ამბები

20:21 | 23.09.2012 | ნანახია 1347 - ჯერ

ორი ქართული ლელო Pro D2-ში

საფრანგეთის მორაგბეთა მე-2 ელიტარული დივიზიონის - Pro D2-ის V ტურში, გატანილი ლელოებით, თავი ორმა ქართველმა ლეგიონერმა გამოიჩინა - ერთის გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო მეორისამ მხოლოდ პრემიალური ქულა აიღო.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “ექს-ან-პროვანსს” მასპინძლობდა და ის 39:28 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ლელო კი, 23-ე წუთზე გაიტანა და მასპინძლები 18:6 დააწინაურა.
“აჟენის” ყოფილი მორაგბისთვის ეს პირველი ლელოა ელიტარულ დივიზიონში. მასპინძლებმა შესვენებამდე 2 ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს, მონაგარი ერთი არეკნით და 4 ჯარიმით გაამდიდრეს და ტაიმი 29:9 მოიგეს.
“ბეზიე” 47-ე წუთზე უკვე 36:12-ს იგებდა, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში მოდუნდა და სულ 11 ქულით იმარჯვა. შეყლაშვილის გუნდისთვის ეს მეორე გამარჯვებაა და 9 ქულით მე-14 ადგილზეა.
მე-2 ქართული ლელო შალვა სუთიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ელიტარულ დივიზიონში თავი პირველად გამოიჩინა და პირველი 5 ქულა ჩაიწერა. მისი და დავით აშვეთიას “მასი”, ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბის” მასპინძლობდა და მხოლოდ პრემიალური ქულის აღება მოახერხა.
მესამეხაზელმა სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში მყოფი აშვეთია კი, 54-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ თეთრაშვილი, მაისურაძე და თოდუა. მეორეხაზელი მაისურაძე 50-ე წუთზე შეცვალეს, პირველხაზელმა თეთრაშვილმა მოედანზე 77 წუთი გაატარა, ხოლო გარემარბი თოდუა სრულად გაისარჯა.
მასპინძლები პირველი ტაიმის მიწურულსა და მე-2 ტაიმის საწყის ოც წუთში ჩავარდნის გამო დამარცხდნენ. მე-20 წუთისთვის, სტუმრები 13:9-ს იგებდნენ, მაგრამ ექვსწუთიან ინტერვალში ორჯერ დაისაჯნენ ყვითელი ბარათით, მასპინძლებმა ორი ზედმეტი მოთამაშით ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით 16:13 დაწინაურდნენ.
“ალბიმ” შესვენებამდე 2 ჯარიმის გატანა მოახერხა და ტაიმი 19:16 მოიგო. მე-2 ტაიმის დებიუტში სტუმრებმა 2 ლელო გაიტანეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს, მერე ჯარიმა შეასრულეს და 34:16 დაწინაურდნენ.
სუთიაშვილმა თავისი ლელო 64-ე წუთზე გაიტანა და ჩამორჩენა შეამცირა, 76-ეზე “მასიმ” კიდევ ერთი ლელო მიითვალა, ბოლოს ჯარიმიდანაც იხეირა და 29:34 დამარცხდა.
“მასის” 9 ქულა დაუგროვდა და მე-13 ადგილზეა, ხოლო “ალბი” 13 ქულით, მე-6 პოზიციაზეა.
გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” “კარკასონს” მასპინძლობდა და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე კაცნაკლული ორჯერ დარჩა, 37:30 იმარჯვა.
ნემსაძემ შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46 წუთი ითამაშა პირველ ხაზში დადუნაშვილმა, ხოლო ჩხაიძე მესამე ხაზში 42-ე წუთიდან შევიდა.
“ტარბმა” ტაიმი 19:15 მოიგო, მაგრამ მე-2 ნახევრის შუაწელს მეტოქეს 3-3 ქულით ორჯერ ჩამორჩა და 67-ე წუთამდე აგებდა. მერე მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს, ბოლოს ჯარიმაც გაიტანეს და 7 ქულით იმარჯვეს.
“ტარბს” 15 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
ამდენივე ქულით მე-3 ადგილზეა გურამ კავთიძის “ლიონი”, რომელმაც “ლა როშელს” 22:15 სძლია. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა პირველხაზელმა მოედანზე 65 წუთი გაატარა.
49 წუთი ითამაშა “დაქსის” შემადგენლობაში პირველხაზელმა ტარიელ რატიანიძემ, რომლის გუნდიც სტუმრად “ნარბონთან” 19:22 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. არადა, “დაქსი” შესვენებაზე ათქულიანი უპირატესობით გავიდა (6:16), მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა და ახლა 2 ქულით ბოლო ადგილზეა.
ქართული დერბი შედგა “ორიაკისა” და “ბრივის” დაპირისპირებაში. მასპინძელ “ორიაკის” სასტარტო შემადგენლობაში იყო სამივე ქართველი ლეგიონერი - კარლენ ასეიშვილი, ლევან დათუნაშვილი და გიორგი ნაცარაშვილი. ასეიშვილმა და დათუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ნაცარაშვილი 48-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ დასკვნითი ორი წუთით მოედანზე დაბრუნება მოუწია.
“ბრივის” სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ხინჩაგიშვილი, რომელიც 70-ე წუთზე გოდერძი შველიძემ შეცვალა, ხოლო ირაკლი ნატრიაშვილი შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა, მაგრამ მერე ხელი იტკინა 78-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
მატჩის დებიუტში, დათუნაშვილმა რაქიდან გამოტანილ ბურთს ფეხი ისე დაჰკრა, რომ ფულბეკსაც შეშურდება და ის საკუთარი 22-იდან მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, სადაც “ბრივი” დაჯარიმდა, მაგრამ მასპინძლებმა მისი გატანა ვერ შეძლეს.
ანგარიში, ჯარიმით, “ბრივმა” გახსნა და ხუთ წუთში არეკნით უპირატესობა გაზარდა. “ორიაკმა” 40 და 60 (!) მეტრიდან გატანილი ჯარიმებით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 29-ე წუთზე შესრულებული დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. 33-ე წუთზე, დათუნაშვილმა დერეფანში მოიგო ბურთი და იერიში ლელოთი დასრულდა, ტაიმი კი, “ორიაკმა” 17:6 მოიგო.
“ბრივმა” გაიბრძოლა და 2 ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ 56-ე წუთზე მასპინძლებისგან ლამაზი ლელო მიიღო და 12 ქულით ჩამორჩა. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ბოლოს კი, “ბრივმა” ლელოს გატანა შეძლო, 20:27 დამარცხდა და ერთი პრემიალური ქულა აიღო.
“ორიაკს” ქართველთა გუნდებიდან ყველაზე კარგი შედეგი აქვს და 16 ქულით, მე-2 ადგილზეა, ხოლო “ბრივი” 11 ქულით, მე-10 პოზიციაზეა.
ახლა Pro D2-ში ერთკვირიანი შესვენება გამოცხადდება და ის 6-7 ოქტომბერს განახლდება.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10765