თბილისის “ლოკომოტივმა” უმაღლესი ლიგის დებიუტანტ “ილიაუნი ჯიქს” 4 ლელო გაუტანა, მაგრამ ბოლოში ერთი თავადაც გაუშვა, მეტოქეს ჩამორჩენის შვიდ ქულამდე შემცირების საშუალება მისცა და ორივე გუნდმა პრემიალური ქულა ჩაიწერა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა გამარჯვებისთვის კუთვნილი 4 ქულაც მიიღო, მაგრამ სატურნირო ცხრილში “ჯიქებს” მაინც ვერ გადაასწრო და მე-5 ადგილზეა.
თამაშმა მაღალ ტემპში ჩაიარა და მაყურებელმაც ისიამოვნა. “ლოკომოტივი”, ტრადიციულად, ძალისმიერ სტილში აპირებდა ფონს გასვლას. ასევე, ტრადიციულად, ხშირად ჯარიმდებოდა და “ჯიქებს” ქულების დაგროვების საშუალებას აძლევდა. მეტოქე უფრო სწრაფად, ხელდახელ თამაშს ცდილობდა, მაგრამ ეს გარჯა “რკინიგზელთა” გამოცდილების გადასაწონად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან, დამრტყმელმა რამდენიმე ასპროცენტიანი ჯარიმა გააფუჭა, რის ფონზეც, საბოლოო შედეგი სრულიად ლოგიკურია.
პირველმა წუთებმა “ჯიქების” იერიშებში ჩაიარა და მალე ნუგზარ გიორგაძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა, ცოტა ხანში კი, მიზნის მიღწევა არეკნით სცადა, მაგრამ ბურთი სათანადო სიმაღლეზე ვერ აწია. ვახტანგ კავთიძემ ჯარიმითვე წონასწორობა მე-12 წუთზე აღადგინა.
მე-17 წუთზე, “ლოკომოტივი” ცენტრალურ ხაზთან დაჯარიმდა, მაგრამ ბევრი ლაპარაკისთვის რეფერიმ ჯარიმა 10 მეტრით გადაწია, თუმცა, გიორგაძის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ხუთიოდე წუთში, მან მეორე ჯარიმაც გააფუჭა, 28-ე წუთზე კი, დიტო ჭურღულიას მიერ ფეხით გადაკიდებული ბურთი ისე ახტა, რომ ის თემურ ჩიტიძეს მიუვიდა, რომელიც მცველს დაუსხლტა და ლელო გაიტანა.
კავთიძის გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმიც “ჯიქების” გამარჯვებით დასრულდა. ეს იმიტომ, რომ “ლოკომოტივი” ხშირად ჯარიმდებოდა. მართალია, 37-ე წუთზე, გიორგაძის მიერ შესრულებული გასატანი ჯარიმა ძელმა აისხლიტა, მაგრამ გივი ბერიშვილი ამას არ ელოდა, ბურთი ვერ შეიმაგრა და მასზე, წინ მყოფმა მორაგბემ ითამაშა. ამჯერად, გიორგაძემ კარის გასწვრივ 10-12 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს, მან კარიდან მარჯვნივ, 22-ის ხაზიდან გაიტანა ჯარიმა და “ჯიქები” ზედ შესვენების წინ, 9:8 დაწინაურდა.
მე-2 ტაიმი კვლავ გიორგაძის ჯარიმით დაიწყო და მან საკუთარი გუნდი უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე უკვე “ჯიქები” დაჯარიმდა, “ლოკომოტივმა” ბურთი აუტში გადაიტანა, 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა და პრაქტიკულად მთელმა გუნდმა ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ რეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დავაფიქსირეო და “ლოკომოტივს” მხოლოდ შერკინება დაუბრუნა. “ლოკომოტივი” ერთხელაც მიაწვა, მერე შერკინებას ზვიად მაისურაძე მოეხსნა და ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ გარდასახვა გამოიყენა - 15:12.
“ჯიქებს” წონასწორობის აღდგენა ერთ წუთში შეეძლო, მაგრამ გიორგაძემ გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გააფუჭა. 49-ე წუთზე, “ლოკომოტივმა” კიდევ ერთხელ შეუტია 5-მეტრა შერკინებიდან. ამჯერად, მაისურაძე მცველებმა შეაჩერეს, მაგრამ მას ელოშვილი წამოეშველა და გუნდის მე-3 ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ გარდასახვა გამოიყენა. მე-60 წუთზე, კუპრეიშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შვიდ ქულამდე დაიყვანა და სიტუაცია დაიძაბა. მალე მოედანზე ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ღვინჯილია და გაგნიძე გაასინბინა.
მათი მოედანზე დაბრუნების შემდეგ, “ჯიქებმა” ზეწოლის გამო ბურთი თავად შეიტანეს საკუთარ ჩათვლის მოედანში და დაამიწეს, რასაც 5-მეტრა შერკინება მოჰყვა და რაღა თქმა უნდა, ის ლელოთი დასრულდა. ამჯერად, “ლოკომოტივმა” ბურთი ხაზზე გაშალა და ალამთან ის ქავთარაძემ დაამიწა, ხოლო კავთიძის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო. “ჯიქებმა” გაიბრძოლა და მონდომება დაუფასდა.
ბოლო წუთებზე “ლოკომოტივი” ხშირად ჯარიმდებოდა, მეტოქე ბურთს ათამაშებდა და უტევდა, შედეგად კი, მამრიკიშვილმა ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო კუპრეიშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს ერთი პრემიალური ქულა მოუტანა - 29:22.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. V რაუნდი
30 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 250 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 29:22 (8:9)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ქავთარაძე, 13. ჭურღულია (ბიწაძე), 12. ხუციშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კავთიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი (ახვლედიანი), 2. გენებაშვილი, 3. გუნიავა, 4. გეგია (ხოლუაშვილი), 5. ცუხიშვილი (კორკოტაძე), 6. ჩიტიძე, 7. ბერიშვილი, 8. მაისურაძე.
4 ლელო: ჩიტიძე, მაისურაძე, ელოშვილი, ქავთარაძე
3 გარდასახვა: კავთიძე
1 ჯარიმა: კავთიძე
1 სინბინი: ღვინჯილია
ილიაუნი ჯიქი: 15. კიკნაძე (შერმაზანაშვილი), 14. ხარაზიშვილი, 13. ბერძული, 12. კუპრეიშვილი, 11. ნოზაძე (ტრაპაიძე), 10. გიორგაძე, 9. ზაბახიძე; 1. ოქრიაშვილი (გაგნიძე), 2. ოქრომელიძე (სვანიძე), 3. ყავლაშვილი, 4. მჭედლიშვილი, 5. გოგოლაძე, 6. მამრიკიშვილი, 7. ტუჩაშვილი, 8. კიკვიძე.
1 ლელო: მამრიკიშვილი
1 გარდასახვა: კუპრეიშვილი
5 ჯარიმა: გიორგაძე (4), კუპრეიშვილი
1 სინბინი: გაგნიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია