ამბები

19:34 | 24.09.2012 | ნანახია 1589 - ჯერ

მალაღურაძისა და კვირიკაშვილის ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა

საფრანგეთის ნახევრად პროფესიონალურ დივიზიონ “ფედერალ 1”-ში ქართველმა ლეგიონერებმა ქულები მხოლოდ IV ჯგუფში აიღეს, მაგრამ ლაშა მალაღურაძისა და მერაბ კვირიკაშვილის გარჯა მათი გუნდების გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერი” “ოლორონს” ეწვია და 6:15 დამარცხდა. მალაღურაძემ პირველად ითამაშა ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში და მისი მაისურით პირველი ქულებიც ჩაიწერა. მწვრთნელმა ლაშა მგეზავად (10 ნომერი) დააყენა და სრულად ათამაშა. ქართველმა ლეგიონერმა ჯარიმები მე-16 და 32-ე წუთებზე გაიტანა, წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 6:6 დაასრულა, მაგრამ მისმა გუნდმა მეორე ტაიმში კიდევ 3 უპასუხო ჯარიმა გაუშვა. სასტარტო შემადგენლობაში იყო მაისურაძეც, რომელიც მწვრთნელმა 51-ე წუთზე შეცვალა.
მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიენი” ასევე სტუმრად, “ლანემეზანს” ეთამაშა და თამაში 19:33 დათმო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი, რომელიც სრულად გაისაჯრა, გუნდს 14 ქულით შეეწია (4 ჯარიმა, 1 გარდასახვა). სასტარტო შემადგენლობაში იყო მჭედლიშვილიც, ვინც მოედანზე 73 წუთი გაატარა. კვირიკაშვილმა ჯარიმები 24-ე, 34-ე, 37-ე და 46-ე წუთებზე გაიტანა, ხოლო გარდასახვა 68-ე წუთზე შესასრულა.
I ჯგუფში გიორგი ჯაშიტაშვილის, რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლუსონი” “ბობინისთან” სტუმრად დამარცხდა - 11:31. შუამარბმა გიგაურმა და პირველხაზელმა ყუფარაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყო. ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” “ლილს” უქართველოდ დაუხვდა, 22:28 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალური ქულა ჩაიწერა აქტივში.
გიორგი სულაშვილის გარეშე დაუხვდა “სტრასბური” ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონს” და 9:25 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო კოპალიანი, რომელიც 55-ე წუთზე მელიქიძემ შეცვალა. გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენი” “შალონს” ფრედ ეთამაშა - 19:19. გაბელია თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ დაშავდა და ორ წუთში შესაცვლელი გახდა, ხოლო ჟღენტი განაცხადში არ იყო.
II ჯგუფში ირაკლი ნინიძის “რომანი” “ბურგუენს” დაუხვდა და მხოლოდ პრემიალური ქულა ჩაიწერა - 28:34. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა პირველხაზელმა მოედანზე 52 წუთი გაატარა. მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა, ოღონდ სტუმრად, თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობენა”, რომელიც “ბლანიაკთან” 17:19 დამარცხდა. ურჯუკაშვილმა შუამარბად სრულად ითამაშა, ხოლო პირველხაზელი გელანტია თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.
გიორგი კუთარაშვილის “შატორენარმა” “ლავორს” უმასპინძლა, 30:12 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, რადგან სამი უპასუხო ლელო გაიტანა. ქართველმა კვაჭმა შეუცვლელად ითამაშა. “როდეზის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა შუამარბმა დავით კაჭარავამ, ხოლო მისმა გუნდმა “ლა სეინი” 22:19 გატეხა.
III ჯგუფში ნიკოლოზ მაღალდაძის “მარმანდი” “ვანთან” სტუმრად 11:35 დამარცხდა. ქართველმა კვაჭმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 64 წუთი გაატარა. მისი შეცვლის შემდეგ სტუმრებმა ორი ლელო გაუშვეს. “ანჟერს” უმასპინძლა და 29:9 დაამარცხა თედო ზიბზიბაძის “პერიგომ”. ქართველი შუამარბად სრულად გაისარჯა. “ლანგონთან” სტუმრად 31:17 იმარჯვა ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერმა”. გუჯარაიძემ შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა. ერთ კვირაში “ფედერალ 1”-ში III ტურის თამაშები გაიმართება.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082793