ბოლო წლების საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირების ხილვა, ქართული რაგბის გულშემატკივრებს შაბათს, საღამოს 6 საათიდან “ავჭალაში” შეეძლებათ. დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივი” “ლელოს” მასპინძლის სტატუსით დაუხვდება და ორივე გუნდი ეცდება საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას.
იყო დროს, როდესაც სწორედ ამ გუნდების ჯახში წყდებოდა ქვეყნის ჩემპიონისა თუ თასის მფლობელის ვინაობა, მერე მათ ქუთაისის “აია” და თბილისის “არმია” შეემატათ, პერიოდულად, ესა თუ ის გუნდიც აჩენდა ბრჭყალებს, მაგრამ “ლოკომოტივი” და “ლელო” შიდა რაგბის მოწინავეთა შორის ძველებურად რჩებიან და მათ დაპირისპირებასაც გულშემატკივარი ძველებურად დიდი ინტერესით ელოდება.
ბოლო წელიწადნახევარს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ “ლოკომოტივმა” “ლელოს” ორჯერ გადაუღობა ფინალისკენ მიმავალი გზა. 2011 წლის გაზაფხული-შემოდგომას სისტემით ჩატარებული ჩემპიონატის პლეი ოფის ადრეულ ეტაპზე, “რკინიგზელებმა” მეტოქეს 22:13 აჯობეს და მე-4 ადგილს დააჯერეს, თუმცა, მცირე ფინალში თავად ისინიც დამარცხდნენ ქუთაისის “აიასთან”. მანამდე, რეგულარულ სეზონში, გუნდებმა თითო-თითო თამაში მოიგეს - პირველ წრეში “ლელომ” 27:19 იმარჯვა, მეორეში “ლოკომოტივმა” 25:20 იმძლავრა.
გაზაფხულის ტურნირის ნახევარფინალის პირველი მატჩი “ლელომ” 20:10 მოიგო, მაგრამ განმეორებითი შეხვედრა “ლოკომოტივმა” ასევე 10 ქულით - 28:18 მოიგო და რადგან მეტოქეზე მეტი ლელო ჰქონდა გატანილი, ფინალშიც ის გავიდა. მანამდე, 2010 წლის ჩემპიონატში ამ გუნდებმა ბოლოჯერ გაითამაშეს ჩემპიონობა და ფინალში “ლოკომოტივმა” მეტოქე 16:11 დაამარცხა, რითაც ქვეყნის უპირველესი გუნდის ტიტული ბოლოჯერ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წინასწარ პლეი ოფში “ლელომ” 22:10 იმძლავრა, მაგრამ უმთავრეს მატჩში იგივეს გაკეთება ვერ მოახერხა.
ეს გუნდები უკვე წლებია განსხვავებული სტილით თამაშობენ. “ლოკომოტივი” ცნობილია როგორც ფიზიკურად ძლიერი, ძალისმიერი გუნდი, ხოლო “ლელო” აქცენტს უფრო სწრაფ, გაშლილ თამაშზე აკეთებს. მიმდინარე სეზონის განვლილ შეხვედრებს თუ გადავავლებთ თვალს, არც ახლა შეცვლილა არაფერი, ოღონდ, გუნდები განსხვავებული წარმატებით ასპარეზობენ. “ლოკომოტივს” ორ-ორი მოგება-წაგება და ერთი ფრე აქვს და მომავალ ჯახს მე-5 საფეხურზე ხვდება, ხოლო “ლელომ” მხოლოდ ერთი მატჩი დათმო, ერთადერთხელ დამარცხდა და 20 ქულით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
მთლიანობაში, წელს “ლელო” წარმატებულად თამაშობს და პრაქტიკულად ყველა მოგებულ მატჩში მისი ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველი სამი თამაში (“აკადემიასთან”, “ყოჩებთან” და “ბათუმთან) პრემიალური ქულით მოიგო (მეტოქეზე სამით მეტი ლელო გაიტანა), მერე “არმიას” მედგრად ებრძოლა და 23:30 დამარცხდა, რითაც პრემიალური ქულა ჩაიწერა, ხოლო ერთი კვირის წინ “აიას” 70 წუთის შემდეგ 29:0 უგებდა (4:0 ლელოებით), მაგრამ მოახერხა და ბოლოს ორი ლელო გაუშვა, რითაც პრემიალური ქულა დაკარგა.
“ლოკომოტივს” მძიმე დასაწყისი ჰქონდა. მართალია, პირველ ტურში მათ “ყოჩებს” დამაჯერებელი სხვაობით სძლიეს, მაგრამ ოთხის საპასუხოდ ორი ლელო გაუშვეს და პრემიალური ქულა ვერ აიღეს, მერე ბათუმში დაძაბულ ბრძოლაში 10:13 დამარცხდნენ და მხოლოდ ქულა აიღეს, ქულას დასჯერდნენ ჩემპიონ “არმიასთან” მარცხის შემდეგაც (12:18), ქუთაისში “აიასთან” ჯახი ფრედ 25:25 დასრულდა, ერთი კვირის წინ კი, “ილიაუნი ჯიქს” 29:22 მოუგეს, ოთხი ლელო გაიტანეს, თავად ერთი გაუშვეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.
VI ტურის დარჩენილი შეხვედრები 16 საათზე დაიწყება და სამი მათგანი შაბათს გაიმართება. თბილისში, “შევარდენზე”, “ილიაუნი ჯიქი” აუტსაიდერ “ყოჩებს” დაუხვდება და დეგეგმილი ქულების ჩაწერას ეცდება. “ჯიქებმა” ხუთიდან სამი თამაში მოიგო “ხარებთან”, “აიასთან” (12:6) და “აკადემიასთან” (პრემიით), ორჯერ დამარცხდა (“არმიასთან” და “ლოკომოტივთან” პრემიით) და 14 ქულით მე-4 ადგილზეა. “ყოჩებს” ლელოები ბლომად გააქვს, მაგრამ თავადაც ბევრს უშვებს და ამის გამო ჯერჯერობით მხოლოდ სამი პრემიალური ქულა აქვს. პრემიის აღება მათ ბოლო სამ თამაშში მოახერხეს - “არმაზთან”, “ხარებთან” და “აკადემიასთან”. ამ უკანასკნელთან “ყოჩებმა” მძიმე ბრძოლა გადაიტანა, ერთი ჯარიმა გაიტანა, თავად ორი გაუშვა და 3:6 დამარცხდა.
VI ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ქუთაისში, “დინამოზე” გაიმართება და ადგილობრივი “აია” თბილისის “არმაზს” დაუხვდება. “არმაზმა” ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო, ოღონდ, ოთხივე ცხრილის ქვედა ნაწილის წარმომადგენლებთან (“ხარები”, “აკადემია”, “ყოჩები” და “ბათუმი”) და ერთხელაც ვერ აიღეს პრემიალური ქულა, ხოლო ერთი კვირის წინ დიდი ბრძოლა გაუმართეს ჩემპიონ “არმიას” და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე 17:15 იგებდნენ კიდეც, მაგრამ დასკვნით პერიოდში ჯერ ჯარიმა გაუშვეს, მერე ლელო და 17:23 დამარცხდნენ, რითაც მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით დაკმაყოფილდნენ.
ასეა თუ ისე, “არმაზი” ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, რომელმაც განვლილი ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო და 17 ქულით მე-3 ადგილზეა. აი “აიამ” ახალი სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო. ქუთაისში მათ ბათუმი ბოლოსღა გატეხეს და 13:3 იმარჯვეს, ხოლო “ლოკომოტივთან” მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ. ქუთაისელებმა ყველაზე წარმატებულად მეორე ტურში ითამაშეს და ჩემპიონი “არმია” თბილისში 16:15 დაამარცხეს, მაგრამ თბილისშივე “ჯიქებთან” 6:12 დამარცხდნენ და პრემიალური ქულა აიღეს, ხოლო “ლელოსთან” უშანსოდ წააგეს (14:29) და თავს იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ მეტოქეს პრემია არ ააღებინეს.
