ამბები

15:40 | 1.10.2012 | ნანახია 3143 - ჯერ

მამუკა გორგოძე “კასტრთან” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის სატურნირო ცხრილს შვიდი ტურის შემდეგ რვა ქართველი ლეგიონერის სამი გუნდი - “კლერმონი”, “ტულონი” და “ტულუზა” ლიდერობს.
VII ტურში რამდენიმე ქართული დერბი უნდა გამართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესად ტრავმების გამო, ჩვენებურთა უმრავლესობამ მოედანზე გასვლა ვერ მოახერხა, მეორე ნაწილი მწვრთნელებმა დაასვენეს, სხვებს კი, სრული ნდობა ჯერ არ დაუმსახურებიათ.
დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” მასპინძლობდა და დაძაბულ ბრძოლაში წამატებულ წუთებზე გატანილი არეკნის წყალობით 28:25 იმარჯვა. მასპნძლები, რომლებიც აქცენტს “ჰაინეკენის თასზე” აკეთებენ, გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდნენ და საწყისი ნახევარი საათის შემდეგ 7:22 აგებდნენ, ხოლო ტაიმი 10:22 დათმეს. 66-ე წუთზე წონასწორობა არეკნით აღდგა, მაგრამ 71-ეზე სტუმრები ისევ დაწინაურდნენ. “კლერმონმა” ანგარიში 78-ე წუთზე ჯარიმით გაათანაბრა, სულ ბოლოს კი, გამარჯვების მომტანი არეკნიც განხორციელდა.
მასპინძელთა განაცხადში არ იყვნენ ზირაქაშვილი და კოლელიშვილი. ჟვანია “სტად ფრანსეს” სათადარიგოთა სკამზე კი იმყოფებოდა, მაგრამ თამაშში ჩართვა არ მოუწია. მოგების შემდეგ “კლერმონს” 27 ქულა დაუგროვდა და რადგან “ტულონმა” თავისი მატჩი დათმო და პრემიალური ქულაც ვერ აიღო, მას დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო და პირველ საფეხურზე აღზევდა. “სტად ფრანსე” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა, ჯამში 11 მოაგროვა და “ბაიონთან” მე-11-მე-12 ადგილებს ინაწილებს.
ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ექვსი თამაშის მომგებმა “ტულონმა”, ამჯერად ძირითადი შემადგენლობის მორაგბეებს დასვენების საშუალება მისცა და მარცხი განიცადა. ტულონელები “ტულუზას” სტუმრობდნენ და გასული ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვის წესით რევანშეც უნდა ეფიქრა, მაგრამ მწვრთნელმა სხვაგვარად გადაწყვიტა. შედეგად, საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა და მოქმედმა ჩემპიონმა 32:9 იმარჯვა, მაგრამ პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა.
“ტულუზას” განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებული ქართველი პირველხაზელები - ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე და აქვსენტი გიორგაძე. ტრავმა აქვს და “ტულონის” შემადგენლობაში ვერ იქნებოდა დავით ქუბრიაშვილი, ხოლო ლევან ჩილაჩავა განაცხადში ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, წელს პირველად გამოჩნდა ძირითად გუნდში მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51 წუთი ითამაშა. კოტეს დებიუტი Top 14-ში გასულ ჩემპიონატში შედგა. მან მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, შეცვლაზე შევიდა და ლელოც გაიტანა. გარდა ამისა, მან შარშან პირველ გუნდთან ერთად “ჩელენჯ ქაფის” ორ თამაშშიც მიიღო მონაწილეობა და ორივე შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
“ტულუზამ” თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და 27-ე წუთისთვის 16:0 დაწინაურდა, ტაიმი კი, 19:3 მოიგო. 59-ე წუთისთვის სტუმრებმა ჩამორჩენა 13 ქულამდე დაიყვანეს (9:22), მაგრამ საბოლოოდ 9:32 დამარცხდნენ. მასპინძლებს მხოლოდ იმაზე თუ დაწყდებათ გული, რომ სამი ლელო ვერ გაიტანეს და პრემიალური ქულის გარეშე დარჩნენ. მიუხედავად მარცხისა, “ტულონი” 27 ქულით მეორე ადგილზეა და “კლერმონსაც” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. მოგებამ “ტულუზას” ჯამში 24 ქულის დაგროვების საშუალება მისცა, გუნდი მესამე ადგილზეა და 5 ქულას უგებს უახლოეს მდევარს.
ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა “მონპელიესა” და “კასტრის” დაპირისპირებაში. მასპინძელი “მონპელიეს” სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა მამუკა გორგოძემ, “სასტარტო” იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს პირველხაზელი გიორგი ჟღენტი, რომელსაც მანამდე რამდენიმე თამაშის გამოტოვება ტრავმის გამო მოუხდა, ხოლო კიდევ ერთი პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. ტრავმირებულია სტუმართა გუნდის ქართველი პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილიც. 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი განსაკუთრებით კარგად გაისარჯა. ის გაუვალი იყო დაცვაში, მეტოქეები მუდამ წნეხის ქვეშ ყავდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.
“კლერმონისა” არ იყოს, მასპინძლებმა გამარჯვება აქაც ბოლო წუთებზე მოიპოვეს. პირველი ნახევრის დასაწყისსა და ბოლოში, “კასტრმა” ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო “მონპელიემ” შუაში ერთხელ იხირა. 57-ე წუთამდე სტუმრებმა კიდევ ორჯერ იხეირეს ჯარიმიდან და 12:3 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა 3 წუთში ჯარიმა, კიდევ 6-ში - ლელო და გარდასახვა გაიტანეს და 13:12 დაწინაურდნენ, დასკვნით წუთებზე კი, კიდევ ორი ჯარიმა გამოიყენეს და 19:12 იმარჯვეს. “მონპელიეს” 19 ქულა აქვს და “ბიარიცთან” მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, “კასტრი” კი, რომელიც მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა, 16 ქულით მე-8 საფეხურზეა.
ტურის დანარჩენი მატჩებიდან სამი მასპინძლებმა მოიგეს და ერთი - სტუმრებმა. საკუთარ მოედანზე “ბიარიცი” დამარცხდა, რომელმაც სეზონი კარგად კი დაიწყო (4 მოგება), მაგრამ ახლა ზედიზედ მესამედ დამარცხდა - “ბაიონს” მასპინძლობდა, ბოლო წუთზე ჯარიმა გაუშვა და 15:16 შერცხვა. “პერპინიანმა” “მონ-დე-მარსანი” 15:6 დაამარცხა, “გრენობლმა” “რასინგ მეტროს” 27:13 აჯობა, ხოლო “აჟენმა” “ბორდოს” 19:15 სძლია. თოპ 14-ის მომდევნო ტურის მატჩები 5-6 ოქტომბერსაა დანიშნული, რის შემდეგაც გუნდები ორი კვირით ევროთასებზე გადაერთვებიან.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090541