ამბები

0:52 | 1.10.2012 | ნანახია 1830 - ჯერ

“ლელომ” პრემია დაკარგა, მაგრამ მაინც ერთპიროვნულად გალიდერდა

თბილისის “ლელო” ქუთაისის “აიას” 29:0-ს უგებდა, 4 ლელო ჰქონდა გატანილი, მაგრამ ბოლოს მოეშვა, 2 ლელო გაუშვა და გამარჯვება არა, მაგრამ პრემიალური ქულა ხელიდან გაუშვა.
ქუთაისელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს. ისინი მძიმედ მოძრაობდნენ და ვერ ასწრებდნენ დაცვაში გადაწყობას, თბილისელთა სწრაფი იერიშებისას. “ლელო” დომონირებდა შერკინებაში, სისწრაფეში. ერთადერთი, რაც იმ დღეს “ლელოს” წევრებს არ გამოსდიოდათ, კარში ზუსტი დარტყმები იყო, ირაკლი ყიასაშვილმა რამდენიმე ჯარიმა გააფუჭა, მაგრამ ეს არაფერია იმ უყურადღებობასთან შედარებით, რაც ლევან მაისაშვილის გუნდმა ბოლო ათ წუთში ჩაიდინა.
მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და “აიას” ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში ხან ერთი და ხან მეორე გუნდის შესრულებით რამდენჯერმე დაინიშნა შერკინება.
მე-9 წუთზე, “ლელომ” ბურთი ხაზზე გაშალა, ყიასაშვილმა სისწრაფეში ხაზი გაჭრა და პირველი ლელო გავიდა, მაგრამ მისი გარდასახვა არაზუსტი იყო. “აიამ” პირველი შეტევა 22-ე წუთზე განახორციელა და ლელოს გატანაც შეიძლებოდა, მაგრამ 2-3 მეტრში ბურთი წინ გადაუვარდათ.
24-ე წუთზე, ყიასაშვილს 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ შეცდომა მალევე გამოასწორა. სამიოდე წუთში ლაშა ხმალაძემ სისწრაფეში გაჭრა ხაზი და ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში შებოჭეს, მას თანაგუნდელები წამოეშველნენ და ყიასაშვილმა მე-2 ლელო გაიტანა, თანაც, ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო.
30-ე წუთზე, გაგა სინაურიძეს შეეძლო ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ გასატანი დარტყმა გაუცუდდა.
37-ე წუთზე, “ლელომ” შერკინებიდან კიდევ ერთხელ გაშალა ბურთი და ამჯერად, ლელო სანდრო ნიჟარაძემ გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით საერთო მონაგარს 2 ქულა შემატა.
შესვენების წინ “აიამ” ერთხელაც განახორციელა სალელოვე შეტევა, მაგრამ ქუთაისელი ზედ ჩათვლის მოედნის ხაზზე შებოჭეს და აუტში გადაიყვანეს - 19:0.
მე-2 ნახევრის საწყის ათ წუთში ყიასაშვილს თითქმის ერთიდაიმავე, გასატანი პოზიციიდან 2 ჯარიმა გაუცუდდა.
სამაგიეროდ, 61-ე წუთზე, გიორგი კაჭარავამ კარიდან მარცხნივ, ურთულესი პოზიციიდან არეკნი დაჰკრა და ბურთმა ძელებსშუა გაიარა - საუცხოო არეკნი იყო!
მალე “ლელომ” კიდევ ერთი სწრაფი, ძალიან კარგი შეტევა წამოიწყო, ლელოს გატანა გუგავას და ხიდეშელს შეეძლოთ, საბოლოოდ კი, თავი ბაჩანა გოგიშვილმა გამოიჩინა და ყიასაშვილმა გარდასახვით ანგარიში 29:0 გახადა.
დადგა თბილისელთათვის ის ავბედითი დასკვნითი 10 წუთი. პირველი ლელოს დროს, “აიამ” შერკინებიდან შეუტია და ჩათვლის მოედანი სერგო კვერნაძემ გადალახა, ლევან გოგიამ გარდასახვა გამოიყენა, ბოლოს კი, ქუთაისლებმა ჯარიმა რამდენჯერმე გაითამაშეს, ლევან თხელიძემ დაცვის ხაზი გაგლიჯა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. გოგიას გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო და თამაში 29:14 დასრულდა.
“ლელომ” პრემიალური ქულა კი დაკარგა, მაგრამ რადგან პარალელურ მატჩში “არმაზი” დაძაბულ ბრძოლაში “არმიასთან” 17:23 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა, “ლელო” ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ხოლო “არმაზი” მე-3 ადგილამდე დაქვეითდა.
მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე, არმაზელები 17:15-ს იგებდნენ, მაგრამ ჯერ ჯარიმა გაუშვეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ, ხოლო ბოლოს ლელოც მიიღეს.
დაძაბული გამოდგა “შევარდენზე” გამართული აუტსაიდერების მატჩიც, რომელშიც მხოლოდ 3 ჯარიმა გავიდა და “აკადემიამ” “ყოჩები” 6:3 დაამარცხა.   

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. V რაუნდი
30 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”.

ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 3:6
თბილისი. “შევარდენი”.
არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი) 17:23
თბილისი. “ავჭალა”. 250 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 29:22
 

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - აია (ქუთაისი) 29:14 (19:0)
ლელო:
15. ყიასაშვილი, 14. გეგენავა (გუგავა 51), 13. ანდღულაძე (ცერცვაძე 70), 12. კოპაძე, 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (გოგიშვილი 62), 2. ბელქანია (ხიდეშელი 62), 3. სუჯაშვილი (ბარბაქაძე 62), 4. ნიკოლეიშვილი, 5. ქოიავა, 6. დარასელია, 7. მძინარიშვილი, 8. ჭყოიძე (კოლელიშვილი 67).
4 ლელო: ყიასაშვილი (2), ნიჟარაძე, გოგიშვილი
3 გარდასახვა: ყიასაშვილი
1 არეკნი: კაჭარავა
აია: 15. კვერნაძე, 14. აბრამიძე (ზიბზიბაძე 67), 13. ხამაშურიძე (ძნელაძე 63), 12. კუხიანიძე, 11. ფრუიძე, 10. სინაურიძე, 9. როხვაძე (გოგია 55); 1. რატიაშვილი (წაქაძე 33), 2. მატკავა (თხელიძე 46), 3. ულუმბერაშვილი (არაბიძე 33), 4. ჯიმშიტაშვილი (ჩიტეიშვილი 41), 5. შალამბერიძე, 6. რევიშვილი, 7. შაშიაშვილი, 8. ყურაშვილი.
2 ლელო: კვერნაძე, თხელიძე
2 გარდასახვა: გოგია

ხარები (რუსთავი) - ბათუმი (ბათუმი) (გადაიდო)
 

1 ლელო 5 4 0 1   161-76 20
2 არმია   5 4 0 1   121-87 18
3 არმაზი 5 4 0 1   99-65 17
4 ჯიქები 5 3 0 2   105-85 14
5 ლოკომოტივი 5 2 1 0   104-90   13
6 აია 5 2 1 2   74-84 11
7 ხარები 4 2 0 2   57-68 9
8 ბათუმი   4 1 0 3   39-78 5
9 აკადემია 5 1 0 4   32-108 5
10 ყოჩები 5 0 0 5   77-128 3


 

მომდევნო ტური. 6-7 ოქტომბერი
ჯიქები - ყოჩები, ლოკომოტივი - ლელო, აია - არმაზი, არმია - ხარები, ბათუმი - აკადემია
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099357