სატურნირო ცხრილის მეზობლები წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ ბათუმში, სადაც ადგილობრივი გუნდი “აკადემიას” დაუხვდება. აკადემიელებმა ჩემპიონატის დებიუტში ზედიზედ ოთხი თამაში წააგეს და მხოლოდ ერთხელ მოახერხეს პრემიალური ქულის აღება (“ხარებთან” 11:17), გასულ ტურში კი, “ყოჩებს” დაძაბულ ბრძოლაში ერთი ჯარიმით მოუგეს (6:3) და 5 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. 5 ქულა აქვს “ბათუმსაც”, ოღონდ ამ გუნდმა ერთით ნაკლები თამაში ჩაატარა. გასულ კვირაში ზღვისპირელებს რუსთავში უნდა ეთამაშათ, მაგრამ ეს შეხვედრა 10 ნოემბრისთვის გადაიდო.
ბათუმელებს ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, რომ მისგან ყველა უკეთეს შედეგებს ელის. ეს მოლოდინი საწყის ორ ტურში კიდევ უფრო გამყარდა, როდესაც “ბათუმი” პირველ ტურში ქუთაისში დიდი ბრძოლის შემდეგ დამარცხდა, ხოლო მეორეში “ლოკომოტივს” 13:10 აჯობა. ამის შემდეგ “ბათუმი” თბილისში “ლელოსთან” ძალიან ცუდად გაისარჯა და 10:37 დამარცხდა, ხოლო მეოთხე ტურში “არმაზს” ვერ აჯობა და მხოლოდ პრემიალური ქულა აიღო (13:18).
VI ტურის ბოლო მატჩი თბილისში კვირას, 7 ოქტომბერს “ავჭალაზე” გაიმართება და 16 საათზე დაიწყება. ქვეყნის ჩემპიონი, თასის მფლობელი და გაზაფხულის ტურნირის გამარჯვებული “არმია” რუსთავის “ხარებს” დაუხვდება და თუ წინა დღეს “ლელო” და “არმაზი” დამარცხდებიან, გალიდერების შანსიც ექნება. არმიელები მხოლოდ ერთხელ, მეორე ტურში “აიასთან” დამარცხდნენ და ისიც მინიმალური სხვაობით, დანარჩენი ოთხი ჯახი კი, მათი გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, მათ ყველა გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ერთხელ მოახერხეს პრემიალური ქულის აღება, დანარჩენ შემთხვევებში კი, მცირედით იმარჯვეს.
“ხარებმა” ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ (“არმაზთან” და “ჯიქებთან” (პრემიით), ზედიზედ ორი მომდევნო თამაში მოიგეს (“აკადემიასთან” და “ყოჩებთან”), გასულ კვირას კი, დაისვენეს. ახლა რუსთაველებს 9 ქულით მე-7 ადგილი უჭირავთ, ერთი მატჩი თადარიგში აქვთ და საპლეიოფო ექვსეულისთვის ბრძოლის კარგი შანსი აქვთ, ოღონდ, ამისათვის დაგეგმილი ქულების აღებასთან ერთად ერთი-ორი სენსაციური შედეგის დაფიქსირებაც მართებთ.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. VI რაუნდი
6 ოქტომბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
ქუთაისი. “დინამო”. 16:00
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი)
ბათუმი. “ანგისა”. 16:00
ბათუმი (ბათუმი) - აკადემია (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი)
7 ოქტომბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
1. | ლელო | 5 | 4 | 0 | 1 | 161-76 | 20 |
2. | არმია | 5 | 4 | 0 | 1 | 121-87 | 18 |
3. | არმაზი | 5 | 4 | 0 | 1 | 99-65 | 17 |
4. | ჯიქები | 5 | 3 | 0 | 2 | 105-85 | 14 |
5. | ლოკომოტივი | 5 | 2 | 1 | 2 | 104-90 | 13 |
6. | აია | 5 | 2 | 1 | 2 | 74-84 | 11 |
7. | ხარები | 4 | 2 | 0 | 2 | 57-68 | 9 |
8. | ბათუმი | 4 | 1 | 0 | 3 | 39-78 | 5 |
9. | აკადემია | 5 | 1 | 0 | 4 | 32-108 | 5 |
10. | ყოჩები | 5 | 0 | 0 | 5 | 77-128 | 3 |
ზურა ქსოვრელი
ბადრი კეთილაძის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია