საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის IV რაუნდის ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,აიამ’’ თბილისის ,,ლოკომოტივს’’ უმასპინძლა. ამ გუნდების დაპირისპირება, საბჭოთა კავშირის პირველობიდან მოყოლებული, ყოველთვის პრინციპულობით გამოირჩეოდა. ასე იყო ამჯერადაც. მარადიული მეტოქეების დაპირისპირებამ უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და რაგბისათვის ერთობ უჩვეულოდ - ყაიმით დასრულდა.
შეხვედრის დღეს ქუთაისში გადაუღებლად წვიმდა. ატალახებულ მინდორზე მორაგბეები ფეხს ვერ იმაგრებდნენ. სწრაფი მოძრაობა უჭირდათ და ტექნიკური წუნიც მრავლად შეინიშნებოდა. ძირითადი ბრძოლა მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, სადაც მეტოქენი ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საწყის წუთებში უფრო ყოჩაღად ქუთაისლები გამოიყურებოდნენ და მალე, სინაურიძემ საჯარიმო დარტყმით თავისიანები დააწინაურა - 3:0.
ამის შემდეგ, „რკინიგზელთა“ უპირატესობა გამოიკვეთა. მათ მეტოქეს რამდენჯერმე მძლავრად შეუტიეს და კავთიძის ზედიზედ ორი შედეგიანი საჯარიმოს შემდეგ, წინაც გავიდნენ - 3:6. ამას, წიკლაურის შორეული საჯარიმოც დაემატა და ანგარიში 3:9 გახდა.
როგორც აღმოჩნდა, „რკინიგზელები“ აქცენტს ორ დამრტყმელზე აკეთებდნენ - ახლო მანძილიდან სტანდარტულებს კავთიძე ასრულებდა, ხოლო მოედნის ცენტრალურ ნაწილში დანიშნულ საჯარიმოებს წიკლაური ურტყამდა.
ამის შემდეგ მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ. ისინი მეტოქეს მარჯვენა ფრთიდან მიეძალნენ, საიდანაც მოთამაშე-მრწვთნელმა, ბესიკ ხამაშურიძემ ბურთი საპირისპირო ფლანგზე აბრამიძეს გადაუკიდა. ქუთათურთა გარე სამმეოთხედელმა თავის ვიზავის სისხარტეში აჯობა და ბურთი სტუმართა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ,,აიამ’’ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 8:9.
თბილისლებმა ერთიც გაიბრძოლეს და კავთიძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში კიდევ ერთხელ გაზარდა - 8:12. თუმცა, პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთებში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო და სინაურიძის მიერ ზედიზედ ორჯერ ზუსტად შესრულებული საჯარიმოების შედეგად, პირველი ნახევრის შედეგიც დაფიქსირდა - 14:12.
შეხვედრის მე-2 ტაიმიც იმავე სცენარით გაგრძელდა. ხამაშურიძის მიძალების შედეგად, სტუმრებმა საკუთარი ლელოს წინ წესი დაარღვიეს და ქუთათურთა მგეზავს მისი სათავისოდ გამოყენება არ გასჭირვებია - 17:12.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ატალახებულ მინდორზე კომბინაციური თამაში ჭირდა და მატჩის საბოლოო შედეგს დამრტყმელების სიზუსტე განაპირობებდა. „რკინიგზელებს“ ამ კომპონენტში თავი არ შეურცხვენიათ. 53-ე და 58-ე წუთებზე კავთიძემ და წიკლაურმა თბილისელები კიდევ ერთხელ დააწინაურეს - 17:18.
შეხვედრის უკანასკნელი წუთები კალეიდოსკოპური სისწრაფით წარიმართა. იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, ქუთათურებმა მძლავრად შეუტიეს. თანაგუნდელთა ძალისხმევა ყურაშვილმა მოედნის კიდესთან ლელოს აღებით დაასრულა. რიონისპირელებს გარდასახვა ამჯერადაც გაუცუდდათ - 22:18.
თბილისელებს უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ და ისინი მეტოქეს მთელი გუნდით მიეძალნენ. ქუთაისლები საკუთარ ლელოსთან შერკინებაში დაჯარიმდნენ, თუმცა, სტუმრებმა კარში დარტყმას კვლავ შერკინება არჩიეს და მძლავრი მიწოლით, მეტოქე ჩათვლის მოედანში შეათრიეს, ლელო კი, მაისურაძემ მიითვალა. მასპინძელთაგან განსხვავებით, კავთიძემ გარდასახვა ზუსტად გამოიყენა - 22:25.
მოედნის ცენტრიდან თამაშის განახლებისთანავე, სტუმრები დაჯარიმდნენ და სინაურიძემ ძალიან რთული პოზიციიდან თანაფარდობის აღდგენა მოახერხა - 25:25.
როგორც აღმოჩნდა, შეხვედრის ბოლოსთვის „რკინიგზელებს“ მეტი ძალა შერჩენოდათ. ისინი ერთხელ კიდევ მიეძალნენ და უკანასკნელ წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. წიკლაურს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მას ნერვებმა უმტყუნა. მისმა დარტყმულმა ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. ამას მსაჯის საფინალო სასტვენიც დაერთო, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ფრე დააფიქსირა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. IV რაუნდი.
23 სექტემბერი. კვირა.
ქუთაისი. ,,დინამო“ 17:00 საათი. 500 მაყურებელი.
,,აია“ (ქუთაისი) - ,,ლოკომოტივი“ (თბილისი) 25:25 (14:12)
,,აია“: 15. ხამაშურიძე, 14. აბრამიძე, 13. ფრუიძე, 12. კვერნაძე, 11. ძნელაძე, 10. სინაურიძე, 9. გოგია (როხვაძე), 1. ულუმბელაშვილი (არაბიძე), 2. მატკავა, 3. წაქაძე 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი, 6. რევიშვილი, 7. დგებუაძე (შაშიაშვილი), 8. ყურაშვილი.
2 ლელო: აბრამიძე, ყურაშვილი;
5 ჯარიმა: სინაურიძე (5);
მწვრთნელი : კობა გიორგაძე
,,ლოკომოტივი“: 15. წიკლაური, 14. ჟამუტაშვილი, 13. ჭურღულია, 12. ქავთარაძე (ბიწაძე), 11. ხუციშვილი, 10. კავთიძე, 9. ღვინჯილია, 1. გასვიანი (ხულოშვილი), 2. გენებაშვილი, 3. ელოშვილი, 4. ტუჩაშვილი (გუნიავა), 5. გეგია (კორკოტაძე), 6. ბერიშვილი, 7. ჩიტიძე, 8. მაისურაძე.
ლელო: მაისურაძე
გარდასახვა: კავთიძე
6 ჯარიმა: კავთიძე (4), წიკლაური (2);
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი
მთ. მსაჯი: უჩა ნარიმანიძე
თ/მ: სულხან ჩიხლაძე, ილია მჟავანაძე
1 |
ლელო თბილისი |
4 | 3 | 0 | 1 |
3 |
1 | 0 | 132:062 | +70 | 16 |
2 |
არმაზი თბილისი |
4 |
4 |
0 | 0 | 0 | 0 | 0 | 082:042 | +40 | 16 |
3 |
არმია თბილისი |
4 |
3 |
0 |
1 |
1 |
1 |
0 | 098:070 | +28 | 14 |
4 |
ილიაუნი ჯიქი თბილისი |
4 |
3 |
0 | 1 | 1 | 0 | 0 | 083:056 | +27 |
13 |
5 |
აია ქუთაისი |
4 |
2 |
1 |
1 |
0 |
1 |
0 | 058:053 | +5 | 11 |
6 |
ხარები რუსთავი |
4 |
2 |
0 | 2 | 0 | 1 | 0 | 057:068 | -11 | 9 |
7 |
ლოკომოტივი თბილისი |
4 | 1 | 1 |
2 |
0 | 2 | 0 | 073:066 | +7 | 8 |
8 |
ბათუმი ბათუმი |
4 | 1 | 0 | 3 | 0 | 1 | 0 | 039:078 | -39 | 5 |
9 |
ყოჩები თბილისი |
4 | 0 | 0 | 4 | 0 |
2 |
0 | 074:122 | -48 | 2 |
10 |
აკადემია თბილისი |
4 | 0 | 0 |
4 |
0 | 1 | 0 | 026:105 | -79 | 1 |
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია