ამბები

19:09 | 29.09.2012 | ნანახია 1873 - ჯერ

V ტური ერთის გამოკლებით

საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატში თითქმის თანაბარძალოვანი გუნდები რომ თამაშობენ, ამას უკვე შევეჩვიეთ. ამიტომ, პრაქტიკულად ყველა ტურის თითქმის ყველა თამაში დაძაბული და საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპისთვის V ტური მაინც გამორჩეულია. აქ ისეთი წყვილები შედგა, რომ პრაქტიკულად ყველა მატჩის შედეგს შეუძლია სატურნირო ცხრილზე დიდი გავლენის მოხდენა.
ტურის ხუთი თამაშიდან ერთი გადაიდო. რუსთავში “ხარები” “ბათუმს” უნდა დახვედროდნენ, მაგრამ ეს თამაში ამ ეტაპზე არ გაიმართება. დანარჩენ ოთხ შეხვედრას თბილისის ორი სტადიონი მასპინძლობს და ისინი 30 სექტემბერს, 16 და 18 საათზე პარალელურად დაიწყება. მედლებზე პრეტენზიის მქონე ექვსი გუნდი ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევს, მეოთხე ჯახში კი, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი “ყოჩები” და “აკადემია” წარდგებიან ერთმანეთის პირისპირ.
აუტსაიდერების თამაში 16 საათზე “შევარდენზე” დაიწყება და დედაქალაქურ დერბიში ნომინალური მასპინძელი “ყოჩები” იქნებიან. ამ გუნდებს განვლილ ოთხ მატჩში გამარჯვების გემო ჯერ არ გაუგიათ და პირველი წარმატების იმედი ურთიერთშეხვედრაში აქვთ. ამ თამაშამდე ბოლო ადგილზე “აკადემიაა”, რომელმაც ოთხი წაგებული მატჩიდან მხოლოდ ერთში, “ხარებთან” (11:17) მოახერხა პრემიალური ქულის აღება. ბოლო ორი თამაშია, “ყოჩები” პრემიას იწერენ - ჯერ “არმაზთან (16:20), მერე კი, “ხარებთან” (24:27).
ამ გუნდებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “აკადემიას” ქულების აღება უჭირს და აქამდე სულ რაღაც 26 ქულას მოუყარა თავი და სულ ერთი ლელო გაიტანა, “ყოჩებმა” კი 74 ქულა მოაგროვეს და არცერთ მატჩში არ დარჩენილან ლელოს გარეშე, ჯამში კი მეტოქის ჩათვლის მოედანში შვიდჯერ შეაღწიეს. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ შარშან მათი დაპირისპირებები უაღრესად დაძაბული აღმოჩნდა და პირველ წრეში “აკადემიამ” 19:15 იმარჯვა, ხოლო მეორეში ფრე დაფიქსირდა - 19:19. 2012 წლის საგაზაფხულო, გარდამავალ ტურნირზე ისინი სხვადასხვა ჯგუფებში იყვნენ.
16 საათზე “ავჭალაზე” იწყება მეორე დედაქალაქური დერბი, სადაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლოკომოტივი” უმაღლესი ლიგის დებიუტანტ “ილიაუნი ჯიქს” დაუხვდება. “რკინიგზელებს” მეტოქეზე მეტი ტიტულები კი აქვთ, მაგრამ უშუალოდ წლევანდელ გათამაშებაში მას 3 საფეხურით და 5 ქულით ჩამორჩებიან. წელს “ლოკომოტივმა” მხოლოდ ერთი თამაში მოიგო - სადებიუტო ჯახი “ყოჩებთან”, მერე “ბათუმთან” და “არმიასთან” მცირედით დამარცხდა და თითო პრემიალური ქულა ჩაიწერა, გასულ ტურში კი, ქუთაისში “აიასთან” ფრეს გამორჩა - 25:25.
“ჯიქების” შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ის სადებიუტო მატჩში ქვეყნის ჩემპიონ “არმიასთან” დამარცხდა და მომდევნო სამი თამაში გამარჯვებით დაასრულა - “ხარებთან”, “აიასთან” და ბოლოს დიდი სხვაობით - “აკადემიასთან” (39:9). ამან ისედაც ამბიციურ გუნდს მადა გაუღვივა და მიუხედავად დებიუტანტის სტატუსისა, “ლოკომოტივს” იოლი გასეირნება სულაც არ ექნება. მომავალი მეტოქეების გაცნობა საგაზაფხულო ტურნირზე შედგა და “ლოკომოტივი” “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე მარცხს ძლივს გადაურჩა. “ჯიქმა” 0:15-ის შემდეგ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა და მატჩის მიწურულს ორიდან ერთი ჯარიმა მაინც რომ გაეტანა, გამარჯვებასაც მიაღწევდა.
ოთხი თამაშის შემდეგ, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი თბილისის “არმაზი”, 18 საათიდან “შევარდენზე” ქვეყნის ჩემპიონს, თასის მფლობელსა და საგაზაფხულო ტურნირის მომგებ “არმიას” დაუხვდება და მაყურებელიც უშეღავათო ბრძოლას იხილავს. არმაზელებმა ოთხივე თამაში კი მოიგეს, მაგრამ აქამდე ყველა მატჩი, ასე ვთქვათ, ქვედა ეშელონის გუნდებთან ჰქონდათ და ახლა უნდა დაამტკიცონ საკუთარი ამბიციის რეალურობა. “არმიამ” ყველა თამაში ლიდერებთან გამართა და სამ მათგანში გამარჯვებული გამოვიდა (“ჯიქი”, “ლოკომოტივი” და “ლელო”), ერთში კი ქუთაისში “აიასთან” მინიმალურად დამარცხდა (15:16).
ახლანდელი “არმაზი” წინამორბედს აბა როგორ შეედრება, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, შარშან, პირველ წრეში “არმიამ” 28:25 დაამარცხა, მეორეში უპირატესობა გაზარდა - 24:9 და საგაზაფხულო ტურნირზეც დამაჯერებლად იმარჯვა (32:17). მაგრამ ახლა “არმაზი” უფრო შეკრული გუნდია, დაიმატა საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ირაკლი მაჩხანელი, რომლისთვისაც “არმიას” წინააღმდეგ თამაში ორმაგად მიმზიდველი უნდა იყოს და თამაშიც ბევრად უფრო დაძაბული გამოვა, ვიდრე გაზაფხულის ტურნირისა.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დერბი 18 საათზე “ავჭალაზე”დაიწყება. თბილისის “ლელო” ქუთაისის “აიას” დაუხვდება და ლიდერობის შენარჩუნებას ეცდება. მართალია, ლელო ერთი კვირის წინ “არმიასთან” 23:30 დამარცხდა, მაგრამ მაინც სატურნირო ცხრილის ლიდერია. ეს იმიტომ, რომ ამ მარცხისთვის მიღებული ერთი პრემიალური ქულის გარდა, წინა სამი თამაშიც ბონუსით მოიგო (“აკადემიასთან”, “ყოჩებთან” და “ბათუმთან”) და ჯამში 16 მოაგროვა.
ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, ქუთაისელები ყველა ახალ გათამაშებას გადახალისებული შემადგენლობით იწყებენ, მაგრამ მედლებისთვის მუდამ იბრძვიან, რაც უდავოდ ბესიკ ხამაშურიძის დიდი დამსახურებაა. განვლილ ოთხივე მატჩში ქუთაისელებს დიდი ბრძოლები გადახდათ. “ბათუმისა” (13:3) და “არმიას” (16:15) მცირე სხვაობებით ძლევის შემდეგ, ქუთაისელები “ჯიქებთან” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ (6:12), ერთი კვირის წინ კი, საშინაო “დინამოზე” “ლოკომოტივს” დაუზავდნენ (25:25) და 11 ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრდნენ. “აია” ლიდერებთან უფრო მეტი მობილიზებით თამაშობს ხოლმე. წესით, ასე უნდა იყოს ახლაც და მაყურებელი საინტერესო ბრძოლას იხილავს.
ამაზე მეტყველებს წინა წლების გამოცდილება. შარშან “აიამ” “ლელოს” ფოთში 31:25 აჯობა, ხოლო თბილისში მასპინძლებმა რევანში აიღეს - 18:16. ქუთაისელებს დასკვნითი მეოთხედის ჩატარება უჭირთ და როგორც წესი, მოპოვებულ უპირატესობას ამ დროს ანიავებენ. ახლა თუ მათი ფიზიკური მზაობა სათანადო დონეზე იქნება, “ლელოს” გამარჯვების მოპოვება გაუჭირდება.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. V რაუნდი
30 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”. 16:00

ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 18:00
არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
ლოკომოტივი (თბილისი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00
ლელო (თბილისი) - აია (ქუთაისი)

ხარები (რუსთავი) - ბათუმი (ბათუმი) (გადაიდო)

 

1. ლელო 4 3 0 1 132-62 16
2. არმაზი 4 4 0 0 82-42 16
3. არმია 4 3 0 1 98-70 14
4. ჯიქები 4 3 0 1 83-56 13
5. აია 4 2 1 1 60-55 11
6. ხარები 4 2 0 2 57-68 9
7. ლოკომოტივი 4 1 1 2 75-68 8
8. ბათუმი 4 1 0 3 39-78 5
9. ყოჩები 4 0 0 4 74-122 2
10. აკადემია 4 0 0 4 26-105 1


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137609