ამბები

20:00 | 28.09.2012 | ნანახია 1820 - ჯერ

ზელანდიას ჩემპიონობამდე 2 ქულა აშორებს

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, “ოთხი ერის” პირველი გათამაშების მოგებამდე ორი ქულა აშორებს და ტიტულის გაფორმება ბოლოსწინა ტურში შეუძლია. ამისათვის “ოლ ბლექსს” არგენტინაში ოთხი ლელოს გატანა და 7 და ნაკლები ქულით მარცხიც ყოფნის, თუმცა, შესაძლოა, მას მიზნის მისაღწევად ერთი ქულაც ეყოს.
სანამ არგენტინაში ზემოთნახსენები მატჩი დაიწყება, 8 საათით ადრე სამხრეთ აფრიკაში ერთმანეთის პირისპირ მასპინძელი სპრინგბოკი” და ავსტრალია წადგებიან და ზელანდიელთა მიზნის შემცირებაც მის შედეგზე იქნება დამოკიდებული. მომავალი ჯახი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, პრეტორიაში იმართება, სადაც ავსტრალიელებს განსაკუთრებით უჭირთ. ეს ფაქტორი მატჩის დასკვნით 20 წუთში მუდამ თვალსაჩინო იყო, ავსტრალიელებს სწორედ ამ პერიოდში სუნთქვა განსაკუთრებით უჭირდათ და სამხრეთ აფრიკაც სასურველი შედეგის დაფიქსირებას ახერხებდა.
ამ ფაქტორის გასანეიტრალებლად “კენგურუებმა” ხერხს მიმართეს, პრეტორიას თამაშამდე 10 დღით ადრე ეწვივნენ და წესით, აკლიმატიზაციაც უნდა გაევლოთ. სტუმრები არ მალავენ, რომ აფრიკის კონტინენტს “ბოკესთან” ზედიზედ მეექვსე მატჩის მოსაგებად ეწვივნენ, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, ორივე გუნდის მწვრთნელი - ჰეინეკ მეიერი და რობი დინსი თანხმდებიან, რომ სტადიონზე მისული 52 ათასი მაყურებელი სწრაფ, ლამაზ თამაშს იხილავს. ზევით ავსტრალიელთა მხრიდან ზედიზედ ხუთი მოგებული თამაში ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რიმ უკანასკნელი 8 შეყრიდან მათ აფრიკელებს 7-ჯერ მოუგეს და აფრიკაში ბოლო სტუმრობაც მათი გამარჯვებით დასრულდა.
ორი კვირის წინანდელი შემადგენლობიდან განსხვავებით, მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განხორციელდა. მორნი სტეინის ნაცვლად მგეზავად თამაშს 20 წლის იოჰან გუსენი იწყებს, ხოლო კოჭმტკივანი შუამარბ ფრანსუა სტეინის ნაცვლად პირველივე წუთებიდან მოედანზე 21 წლის იაკო ტაუტე გავა. მეორე ხაზში იბენ ეცებეთი და ანდრის ბეკერის დუეტი დაბრუნდა, რომლებმაც ასე წყვილად პირველ ტურში, არგენტინასთან მოგებული მატჩი დაიწყეს. მხოლოდ მგეზავი შეცვალა ავსტრალიელთა თავკაცმა დინსმა, რომელმაც ტრავმირებული, საოპერაციო ქუადე კუპერი ქერთლი ბილით ჩაანაცვლა.
ზემოთ ვთქვით, ზელანდიას ტიტულამდე ორი, ან ერთი ქულა რომ აშორებს, მაგრამ ეს არ იქნება “ოლ ბლექსისთვის” იოლი გასეირნება. არგენტინელებმა დაგვანახეს, რომ სამხრეთელ ბობოლებს ტყუილად არ დამატებიან და ისიც, რომ საკუთარ მოედანზე ისინი განსაკუთრებით შეუვალნი იქნებიან. II ტურში სამხრეთ აფრიკა დიდი გაჭირვებით გაექცა მარცხს და მხოლოდ ფრეს დასჯერდა, უშუალოდ ზელანდიას კი, საათის განმავლობაში მისსავე მიწაზე დიდი ბრძოლა გაუმართა და ბოლოსღა გატყდა. ახლა ასე აღარ იქნება, რადგან არგენტინას ზურგს მშობლიური მიწა და ერთგული ქომაგი გაუმაგრებს.
ლა პლატას სტადიონზე უკვე გაყიდულია ყველა ბილეთი (42 ათასი) და იქ მისული გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ მათი საყვარელი გუნდი ზელანდიასთან პირველ გამარჯვებას მოიპოვებს. თავის მხრივ, “ოლ ბლექსს” 14-მატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელება სურს და ორი კვირის წინანდელ შემადგენლობაში მხოლოდ ორი მორაგბე შეიცვალა, ორივე საკვანძო პოზიციაზე - მგეზავად აარონ კრუდენის ნაცვლად ბრუნდება დენ კარტერი, ხოლო შერკინების ნახევარმცველად პირი ვეეპუს აარონ სმიტი ჩაანაცვლებს. არგენტინის ძირითადი შემადგენლობა უცვლელია და უკვე კარგად ნაცადი 15-ეული შეეცდება “ოთხ ერზე” პირველი გამარჯვების მოპოვებას.

29 სექტემბერი. “ოთხი ერი”. V რაუნდი
სამხრეთ აფრიკა. პრეტორია. Lოფტუს Vერსფელდ
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია (19:00 თბილისის დროით)
სამხრეთ აფრიკა:
15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. იაკო ტაუტე, 12. ჟან დე ვილერსი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. იოჰან გუსენი, 9. რუან პიენაარი; 1. ტენდაი (ბესტ) მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ანდრის ბეკერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტცი, 8. დუაინ ვერმულენი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. პეტ სილიერი, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. მარსელ კოტცე, 20. ელტონ ჯემტისი, 21. იოან დე იონგი, 22. პეტ ლამბიე.
ავსტრალია: 15. ბერიკ ბარნსი, 14. დომინიკ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკქეიბი, 11. დიგბი იოანე, 10. ქერთლი ბილი, 9. ნიკ ფიპსი; 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კეინ დუგლასი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკ სამო.
სათადარიგოები: 16. საია ფაინგა, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლიამ გილი, 21. ბრეტ შაინი, 22. ენტონი ფაინგა.

30 სექტემბერი.
არგენტინა. ლა პლატა. “სუიდადი”
არგენტინა - ახალი ზელანდია (03:10 თბილისის დროით)
არგენტინა:
15. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგიზამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. მარკოს აერსა, 18. ტომას ვალეხო, 19. ტომას ლეონარდი, 20. ნიკოლას ვერგალო, 21. მარტინ როდრიგესი, 22. ხუან იმჰოფი.
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი; 1. ტონი ვუდკოკი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. კევინ მეალამუ, 17. ჩარლი ფაუმუინა, 18. ბროდ რეთალიქი, 19. სემ სეინი, 20. პირი ვეეპუ, 21. აარონ კრუდენი, 22. ბენ სმიტი.

 

1. ახალი ზელანდია 4 4 0 0 91-35 16
2. ავსტრალია 4 2 0 2 68-87 8
3. სამხრეთ აფრიკა 4 1 1 2 73-69 7
4. არგენტინა 4 0 1 3 46-87 3


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.144107