საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა”, უელსში ადგილობრივ “ნიუპორტს” ლელოებით 2:1 აჯობა, მაგრამ უდისციპლინობის გამო ხშირად ჯარიმდებოდა, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს და 32:12 იმარჯვეს.
26 წლის ბასილაია შეცვლაზე შევიდა და დასკვნითი 20 წუთი ითამაშა. მოედანზე მისი გამოჩენისას ანგარიში უკვე 12:23 იყო. არადა, “ედინბურგმა” თამაში აქტიურად დაიწყო და ლელო-გარდასახვით მე-11 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ოთხი ჯარიმა გაუშვა, ზედ შესვენების წინ ლელოც მიიღო და ტაიმი 7:17 დათმო. შოტლანდიელები ორი წუთის ინტერვალში ორჯერ დაისაჯნენ სინბინით და ზედიზედ მეორე მატჩში გარკვეული პერიოდით მოედანზე 13 კაცის ამარა იყვნენ.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა საკუთარ მონაგარს ორი ჯარიმით და სამი არეკნით (!) 15 ქულა შემატეს, რაზეც სქოთებმა მე-60 წუთზე გატანილი ერთი ლელოთი უპასუხეს და მატჩიც 12:32 დასრულდა. “ედინბურგს” ხუთი თამაშის შემდეგ 11 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 ოქტომბერს იტალიურ “ბენეტონს” დაუხვდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია