რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სულ რამდენიმე თამაშიღა დარჩა (6). უმაღლესი ლიგის 10 გუნდიდან ერთმა უკვე დაასრულა თამაშები, ექვს თითო-თითო შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, სამს კი ორ-ორი თამაში აქვს გასამართი.
შეგახსენებთ, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, საუკეთესო ოთხი გუნდი ორრაუნდიან ნახევარფინალში გააგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას, მეხუთე-მერვე გუნდები ასევე ორრაუნდიან ნახევარფინალებში იბრძოლებენ მომდევნო ოთხი ადგილის დასაკავებლად, ხოლო მეცხრე-მეათეადგილოსანი ორი მატჩის შედეგად გაარკვევს ბოლოადგილოსანს.
უკვე დიდი ხანია ცნობილია იმ ოთხეულის ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის და მედლებისთვის იბრძოლებენ. რეგულარულ გათამაშებას 17-დან 17 მოგებით და 82 ქულით ლიდერობს კრასნოიარსკის “ენისეი-სტმ”-ი, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რატი ურუშაძე და ქუთაისში აღზრდილი, რუსეთის პასპორტის მქონე ვალერი ცნობილაძე თამაშობენ. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრედს რეგულარული პირველობის დასკვნითი მატჩი “ენისეისა” და “ბულავას” შორის, ის პირველ ადგილზე დარჩება და ნახევარფინალში “სლავას” დაუპირისპირდება.
მეორე ადგილი დაბევებული აქვს ვალერი ცნობილაძეს ძმის, ასევე რუსეთის ნაკრების კანდიდატ გრიგოლ ცნობილაძის “კრასნი იარს”, რომელმაც რეგულარულ პირველობაში მხოლოდ ორი მატჩი დათმო, ორივე “ენისეისთან” და 72 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ რეგულარული პირველობის დასკვნითი მატჩი მასაც “ბულავასთან” ელის, მერე კი, ნახევარფინალში რუსეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ვვა-პოდმოსკოვიეს” შეერკინება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუსეთის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ფინალურ მატჩებს ფრანგი არბიტრები მოემსახურებიან, რაც უკვე დიდი ხნის აპრობირებული სისტემაა საქართველოს ჩემპიონატში.
8 გუნდში მოხვედრისთვის იბრძვის რუსეთის ჩემპიონატის “ქართული გუნდი” მოსკოვის “სპარტაკი”, რომელმაც ბოლო მატჩში კარლო მაღლაკელიძის “აგროუნივერსიტეტი” 14:6 დაამარცხა და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. განვლილი შეხვედრის ერთადერთი ლელო მინაძის ანგარიშზეა, რომელმაც სრულად ითამაშა. სპარტაკელთა მხრიდან არასპორტული საქციელისთვის სინბინით დაისაჯნენ ძაგნიძე და გოგლიჩიძე - ძაგნიძემ შეუცვლელად ითამაშა, გოგლიჩიძე 52-ე წუთზე კვერნაძემ შეცვალა. ქართველ მორაგბეთაგან სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მოგებულ მატჩში მონაწილეობა მიიღეს ხეჩიკოვმა, ერისთავმა (კიკვაძემ შეცვალა 51-ე წუთზე), კვანთიძემ, მახარობლიძემ, თუთბერიძემ, ადანაიამ და ჯოგლიძემ (შესვენების შემდეგ შეცვლაზე შევიდა).
16 თამაშიდან 25 ქულით, “სპარტაკი” ამჟამად მე-7 ადგილზეა და 3 ქულით უსწრებს მე-9 ადგილოსან “ნოვოკუზნეცკს”, ხოლო მე-5 ადგილზე მყოფ “იმპერიას”, რომელსაც ჩასატარებელი მატჩი აღარ დარჩა, ასევე 3 ქულით ჩამორჩება. 29 სექტემბერს ქართველთა გუნდი “ვვა-პოდმოსკოვიეს” ეთამაშება, ხოლო 2 ოქტომბერს “ნოვოკუზნეცკთან” 8 გუნდს შორის მოსახვედრი სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახი ექნება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია