ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “ოთხი ერის” პირველი გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უახლოესი მდევარი 9 ქულით ჩამოიტოვა და სამხრეთ ნახევარსფეროს ჩემპიონი ნაადრევად გახდა.
“ოლ ბლექსმა”, ლა პლატაში, არგენტინასთან გამართულ მატჩში წლის საუკეთესო თამაში აჩვენა, მასპინძლებს 7 ლელო გაუტანა და 54:15 გაანადგურა. ამაში, თავისი წვლილი “პუმებსაც” მიუძღვით. მათი მხრიდან დაშვებულ შეცდომებს რომ თავი გავანებოთ, მასპინძლებმა რატომღაც ნაცად ხერხს უღალატეს, მედგარი დაცვის ნაცვლად, ზელანდიელებს თამაში გაუშალეს და რაც მიიღეს, კარგად დაინახეს.
არადა, არგენტინამ თამაში აქტიურად დაიწყო, სადებიუტო ათ წუთში უპირატესობა მოიპოვა და მე-7 წუთზე მარტინ ლანდახომ ლამაზი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ლუკას გონსალეს-ამოროსინომ ცენტრალურ ხაზთან გაჭრა ხაზი და ჩათვლის მოედანს 22 მეტრამდე მიუახლოვდა, წაქცეულმა ბურთი ლანდახოს ამოუგდო, რომელმაც ცრუმოძრაობებით დარჩენილი მანძილი დაფარა და ანგარიში გახსნა. ხუან მარტინ ერნანდესის რეალიზაცია მიზანს ასცდა, რომელსაც მანამდე 40 მეტრიდან არეკნიც გაუცუდდა, მერე კი, მარსელო ბოსხის საკუთარი ნახევრიდან დარტყმულმა ვერ უწია მიზანს.
“შავი მანქანა” 10 წუთის შემდეგ დაიქოქა. ისინი შეტევაში და დაცვაშიც ყველგან იყვნენ, რის გამოც მასპინძლებს შეტევის დროსაც კი, ხშირად უწევდათ უკან დახევა, ან მომქანცველი იერიშის შემდეგ ბურთი ხელიდან უვარდებოდათ, უსწრაფესი ზელანდიელები კი, მათ შეცდომებს არ პატიობდნენ.
საპასუხო ლელო მე-15 წუთზე გავიდა - მაა ნონუმ საკუთარი რაქიდან ჩვეულ სტილში მოიპარა ბურთი, ხაზი გაჭრა და ძელებსშუა აარონ სმიტს გაატანა, ხოლო დენ კარტერმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა. მანვე, ოთხ წუთში, ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 22-ე წუთზე, ზელანდიელთა მე-2 და კორი ჯეინის პირველი ლელო გავიდა.
22-ის ხაზთან დერეფნიდან მოგებული ბურთი საპირისპირო ხაზამდე ჩათამაშდა, კიდესთან ჯეინი დაიჭირეს, რაქიდან ის კიარან რიდმა მიიღო, ხაზი გაჭრა და საქმეში დაბრუნებული ჯეინი მოძებნა - 15:5 და კარტერმა რთული გარდასახვით, მონაგარს კიდევ 2 ქულა შემატა.
30-ე წუთამდე, ერნანდესმა და კარტერმა ჯარიმები გაცვალეს, შემდგომში ჯერ ზელანდიელებმა დაუშვეს შეცდომა, მერე არგენტინელებმა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მასპინძლებმა ხელსაყრელი სიტუაციით ვერ ისარგებლეს, ხოლო ჯულიან სავეამ ბურთს ორჯერ წაკრა ფეხი, 50 მეტრი ირბინა და რადგან კარტერს გარდასახვა გაუფუჭდა, ანგარიში 25:8 გახდა. პირველი ტაიმის მიწურულს, სავეა ფლანგზე გაიქცა დუბლი შეასრულა, რითაც “ოლ ბლექსს” ერთი ქულა (4 ლელოს გატანისთვის) პირველსავე ტაიმში დაუბევა, კარტერმა კი, რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 32:8 დასრულდა.
