გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრადპროფესიონალური ლიგის - “ფედერალ 1”-ის მესამე ტური უხვმოსავლიანი იყო ქართველი ლეგიონერებისთვის. თედო ზიბზიბაძემ წყვილი ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა-გარდასახვებს ერთი ლელო შემატა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ კვლავ ჯარიმებით გამოიჩინა თავი.
მივყვეთ თავიდან და ჯერ პირველ ჯგუფზე ვთქვათ, სადაც ერთ-ერთი ლიდერი ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონია”. ეს გუნდი დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს და მესამე მატჩში ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” 29:8 დაამარცხა. წაგებულ სტუმართა განაცხადში არ იყო პეტრიაშვილი, სამაგიეროდ, მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა კოპალიანმა, ხოლო მელიქიძე შეცვლაზე 64-ე წუთზე რუმინელი პოპესკუს ნაცვლად შევიდა. “მაკონმა” პრემიალური ქულა ვერ აიღო, ამ ერთი ქულით ჩამორჩება “ლილს” და 12 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ვიენი” 5 ქულით მეშვიდეა.
რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონმა” სეზონის პირველი გამარჯვება “ბრესანთან” იზეიმა და 5 ქულით მე-8 საფეხურზეა. მომგებიან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ყუფარაძემ მიიღო, რომელიც პირველიდან 73-ე წუთამდე გაისარჯა. გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენი” სტუმრად “დიჟონთან” 26:32 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გაბელია 49-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტი კი, განაცხადში ვერ მოხვდა. “სენტ-ეტიენი” 4 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. უქულოდაა და ბოლო საფეხურზეა გიორგი სულაშვილის “სტრასბურგი”, რომელიც გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონმა” 50:10 გაანადგურა. სულაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ჯაშიტაშვილი თამაშში ბოლო რამდენიმე წუთით ჩაერთო. მისი გუნდი 7 ქულით მეხუთეა.
ქართული დერბი გაიმართა მეორე ჯგუფში, სადაც თემურ გელანტიას და ბექა ურჯუკაშვილის “ობენამ” დავით კაჭარავას “როდეზი” 22:11 დაამარცხა. სტუმართა შუამარბად სრულად ითამაშა სტუმართა რიგებში კაჭარავამ, სრულად გაისარჯა უკანა ხაზის ფლანგზე ურჯუკაშვილი, ხოლო პირველხაზელი გელანტია 48-ე წუთზე შეცვალეს. “როდეზისთვის” ეს პირველი მარცხი იყო და 8 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო “ობენამ” პირველი გამარჯვება მოიპოვა და 5 ქულით მეშვიდეა.
5 ქულით მე-8 ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი”, რომელიც “ბურგუენთან” 0:50 განადგურდა. შესვენებაზე შეცვლაზე შესულმა ქართველმა ლეგიონერმა გაფუჭებულ საქმეს ვერ უშველა. 17:43 შერცხვა ირაკლი ნინიძის “რომანი” “ლა-სენთან” და 2 ქულით ბოლო ადგილზეა. პირველხაზელმა ნინიძემ მოედანზე 65 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ შესვენებამდე მასპინძლებმა ხუთი ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი სულ რაღაც 15:14 მოიგეს, მეორე ნახევარში კი, სტუმრებს დაღლა დაეტყოთ და სამჯერ დაისაჯნენ საჯარიმო ლელოთი.
III ჯგუფში თედო ზიბზიბაძის “პერიგო” გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ლიდერ “ტიროსისგან” ბოლო წამზე ჯარიმა გაუშვა და 27:28 დამარცხდა. ოთხი წუთით ადრე ჯარიმით გამარჯვების გაფორმების შანსი “პერიგოს” ჰქონდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა ძალიან კარგად ჩაატარეს, მაგრამ მეორე ნახევარში დისციპლინამ დააღალატა და ეს შედეგზეც აისახა. საწყის 40 წუთში მათ სამი ერთმანეთზე უკეთესი ლელო გაიტანეს, აქედან ორი ზებზიბაძემ და 24:13 დაწინაურდნენ...
ქართველმა შუამარბმა თავისი პირველი ლელო მე-12 წუთზე მიითვალა, ხოლო მეორე ზედ შესვენების წინ გაიტანა. ის მთელი 80 წუთი გაისარჯა. “პერიგოს” ორი მარცხის წილ ერთი მოგება აქვს და 6 ქულით მე-6 ადგილზეა. “ტიროსს” ერთი ქულით ჩამორჩება და 13 ქულით მეორე ადგილზეა სამივე მატჩის მომგები, ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზარი”, რომელმაც ამჯერად “სენ-ჟან-დე-ლუზი” 36:16 დაამარცხა და სულ ბოლოს პრემიალური ქულაც აიღო. გუჯარაიძემ შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ხოლო ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო.
9 ქულით მეოთხე ადგილზეა ნიკოლოზ მაღალდაძის “მარმანდი”, რტომელმაც მესამე ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა და “ნიორს” 20:6 პრემიალური ქულით აჯობა. ქართველმა კვაჭმა მოედანზე 70 წუთი გაატარა, მის გუნდს კი, სამი ლელო 42-ე წუთისთვის უკვე გატანილი ჰქონდა და საბოლოო ანგარიში ამის შემდეგ აღარც შეცვლილა.
IV ჯგუფში 12ქულა შესძინა “სენ-ჟუნიანს” მერაბ კვირიკაშვილმა, მისმა და გიორგი მჭედლიშვილმა გუნდმა კი, “ოლორონთან” 22:15 იმარჯვა. სრულად მობურთალმა საქართველოს ნაკრების მგეზავმა მე-3 წუთზე გარდასახვა გაიტანა, ხუთ წუთში ჯარიმა შეასრულა ზუსტად, 50-ეზე ლელო მიითვალა და ზუსტი გარდასახვით თავისიანები 17:15 დააწინაურა, ბოლოს კი, გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ ეს აღარაფერს ნიშნავდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო მჭედლიშვილიც, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს. “სენ-ჟუნიანს” 8 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა ლაშა მალაღურაძე “ბანიერის” შემადგენლობაში და 63-ე და 70-ე წუთებზე ჯარიმები გაუტანა “ლურდს”, რითაც საკუთარი გუნდის ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ სულ ბოლოს ჯარიმით სტურებმაც იხეირეს, 24:15 იმარჯვეს და მასპინძლები უქულოდ დატოვეს. ამ მატჩში 58 წუთი გაატარა მოედანზე სიმონ მაისურაძემ. “ბანიერს” 4 ქულა დარჩა და მე-8 ადგილზეა. “ფედერალ 1”-ის მომდევნო ტურის თამაშები 6-7 ოქტომბერს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია