ამბები

18:20 | 4.10.2012 | ნანახია 1475 - ჯერ

“სპარტაკი” პლეი ოფში გავიდა

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის ქართულმა გუნდმა მოსკოვის “სპარტაკმა”, წინასწარ დაგეგმილი მისია წარმატებით შეასრულა და 5-8 ადგილების პლეი ოფში ითამაშებს.
რეგულარული პირველობის დასკვნით მატჩში, მოსკოველებს მიზნის მისაღწევად ერთი პრემიალური ქულის აღებაც ეყოფოდათ (რადგან მამუკა ლოსაბერიძის გუნდი “ბულავას” ურთიერთშეხვედრებში სჯობდა), მაგრამ საქმე სათუოდ არ გაიხადეს და “ნოვოკუზნეცკს”, რომელსაც პლეი ოფში თამაში უკვე გარანტირებული ჰქონდა, დაძაბულ ბრძოლაში 23:19 აჯობეს. თამაში სტუმართა იერიშებით კი დაიწყო, მაგრამ მასპინძლები დაწინაურდნენ. კონტრშეტევაზე ზურაბ ერისთავმა დაახლოებით 30 მეტრიანი გარბენი განახორციელა და ლელოში ბურთი ელდარ ნასრულაევს შეაყოლა, ხოლო გოდერძი ჯოგლიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
“ნოვოკუზნეცკმა” წონასწორობა მალევე აღადგინა, მერე ჯოგლიძემ ჯარიმა გაიტანა, რაზეც სტუმრებმა ჯარიმითვე უპასუხეს. ცოტა ხანში ჯოგლიძემ 40 მეტრიდან რთული ჯარიმა შეასრულა და “სპარტაკი” ისევ წინ გაიჭრა, შესვენებამდე კი, ბექა ადანაიას ფეხით შეცურებულ ბურთს ნასრულაევი შეყვა და დუბლი შეასრულა. ჯოგლიძემ რთული პოზიციიდან გარდასახვა გაიტანა და ტაიმი 20:10 დასრულდა. მეორე ტაიმის უმეტესმა დრომ სტუმართა იერიშებში ჩაიარა და მათ სამი ჯარიმა გაიტანეს, რაზეც მასპინძლებმა ერთი არეკნით უპასუხეს და 4 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
ლოსაბერიძემ კიკვაძე, მინაძე, კვერნაძე, მახარობლიძე, გოგლიჩიძე და თუთბერიძე სრულად ათამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ერისთავი (შეცვალა ხეჩიკოვმა 41-ე წუთზე, თამაშში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად დაბრუნდა 70-ე წუთზე), ძაგნიძე (41), ადანაია (53), ჯოგლიძე (54) და დახუნდარიძე (48). შეცლაზე 30 წუთი ითამაშა კვანთიძემ (დაშავდა და 70-ე წუთზე შეცვალა ერისთავმა).
“სპარტაკმა” რეგულარულ პირველობაზე მე-6 ადგილი დაიკავა და ორმატჩიან პლეი ოფში “იმპერიას” დაუპირისპირდება. ამავე ადგილებისთვის პლეი ოფში კარლო მაღლაკელიძის “აგროუნივერსიტეტი” “ნოვოკუზნეცკს” შეხვდენა. საჩემპიონო პლეი ოფში რეგულარული პირველობის უდანაკარგოდ მომგები რატი ურუშაძის და ვალერი ცნობილაძის “ენისეი-სტმ”-ი “სლავას” შეხვდება, ხოლო გრიგოლ ცნობილაძის “კრასნი იარი” რუსეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს “ვვა-პოდმოსკოვიეს” შეერკინება. პლეი ოფის პირველი თამაშები 6-7, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 13-14 ოქტომბერს გაიმართება. ორმატჩიანი ფინალი და მატჩები სხვადასხვა ადგილებისათვის 20-27 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085262