მე-2 ნახევარი პირველის მსგავსად, არგენტინელთა შეტევებით და ლელოთი დაიწყო, მაგრამ მერე კვლავ “ღია კარის დღე” გაგრძელდა. მასპინძლებმა ჩამორჩენა 47-ე წუთზე შეამცირეს, როდესაც ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ხაზი გონსალო კამაჩომ გაჭრა და ერნანდესმა გარდასახვაც გამოიყენა, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში ჯეინმა თავისი მე-2 ლელო გაიტანა.
58-ე წუთზე, უკვე მაა ნონუმ დაუფასა კრუდენს გარჯა და ლელო ძელებსშუა დადო. კრუდენმა მონაგარს გარდასახვა და მერე ჯარიმა შემატა, ხოლო ბოლო წუთზე, ჯეინმა ცენტრთან ჩაჭრა მეტოქის გადაცემა, მცველი ჩამოიცილა და ლელომდე ირბინა - 54:15.
არგენტინელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბოლომდე ირბინეს, ჯარიმები კარში არ ურტყეს და ლელოებზე ითამაშეს, განსაკუთრებით მე-2 ტაიმში. ზემოთაც ვთქვით, “ოლ ბლექსმა” საუკეთესო თამაში აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათი მხრიდან შვიდივე ლელო სწრაფმა უკანახაზელებმა მიითვალეს და მაყურებელს სიამოვნება მიანიჭეს, მერე კი, თასი შემართეს და სამხრეთ აფრიკას უკვე ჩემპიონის რანგში ეწვევიან.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ “ოლ ბლექსმა” არგენტინასთან გამართულ მატჩში “ოთხ ერზე” პირველად გაიტანა 4 და მეტი ლელო და პრემიალური ქულაც პირველად აიღო, სულ კი, ამ გუნდს 15-მატჩიანი წაუგებელი, უფრო სწორედ მოგებათა სერია დაუგროვდა.
ამ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, 5 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულით იმარჯვა ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკამ. ეს შეხვედრა უფრო ცუდი საყურებელი გამოდგა, მაგრამ ლელოები იქაც ბლომად გავიდა. მასპინძელთაგან ჰეთ-თრიკი შეასრულა ბრაიან ჰაბანამ, ავსტრალიამ კი, დიდი ვერაფერი თამაში აჩვენა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თამაშში ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად გაისარჯნენ ახალგაზრდა მორაგბეები, რასაც, როგორც ჩანს, ხელი ტრავმების სიმრავლემაც შეუწყო.
მატჩის დებიუტში, ბერიკ ბარნსს ჯარიმა გაუფუჭდა, რაზეც აფრიკელთა ახალგაზრდა მგეზავმა, იოჰან გუსენმა 2 აცილებული ჯარიმით უპასუხა. რადგან დამრტყმელი ვერ ყოჩაღობდა, “ბოკემ” ჯარიმები აუტში გაიტანა და არც შემცდარა. პირველი ლელო 21-ე წუთზე გავიდა, მასპინძლებმა 5 მეტრიდან მოლით შეუტიეს, მერე ბურთი გაშალეს და ზეინ კერშნერმა ხაზი გადაკვეთა, ხოლო რუან პიენაარმა გარდასახვა გამოიყენა. 28-ე წუთზე, სამხრეთ აფრიკამ კიდევ ერთი კარგი შეტევა განახორციელა, მათ ორჯერ შეცვალეს შეტევის მიმართულება და ბრაიან ჰაბანამ ამ მატჩში თავისი პირველი ლელო გაიტანა.
პიენაარმა გარდასახვა გამოიყენა, ავსტრალიამ შესვენებამდე მხოლოდ ქერთლი ბილის ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 14:3 დასრულდა.
საწყის 40 წუთში “ბოკემ” კიდევ ორჯერ გადალახა ჩათვლის მოედნის ხაზი, მაგრამ ვიდეორეფერიმ ლელოს გატანა ვერ დააფიქსირა, ხოლო პიენაარს 2 ჯარიმა გაუფუჭდა. ავსტრალია ხშირად ჯარიმდებოდა და 53-ე წუთზე, ჯეიმს სლიპერი სინბინით დაისაჯა. აფრიკელებმა მეტობით კარგად ისარგებლეს, 2 ლელო გაიტანეს და მატჩის ბედიც იქვე გადაწყვიტეს.
54-ე წუთზე, ავსტრალიელთა ჩათვლის მოედანი ფრანსუა ლოუმ აიღო. ის კარგად დაყენებულ მოლს მოწყდა და ვეღარავინ შეაჩერა.
61-ე წუთზე, “კენგურუები” შეტევისას შეცდნენ, ბურთი აუტში გავიდა, ჰაბანამ სწრაფად განაახლა თამაში და ძელებსშუამდე შეუფერხებლად ირბინა.
ხუთ წუთში, მაიკ ჰარისმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, მაგრამ მატჩის მიწურულს ჰაბანა ერთხელაც გაიქცა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო სამხრეთ აფრიკამ 31:8 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
ავსტრალიელებს, მარცხის გარდა, კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს. “კენგურუების” ლიდერებს ამ თამაშამდეც არ აკლდათ ტრავმები, აფრიკელებთან ჯახში კიდევ რამდენიმე მორაგბე დაშავდა და ერთი კვირის შემდეგ, მკვეთრად გადახალისებულ გუნდს არგენტინაში ძლიერ გაუჭირდება.
სამხრეთ აფრიკა მე-2 საფეხურზე აღზევდა და მართალია, ჩემპიონობის შანსი აღარ შერჩა, მაგრამ საკუთარ მოედანზე ზელანდიელთა წარმატებული სერიის შეჩერებას ეცდება.
“ოთხი ერი”. V რაუნდი
29 სექტემბერი.
სამხრეთ აფრიკა. პრეტორია. Lოფტუს Vერსფელდ
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 31:8 (14:3)
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. იაკო ტაუტე, 12. ჟან დე ვილერსი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. იოჰან გუსენი, 9. რუან პიენაარი; 1. ტენდაი (ბესტ) მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ანდრის ბეკერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტცი, 8. დუაინ ვერმულენი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. პეტ სილიერი, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. მარსელ კოტცე, 20. ელტონ ჯემტისი, 21. იოან დე იონგი, 22. პეტ ლამბიე.
5 ლელო: ზეინ კერშნერი, ბრაიან ჰაბანა (3), ფრანსუა ლოუ
3 გარდასახვა: რუან პიენაარი
ავსტრალია: 15. ბერიკ ბარნსი, 14. დომინიკ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკქეიბი, 11. დიგბი იოანე, 10. ქერთლი ბილი, 9. ნიკ ფიპსი; 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კეინ დუგლასი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკ სამო.
სათადარიგოები: 16. საია ფაინგა, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლიამ გილი, 21. მაიკ ჰარისი, 22. ენტონი ფაინგა.
1 ლელო: მაიკ ჰარისი
1 ჯარიმა: ქერთლი ბილი
1 სინბინი: ჯეიმს სლიპერი
30 სექტემბერი.
არგენტინა. ლა პლატა. “სუიდადი”
არგენტინა - ახალი ზელანდია 15:54 (8:32)
არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგიზამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. მარკოს აერსა, 18. ტომას ვალეხო, 19. ტომას ლეონარდი, 20. ნიკოლას ვერგალო, 21. მარტინ როდრიგესი, 22. ხუან იმჰოფი.
2 ლელო: მარტინ ლანდახო, გონსალო კამაჩო
1 გარდასახვა: ხუან მარტინ ერნანდესი
1 ჯარიმა: ხუან მარტინ ერნანდესი
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი; 1. ტონი ვუდკოკი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. კევინ მეალამუ, 17. ჩარლი ფაუმუინა, 18. ბროდ რეთალიქი, 19. სემ სეინი, 20. პირი ვეეპუ, 21. აარონ კრუდენი, 22. ბენ სმიტი.
7 ლელო: აარონ სმიტი, კორი ჯეინი (3), ჯულიან სავეა (2), მაა ნონუ
5 გარდასახვა: დენ კარტერი (3), აარონ კრუდენი (2)
3 ჯარიმა: დენ კარტერი (2), აარონ კრუდენი
1 | ახალი ზელანდია | 5 | 5 | 0 | 0 | 145-50 | 21 |
2 | სამხრეთ აფრიკა | 5 | 2 | 1 | 2 | 104-77 | 12 |
3 | ავსტრალია | 5 | 2 | 0 | 3 | 76-118 | 8 |
4 | არგენტინა | 5 | 0 | 1 | 4 | 61-141 | 3 |
VI რაუნდი. 6 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია, არგენტინა - ავსტრალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია