ერთა თასი

0:47 | 28.02.2016 | ნანახია 1957 - ჯერ

„ერთა თასზე ექსპერიმენტები დაუშვებელია“

ესპანეთთან 38:7 მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი რაღა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილი იყო. მიუხედავად ბევრი წუნისა, მან გუნდის ახლებური, გაშლილი სტილით თამაშიც მოიწონა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ახალზელანდიელს უწინარესად გიორგი თხილაიშვილის მდგომარეობაზე კითხეს, რომელმაც მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. აღმოჩნდა, რომ კოკიმ ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და უახლოესი 2-3 თვე ვერ ითამაშებს. მას ამ დღეებში სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე და მკურნალობის ვადები ამის შემდეგ დაზუსტდება.

უშუალოდ თამაშზე ჰეიგმა თქვა: „გუშინდელ პრესკონფერენციაზე ავღნიშნე, რომ ამ თამაშის შედეგი ჩვენი თამაშის ხარისხზე იქნებოდა დამოკიდებული. ყველას გვიხარია მეტოქე 31 ქულის სხვაობით რომ დავამრცხეთ, მაგრამ ბევრი შეცდომა გვქონდა. 21 შეცდომა დავთვალე და შესრულების ხარისხით ბუნებრივია კმაყოფილი ვერ ვიქნები.

მეხუთე წელია აქ ვარ და პირველივე დღიდან ჩემი მიზანი იყო, რომ მხოლოდ შერკინებით კი არ გვეთამაშა, საქმეში ხაზის მოთამაშეებიც ჩაგვერთო. დღეს იმდენად დიდხანს გვქონდა ბურთი, რომ ხანდახან არც კი ვიცოდით რა უნდა გვექნა. ფაქტი ერთია, ვიხვეწებით, თუმცა სრულყოფას დრო ჭირდება“.

რაგბი ევროპის დასკვნით ორ მატჩში „ბორჯღალოსნები“ 12 მარტს პრინციპულ მეტოქე რუსეთს სოჭში, ხოლო 19 მარტს რუმინეთს „ბორის პაიჭაძეზე“ დაუხვდებიან და ამ თამაშებს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერებული შეხვდება:

„ვიმედოვნებ, შემდეგ თამაშს გაძლიერებული შემადგენლობით შევხვდებით. „ვუსტერიდან“ ჯაბა ბრეგვაძე უნდა დაგვემატოს. მიმდინარეობს მოლაპარაკება „ტულონთან“ და ალბათ, მათგანაც მინიმუმ ორი მორაგბით გავძლიერდებით. ერთა თასზე ექსპერიმენტების ჩატარება ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა. ეს ტურნირი აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ამიტომ, შემდეგი ორი თამაშისთვის ისედაც ძლიერი შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. სოჭში რუსეთის დამარცხება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თბილისში რუმინეთის დამარცხება“.

შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „წინასამატჩო პრესკონფერენციისას ვთქვი, რომ ვეცდებოდით განსხვავებული სტილით გვეთემაშა. რადგან სხვაობა შეამჩნიეთ, ესეიგი ეს გამოგვივიდა. შეცდომები გვქონდა, თუმცა კარგია, რომ ახალი სტილი ავითვისეთ. დროთა განმავლობაში დავიხვეწებით და მომავალში უკეთ გამოგვივა. მინდა მადლობა გადავუხადო სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს. ეს პოზიტივი სოჭშიც გაგვყვება, იქაც ქართველი ქომაგის ნაკლებობას არ ვუჩივით და იმედია ახლაც ასე იქნება“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110342