამაშობდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 23:15.
მიხეილ ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მამუკა გორგოძე ბრძოლაში 46-ე წუთიდან ჩაერთო. გიორგი ჟღენტი ტრავმირებულია.
სტუმრებმა შესვენებამდე, 3 ჯარიმის პასუხად, 2 ლელო გაიტანეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს. “ბორდომ” ჯარიმითვე, წონასწორობა 54-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ ექვს წუთში “მონპელიე” ჯარიმით და ლელოთი დაწინაურდა, დასკვნით ათ წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და რადგან სტუმრებმა 3 უპასუხო ლელო გაიტანეს, პრემიალური ქულაც აიღეს. ახლა “მონპელიეს” 15 ქულა დაუგროვდა და მე-7 ადგილამდე დაწინაურდა.
დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, რომელმაც ამჯერად, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” 33:12 სძლია, ლელოებით 3:0 იმარჯვა და პრემიაც ჩაიწერა.
“ტულონი” 6-დან 6 მოგებით და 27 ქულით ლიდერობს, ხოლო “კასტრი” 15 ქულით მე-6 ადგილზეა.
დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, “გრენობლი” უქართველებოდ 44:20 გაანადგურა, ლელოებით 5:2 იმარჯვა და პრემია მანაც ჩაიწერა. “კლერმონი” 23 ქულით მეორეა.
20 ქულით, მე-3 ადგილზეა ვასილ კაკოვინის, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის “ტულუზა”, რომელმაც სტუმრად 35:6 და პრემიალური ქულის მოპოვებით, დაამარცხა “ბაიონი”.
“პერპინიანთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” - 34:24, ოღონდ ამას ჯარიმებისა და არეკნების ხარჯზე მიაღწია (7 ჯარიმა, 2 არეკნი, 1 ლელო და 1 გარდასახვა) და პრემიალური ქულა ვერ აიღო. სამაგიეროდ, ჯამში 10 ქულა დაუგროვდა და მე-10 ადგილზეა.
ტურის სხვა მატჩებში “აჟენმა” სტუმრად “მონ დე მარსანს” 28:16 სძლია, ხოლო “რასინგ მეტრომ” “ბიარიცს” 13:12 აჯობა. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი უკვე 43-ე წუთზე დაფიქსირდა.
Top 14-ის მომდევნო ტური სამ დღეზეა გაწელილი და 28-29-30 სექტემბერს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10662