ამბები

13:55 | 8.10.2012 | ნანახია 1253 - ჯერ

ევროტურნირების სტარტამდე

მიმდინარე კვირის ბოლოდან, საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის გუნდები და მათი ქართველი ლეგიონერები ევროტურნირებში ჩაებმებიან, მანამდე კი, მათ Top 14-ის VIII ტურის მატჩენი მოილიეს. შეხვედრები დაძაბული გამოდგა და შედეგების მიხედვით, სატურნირი ცხრილის ზედა ოთხეულში ქართველი ლეგიონერების გუნდები მოკალათდნენ.
ყველაზე ადრე ერთმანეთის პირისპირ “კასტრი” და “კლერმონი” წარსდგნენ. ეს შეხვედრა იმით იყო საინტერესო, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა კასტრელთა პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად გავიდა მოედანზე და შეცვლაზე 15 წუთი ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს “კლერმონის” პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი, ხოლო ვიტო კოლელიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა.
მატჩს 8500 მაყურებელი დაესწრო და მისი პირველი ტაიმი სტუმრად მობურთალმა “კლერმონმა” 6:3 მოიგო. თამაშის განახლებისთანავე წონასწორობა აღდგა, მაგრამ მალე სტუმრებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს. “კასტრმა” ლელო-გარდასახვითვე 63-ე წუთზე უპასუხა, ხოლო 76-ეზე ჯარიმიდან იხეირა და 16:13 იმარჯვა. ფეიქრიშვილის გუნდს 20 ქულა მოუგროვდა და მე-6 ადგილზეა, ხოლო “კლერმონმა” ერთი პრემიალური ქულა აიღო, ლიდერის პოზიცია დათმო და 28 ქულით “ტულუზასთან” მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. “კასტრი” 12 ოქტომბერს ირლანდიას ეწვევა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში “ოლსტერს” დაუპირისპირდება, ხოლო “კლერმონი” იმავე “ჰაინეკენის თასზე” უელსის “სკარლეტს” 13 ოქტომბერს უმასპინძლებს.
Top 14-ის სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა”, რომელმაც მოწინავე პოზიცია ერთი კვირის წინ განცდილი მარცხის გამო დაკარგა, ახლა კი, “ბიარიცი” სტუმრად 36:9 გაანადგურა და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, ხოლო ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ. მასპინძლებმა ქულები პირველ ტაიმში, 2 ჯარიმით და ერთი არეკნით დააგროვეს.
შესვენებამდე სამი ჯარიმა, ერთი ლელო და გარდასახვა გაიტანეს სტუმრებმა და 16:9 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში “ტულონმა” უპირატესობა ჯერ ჯარიმებით გაზარდა (2 ჯარიმა) და როცა გამარჯვება უკვე მის ხელთ იყო, დასკვნით წუთებში პრემიალური ქულის აღებაზე იზრუნა. ტულონელებმა მეორე ლელო 76-ე წუთზე გაიტანეს, მესამე - ზედ საფინალო სასტვენის წინ და ჯამში 5 ქულა აიღეს. VIII ტურის შემდეგ ისინი 32 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ, 14 ოქტომბერს კი, “ჰაინეკენის თასის” ფრანგულ დერბიში “მონპელიეს” უმასპინძლებენ.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის გუნდმა, “რასინგ მეტროსთან” სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 23 ქულით მე-4 ადგილზეა. ნარიაშვილი ტრავმირებულია, გორგოძემ სრულად ითამაშა, ხოლო ჟღენტი 59-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმი უჩვეულოდ უშედეგო გამოდგა და “მონპელიემ” 3:0 მოიგო. მეორე ნახევარის დებიუტში მასპინძლები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, სტუმრებმა ერთით უპასუხეს, მაგრამ 58-ე წუთზე კვლავ ჯარიმით ჩამორჩნენ. განახლდა თამაში და “მონპელიემ” ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა, ხოლო 63-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს. “რასინგ მეტრომ” 68-ე წუთზე მეოთხე ჯარიმა გაიტანა, მაგრამ დარჩენილ დროში ვეღარაფერი შეცვალა და “მონპელიემ” 16:12 იმარჯვა.
უფრო მძიმე გამარჯვება იზეიმა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ”, რომელიც “ბორდოს” სტუმრად ქართველების გარეშე ეთამაშებოდა. 53-ე წუთისთვის “ბორდო” 19 ქულას იგებდა (29:10), 71-ე წუთისთვის ეს სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს. ამის მერე ისინი ორჯერ დაისაჯნენ სინბინით, 13 კაცის ამარა ვეღარ გაძლეს, საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და რადგან გარდასახვაც ზუსტი იყო, “ტულუზამ” 34:32 მოიგო. “კლერმონის” დარად, “ტულუზას” 28 ქულა აქვს და 14 ოქტომბერს “ჰაინეკენის თასზე” ინგლისურ “ლესტერს” დაუხვდება.
“მონ-დე-მარსანთან” სტუმრად 2 ქულით იმარჯვა ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ”. აქ დიდი ხნის განმავლობაში სტუმრები ლიდერობდნენ და 49-ე წუთამდე 21:9 იგებდნენ, მერე მეტოქეს ორჯერ ჩამორჩნენ, მაგრამ საბოლოოდ 30:28 მაინც იმარჯვეს. ქართველი ლეგიონერი განაცხადში კი იყო, მაგრამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. “სტად ფრანსე” 15 ქულით მე-10 ადგილზეა და 13 ოქტომბერს რანგით მეორე - “ჩელენჯ ქაფზე” ინგლისში “ლონდონ უელშს” შეხვდება.
ქართველი ლეგიონერის კიდევ ერთი გუნდი, რომელიც “ჰაინეკენის თასისთვის” ბრძოლაში ჩაებმება, დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური გრანდი “ედინბურგია”, რომელიც 13 ოქტომბერს ინგლისურ “სერასინს” დაუხვდება, მანამდე კი “კელტების ლიგაში” იტალიურ “ბენეტონს” უმასპინძლა და მოულოდნელად 22:27 დამარცხდა. იტალიელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და სქოთებმა 78-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით შეძლეს პრემიალური ქულის აღება. ბასილაიამ შეუცვლელად ითამაშა, “ედინბურგი” კი, 12 ქულით მე-9 ადგილზეა.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.139976