ამბები

19:39 | 25.09.2012 | ნანახია 4985 - ჯერ

“ბორჯღალოსანი” და “უკრაინელი” მალაღურაძე

გასული სარაგბო სეზონის მიწურულს, 9 ივნისს, საქართველოში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა - ძმებმა სხვადასხვა ნაკრების მაისურით ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს. ეს არ იყო მხოლოდ ძმების - ლაშა და ჯაბა მალაღურაძეებს დაპირისპირება, რადგან ორივე მათგანს მოწინააღმდეგე გუნდში უამრავი მეგობარი ჰყავს და ეს მათი მეგობრების თამაშიც იყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის “ფედერალ 1”-ის უკანახაზელი ლაშა მალაღურაძე 26 წლისაა. თბილისის “ყოჩების” აღზრდილი მგეზავი და შუამარბი სამი წლის განმავლობაში უკრაინული “კრედოს” ღირსებას იცავდა და საფრანგეთს 2009 წელს მიაშურა. შერკინების შემკვრელი ჯაბა მალაღურაძე მასზე ორი წლით უფროსია. მან დიდი ხანი გაატარა ძმის გვერდით “კრედოში” და მშობლიურ “ყოჩებს” დაახლოებით ორი წლის წინ დაუბრუნდა. “ყოჩების” მენეჯერი კი მათი მამა ნუგზარ მალაღურაძე, რომელიც ახლაც ამ კლუბში რჩება და შვილების ბავშვობის მწვრთნელია. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ “უფროსი მალაღურას” სახელს უკავშირდება საქართველოს ეროვნული გუნდის რამდენიმე წევრის პირველი ნაბიჯები რაგბიში. მისი აღზრდილები ახლაც არიან საქართველოში და სხვა ქვეყნების ნაკრებში.
გთავაზობთ ინტერვიუს მალაღურაძეების სარაგბო ოჯახისა, რომელიც საქართველო-უკრაინის დაპირისპირებას, ასევე, ქართული და უკრაინული რაგბის წარსულს და სამომავლო პერსპექტივებს ეხება.


ლაშა მალაღურაძე: “ჰეიგმა კარგად იცის, რაზე უნდა გვამუშაოს”
-    ლაშა, უკრაინასთან თამაშამდე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდით და ალბათ, ამას ძალიან განიცდიდით. რა შეგრძნება იყო, ამდენი ხნის შესვენების შემდეგ მოედანზე გასვლა და მთელი 80 წუთის თამაში?

-    ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში, თანაც სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა, ყველა მორაგბისთვის ძალიან დიდი პატივია. ამას ისიც დაემატა, რომ პირველად ვითამაშე ჩემი ძმის წინააღმდეგ და ორმაგად დადებითი შეგრძნება მქონდა.
-    ალბათ, განსაკუთრებულად ემზადებოდი უფროსი ძმის წინააღმდეგ სათამაშოდ...
-    ძმის წინააღმდეგ მოედანზე პირველად გავედი, მაგრამ განსხვავებულად ნამდვილად არ ვემზადებოდი. ეს ცხოვრებაა, რაგბია, მე საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ, ის უკრინისაში და დაპირისპირება მხოლოდ მოედანზე გვქონდა.
-    ხომ არ გაგიჭირდა ძმის და მეგობრების წინააღმდეგ თამაში?
-    არანაირი გაჭირვება. ეს სპორტია, სადაც მოედანზე უნდა გახვიდე და შენი გუნდისთვის სრულად დაიხარჯო. არა აქვს მნიშვნელობა, შენს წინააღმდეგ ძმა თამაშობს, მეგობარი, თუ ჩვეულებრივი მოწინააღმდეგე. თუმცა, რაღაც მომენტები მაინც არის.
-    მაინც, რა მომენტებია, ძმას ბოჭვისას უფრთხილდებოდი?
-    არა, არა, ყველაფერს მთელი ძალით ვაკეთებდი. მსიამოვნებდა ძმის წინააღმდეგ თამაში, რადგან რაგბი ისეთი სპორტია, რომ მისგან სიამოვნებას იღებ. უკრაინის ნაკრების წევრების უმრავლესობას პირადად ვიცნობ და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ სათამაშო სიტუაციების გარეთ.
-    რას გეუბნებოდა თამაშამდე ჯაბა, ხომ არ გემუქრებოდა?
-    პირიქით, მამხნევებდა და წარმატებას მისურვებდა. იგივეს ვაკეთებდი მეც.
-    თავის დროზე თუ გქონდა შემოთავაზება, რომ უკრაინის ნაკრებში გეთამაშა?
-    არა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ამის სურვილი არ მქონდა. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრების მაისურის მორგების იმედს არ ვკარგავდი. უკრაინაში კიდევ დიდი ხნით რომ დავრჩენილიყავი, მერე ალბათ ნაკრებშიც მიმიწვევდნენ.
-    რას უსურვებ ჯაბას და უკრაინის ნაკრებს?
-    წარმატებულ თამაშს და ერთა თასზე დაბრუნებას. მომავალშიც დიდი სიმოვნებით ვითამაშებ ჩემი ძმის წინააღმდეგ.
-    ადრე, ტიმ ლეინის დროს, როდესაც ეროვნულ გუნდში თქვენი დებიუტი შედგა, 10 ნომრად თამაშობდით, ახლა შუამარბი იყავით. სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?
-    10 ნომერზე თამაში უფრო კომფორტულია, მაგრამ შარშან, როდესაც “ბეზიეში” ვთამაშობდი, თითქმის სულ 12 ნომერი ვიყავი და ჩემთვის არც ეს პოზიციაა უცხო.
-    ლეინის დროს მუდამ სასტარტო შემადგენლობაში იყავით, მერე რატომ ვეღარ ხვდებოდით ნაკრებში?
-    ალბათ, არ ვიმსახურებდი. ეტყობა, ვერ ვიყავი ისეთ ფორმაში, როგორსაც მწვრთნელები ითხოვდნენ, ვერ ვასრულებდი დავალებებს. ყველას თავისი შეხედულება აქვს თამაშზე და შესაძლოა, მათ სქემაში ვერ ვჯდებოდი.
-    საქართველოს ნაკრებში სამი მწვრთნელი გამოიცვალეთ - ტიმ ლეინი, რომელმაც ეროვნულ გუნდში მიგიწვიათ, რიჩი დიქსონი, ვინაც მსოფლიო თასზე წაგიყვანათ, მაგრამ მანამდეც და იქაც ცოტა სათამაშო დრო მოგცათ, და ახლა მილტონ ჰეიგი, ვისთანაც თავის სრულფასოვნად გამოჩენის შანსი ახლაღა მიიღეთ...
-    ჰეიგმა ძალიან კარგად იცის, რაზე უნდა გვამუშაოს. დასახვეწი გვაქვს ხელით თამაშის ტექნიკა და უმეტესად ამ კომპონენტზე გვავარჯიშებს. შეკრიბა კარგი სამწვრთნელო შტაბი და ძირითადად ნაკლის გამოსწორებაზე ვმუშაობთ.
-    შევძლებთ ამ ნაკლის ბოლომდე აღმოფხვრას და მაღალი დონის რაგბის თამაშს?
-    ბევრი ვარჯიშით აუცილებლად შევძლებთ. ერთ და ორ დღეში თამაშის სტილის შეცვლა არ გამოდის. დროა საჭირო და ყველაფერი შესაძლებელია. პოტენციალი გვაქვს, ახალგაზრდა, კარგი ბიჭებიც გამოჩნდნენ და უფრო გახსნილ თამაშს ვითამაშებთ.
-    მოედნის ცენტრში მერაბ შარიქაძესთან ერთად როგორ გრძნობთ თავს?
-    მშვენივრად. მერაბი ძალიან კარგი ბიჭია და აუცილებლად ითამაშებს დიდ რაგბს.
-    საქართველოში დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობ?
-    არა, ამაზე ჯერ არ დავფიქრებულვარ. საფრანგეთში მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიმიღწევია. ისე, არავინ იცის, რა იქნება მომავალში. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, “ყოჩები” წელგამართული კლუბი იყოს და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში იქ მეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ამ კლუბს ფინანსურად ძალიან უჭირს.

ჯაბა მალაღურაძე: “ძმის წინააღმდეგ თამაში მხოლოდ დადებითი ემოცია იყო”
-    ჯაბა, როგორი შეგრძნებაა, როცა ქართველი კაცი, თამაშის წინ, დგახარ მოწინააღმდეგე გუნდის რიგებში და გესმის საქართველოს ჰიმნი?

-    ზუსტად ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორიც აქვს ყველა ქართველს საქართველოს ჰიმნის მოსმენისას. რაც შეეხება სხვა ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაშს, უკვე გავიარე ის პერიოდი, როდესაც ზედმეტად ვნერვიულობდი. შესაძლოა, ნერვიულობა გამოიწვიოს იმან, რომ ცუდად ვითამაშო, მოუმზადებელი ვიყო ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად. და როდესაც უკვე მომზადებული ვარ კონკრეტული თამაშისთვის, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მოწინააღმდეგე, უბრალოდ ვცდილობ, ვითამაშო ჩემი თამაში.
-    ანუ, არანაირი ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხი არ გქონდა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას?
-    პირიქით, ვიცოდი, რომ მოლოდინი იყო დიდი, როგორც ოჯახის წევრებისგან, ასევე მეგობრებისგან, რომლებიც მრავლად მყავს საქართველოში და მათ შორის ქვეყნის ნაკრებშიც. მინდოდა მეთამაშა უკეთ, ვიდრე ოდესმე, რათა დადებითი ემოცია გამომეწვია ყველაში.
-    გაორმაგებული ძალით ითამაშე?
-    მოდი, ასე ვთქვათ: უფრო მეტი პასუხისმგებლობით და მოტივაციით მოვეკიდე საქმეს.
-    აქამდე ასე იყო - შენ და ლაშა ყოველთვის ერთ გუნდში იყავით ხოლმე. პირველი შემთხვევა იყო, როცა ძმის წინააღმდეგ ითამაშე...
-    ემოციები იყო დიდი, ოღონდ დადებითი. მიხაროდა, რომ ასეთი საშუალება მომეცა. წელს უკრაინა ერთა თასიდან გავარდა, შემდეგი შანსი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გვექნება და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ იმ დროს რაგბ საერთოდ აღარც ვთამაშობდე. ლაშას გარდა, მეგობრების წინააღმდეგაც ვთამაშობდი და ვცდილობდი, პირადად მე მეჩვენებინა კარგი თამაში. უშუალოდ თამაშის დროს, ყველა ემოცია გვერდზე გადავდე და მხოლოდ საკუთარი და გუნდის გარჯაზე ვიყავი გადართული.
-    რამდენი ხანია, რაც უკრაინის ნაკრებში თამაშობ?
-    მეხუთე წელიწადი დაიწყო. 2007 წლიდან ვარ უკრაინის ნაკრებში და მხოლოდ სამი თამაში მაქვს გამოტოვებული ტრავმის გამო. დანარჩენ შემთხვევებში 7-კაცასა თუ 15-კაცაში, მუდამ მოედანზე ვიყავი.
-    7-კაცაში თამაშისას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ბევრჯერ მოგიწევდა გამოსვლა...
-    კი და პირადად მე რომ ვთამაშობდი, ოთხჯერ მოვუგეთ კიდეც საქართველოს ნაკრებს.
-    ხუთი წლის წინ, როდესაც უკრაინის ნაკრებში დაიწყეთ თამაში, 22-23 წლის იყავით. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და რატომ არ დაელოდეთ საქართველოს ნაკრებისგან შემოთავაზებას?
-    უკრაინის ნაკრებში თამაშით ვიღებ იმ საჭირო დოზას, რაც მჭირდება. მართალია, ამ გუნდთან ერთად მსოფლიო თასზე ვერ ვითამაშებ, მაგრამ საერთაშორისო შეხვედრები მაინც სხვაა. უკრაინის ნაკრების მეშვეობით ადვილი გზა ავირჩიე იმისთვის, რომ საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობით ის მიმეღო, რაც რაგბში ყველაზე დიდი სიამოვნების მომტანია.


აქ საუბარში ლაშას და ჯაბას მამა, უფროსი “მალაღურა”, ნუგზარ მალაღურაძე ჩაერთო: “ამ კითხვაზე მე უკეთ გაგცემთ პასუხს. ჯაბა, ისევე, როგორც ყველა ნიჭიერი ადამიანი, არის ზარმაცი. ის ყოველთვის იმდენს ვარჯიშობს, რამდენიც იმ მომენტშია საჭირო. როცა რაღაც მიზანს დაისახავს, იმას აღწევს. ჯაბა დიდი მოვარჯიშე არაა. მას შეეძლო, საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ ცოტა მეტი უნდა ევარჯიშა. მე, როგორც მამა და ორივე შვილის მწვრთნელი, თამამად ვიტყვი, რომ ჯაბას ლაშაზე მეტად ესმის რაგბი და უფრო ნიჭიერია, მაგრამ ამ ნიჭს და ცოდნას გამოყენება, ვარჯიში ჭირდებოდა. ჯაბამ ბრწყინვალედ იცის თეორიულად რაგბი, პრაქტიკულადაც, მაგრამ მხოლოდ იმდენს ვარჯიშობდა, რამდენიც იმ მომენტში იყო საჭირო.
მთლად ბოლომდე ჯაბას ვერ გავაკრიტიკებ, მას ტრავმებმაც შეუშალა ხელი. ორივე მუხლზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და მისიც მესმის. როცა შედიხარ ფორმაში, მერე იღებ ტრავმას, 3-4 თვე გადიხარ რეაბილიტაციას, იწყებ ვარჯიშს და ფორმის პიკთან მისული, ისევ იღებ ტრავმას, ძნელია, გული არ აგიცრუვდეს. გაოცებული ვარ იმით, რომ რაგბის თამაშს თავი არ დაანება. ბევრი მის ადგილას მოედანზე საერთოდ აღარ გავიდოდა”.
-    სულ სხვა განწყობით გადიხართ სანაკრებო და საკლუბო თამაშებზე?
ჯაბა მალაღურაძე: - რა თქმა უნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტექნიკურ და ტაქტიკურ მხარეს, როცა ნაკრების შემადგენლობაში ხარ, მოედანზე გადიხარ, როგორც ერთ-ერთი ქვეყნის 15 გამორჩეულ სპორტსმენთაგან, უკვე ლიდერი ხარ ამ ქვეყნის. ფსიქოლოგიურად უკვე ესაა დიდი ნაბიჯი. სანაკრებო დონე საკლუბოსგან ბევრად განსხვავდება.
-    ყველა ველოდით, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას დიდი სხვაობით დაამარცხებდა. უკრაინის ნაკრებმა ითამაშა ძალიან კარგად თუ საქართველოსამ ცუდად, ტაბლოზე მხოლოდ 33:3 რომ იყო?
-    უკრაინის ნაკრები ამ თამაშამდეც უკვე გავარდნილი იყო “ბ” დივიზიონში. ჩემი აზრით, ჩვენ იმ ლიგაზე მაღლა და “ერთა თასზე” ოდნავ დაბლა ვართ, სადღაც შუაში. აქ ადგილის შესანარჩუნებლად მეტი მომზადება გვმართებს. კონკრეტულად ამ თამაშის ხარისხი ძალიან დაბალი იყო, ორივე გუნდი უამრავ შეცდომას უშვებდა, განსაკუთრებით, საქართველოს ნაკრები. არც უკრაინის ნაკრებს უჩვენებია თავისი საუკეთესო რაგბი. საუკეთესო თამაში პორტუგალიასთან გვქონდა, სადაც შეტევაშიც და დაცვაშიც ვდომინირებდით. ამასთან, შეგვეცვალა მთავარი მწვრთნელი და ზაზა ლეჟავას ხელში ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ერთა თასი წელს რომ დაწყებულიყო, დიდი შანსია, ასე იოლად არ გავვარდნილიყავით.
-    საბჭოთა კავშირის ეპოქაში, უკრაინული გუნდები კარგ რაგბს თამაშობდნენ, მაგრამ მერე მათმა ნაკრებმა ვერ შეინარჩუნა ეს პოზიციები. რა მოხდა უკრაინულ რაგბში?
-    ძალიან დიდი წყვეტა მოხდა. საქართველოში 90-იან წლებშიც კი, შესაძლოა, ნელი ტემპით, მაგრამ რაგბი ვითარდებოდა. უკრაინაში ყველაფერი პირიქით მოხდა. კიევის “ავიატორი” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო, მაგრამ ახლა იქ უმაღლესი ლიგის გუნდი აღარ არის.
-    თავის დროზე, როგორ აღმოჩნდით თქვენ და ლაშა ოდესის “კრედო 63”-ში?
-    მაშინ “კრედოს” გია ჭუმბურიძე ავარჯიშებდა და 10 ნომერი ჭირდებოდათ. იქ პირველად ჩემი ძმა წავიდა. ამ პერიოდისთვის ოდესაში უკვე მრავლად იყვნენ ქართველები. მაშინ მე საფრანგეთში ვთამაშობდი, ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული და უნდა დავბრუნებულიყავი ესპუარებში სათამაშოდ. მე და ლაშა ერთად უნდა წავსულიყავით იქ, მაგრამ მისმა საბუთებმა დაიგვიანა. რადგან მარტო არ მინდოდა საფრანგეთში წასვლა, გადავწყვიტე, ჩემს ძმასთან ერთად ერთი სეზონი უკრაინაში მეთამაშა. მერე ისე მოხდა, რომ ლაშა წავიდა საფრანგეთში, მე კი, უკრაინაში დავრჩი.

ნუგზარ მალაღურაძე: “ვინც უტევდა, იმის მხარეს ვიყავი”
ნუგზარ მალაღურაძე:
- უკრაინის მსგავსი რამ რუსეთსაც დაემართა. საბჭოთა კავშირის დროს, მოსკოვური გუნდები იმ დროისთვის პროგრესულ რაგბს თამაშობდნენ, მაგრამ როცა ცენტრი ციმბირში გადავიდა, ყველაფერი აირია. იგივე მოხდა უკრაინაშიც. რაგბი ინტელექტუალური თამაშია და მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე ინტელექტუალი მოთამაშე იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში განვითარდეს სტუდენტური რაგბი. საქართველოში სპორტის ეს სახეობა სწორედ სტუდენტებმა განავითარეს.
-    როგორც მწვრთნელი და მამა, როგორ დაახასიათებთ საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების მალაღურაძეებს?
-    ჯაბაზე უკვე გითხარით და დავამატებ, რომ როგორც მოყვარული, ის უძლიერესი მორაგბეა, რაგბის მთელი ხიბლი კი, სწორედ მის მოყვარულობაშია. ჯაბა სიამოვნებას იღებს რაგბისგან და პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს. ერთის მხრივ, კარგია, პროფესიონალიზმი რომ შემოვიდა, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ თავისი სულით, ეს სპორტი სწორედაც რომ სამოყვარულოა. რაც შეეხება ლაშას, ის ჯაბასავით მიზანდასახულია. მათ ჩემგან არასდროს ჰქონიათ პრივილეგია. თუ გუნდში ორი ერთი დონის მოთამაშე მყავდა, მაშინ ესენი აუცილებლად სკამზე იჯდნენ და ბევრი უნდა ეშრომათ, მოედანზე რომ შემეშვა. ლაშას თამაშით ამ ეტაპზე უკმაყოფილო ვარ. ადრე უფრო ინიციატივიანი იყო, თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და მიზანსაც აღწევდა. თავად ამბობს, რომ მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც მწვრთნელი ეუბნება, მაგრამ მაინც მგონია, რომ სჯობს მეტი ითამაშოს. იყო თამაშები, როდესაც ვუყურებდი და 10 ნომერი თამაშს აფუჭებდა - როგორც თვითონ ამბობდა, მხოლოდ მწვრთნელის დავალებას ასრულებდა და თამაშს არ შლიდა. როგორც მამა, ამჟამად მისით უკმაყოფილო ვარ. ის არაა ტანით პატარა და კონტაქტში რომ შევიდეს, ბურთს არ დაკარგავს.
-    უკრაინასთან მატჩში ვის გულშემატკივრობდით? ლაშას თუ ჯაბას?
-    ორივეს, ვინც უტევდა, იმის მხარეს ვიყავი. საქართველოს ნაკრებს ნაკლებად გამოსდიოდა შეტევა, მაგრამ მე თვითონაც მწვრთნელი ვიყავი და კარგად მესმის, რომ ძნელია გუნდის თამაშის სტილის უცბად შეცვლა. კარგია, გახსნილ თამაშს რომ ვცდილობთ, მაგრამ მეტოქეს, მცველებს რაქში თუ არ შეუქმენი პრობლემები, ბურთის გაშლას აზრი არა აქვს. თუმცა, რაქი სწრაფად უნდა იწმინდებოდეს, თორემ იქ თუ დიდხანს შეყოვნდა ბურთი, მერე მცველები თავისუფლად ასწრებენ ცარიელი ზონების შევსებას.
-    თქვენი აღზრდილი მორაგბეები სხვა ქვეყნის ნაკრებებშიც თამაშობენ...
-    ვახტანგ ფაილოძე ჩეხეთის ნაკრების 9 ნომერია. მიმაჩნია, რომ თავის დროზე მას მწვრთნელებმა არ მიაქციეს სათანადო ყურადღება და საქართველომ კარგი 9 ნომერი დაკარგა. მან ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა საქართველოში, მაგრამ ეროვნულში არ მიიწვიეს და მერე ჩეხეთში წავიდა. ჯაბამაც 21 წლამდე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და “ბლუ ბულზის” წინააღმდეგაც გამოძახებული იყო, მაგრამ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო ვერ ითამაშა, შედეგად კი, უკრაინის ნაკრებში აღმოჩნდა.

ზურა ქსოვრელი
ბადრი კეთილაძის ფოტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.188657