საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარული დივიზიონი Pro D2 ორკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდა და ამ ლიგის გუნდებში მობურთალ ქართველ ლეგიონერთაგან, VI ტურში სინბინით ერთბაშად ოთხი დაისაჯა.
გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” “ექს-ან-პროვანსს” სტუმრად ეთამაშა და 20:16 იმარჯვა. შერკინების მეორე ხაზში სრულად იბურთავა ნემსაძემ, შეუცვლელად გაისარჯა 8 ნომერზე ჩხაიძე, ოღონდ, 30-ე წუთზე მეტოქესთან წაკინკლავებისთვის სინბინით დაისაჯა, ხოლო დადუნაშვილი და მირცხულავა შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდნენ. 30-ეს გარდა, რეფერიმ გუნდებს 33-ე წუთზეც თითო მორაგბე გაუსინბინა და სანამ 13-კაცა რაგბი მიდიოდა, მასპინძლები 13:7 დაწინაურდნენ. “ტარბმა” დასკვნით 20 წუთში იყოჩაღა და ახლა 19 ქულით მე-3 ადგილზეა (2 ქულით ჩამორჩება ლიდერ “უაიონას”).
ყვითელი ბარათით პირველივე წუთზე დაისაჯა კარლენ ასეიშვილი, რომელიც მოედანზე დაბრუნების შემდეგ, 70-ე წუთზე შეცვალეს. შეუცვლელად ითამაშა მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა, ხოლო გიორგი ნაცარაშვილი ბრძოლაში 57-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ ქართველთა სამეულის “ორიაკი”, ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბისთან” 19:25 დამარცხდა. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ თოდუა იყო, რომელიც თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. “ალბი” სულ წინ იყო და “ორიაკმა” ბოლოსღა შეძლო ორი ლელოს გატანით ჩამორჩენის 6 ქულამდე დაყვანა, რითაც ერთი პრემიალური ქულა მიიღო და 17 ქულით მე-4 ადგილზეა. 17 ქულა აქვს “ალბისაც”, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება მეტოქეებს და მე-6 ადგილზეა.
უკიდურესად უხეში გამოდგა “დაქსისა” და “მასის” შეხვედრა. რეფერიმ მასპინძელთა ორი და სტუმართა ოთხი მორაგბე გაასინბინა, ბოლოს კი, სტუმრების ერთ მორაგბეს წითელი ბარათიც უჩვენა. “მასის” რიგებში 21-ე წუთზე გაასინბინეს შალვა სუთიაშვილი, რომელიც მორაგბეს წაეჩხუბა და ყვითელი ბარათით ორივე დაისაჯა. მან შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა. 39-ე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი პირველხაზელმა დავით აშვეთიამ, რომელიც სასჯელის ამოწურვის შემდეგ თამაშში აღარ ჩართულა. შესვენების შემდეგ გამოჩნდა “დაქსის” რიგებში ტარიელ რატიანიძე, რომლის გუნდმაც 44:10 იმარჯვა. “დაქსისთვის” ეს პირველი მოგება იყო, თანაც ბონუსით, მაგრამ 7 ქულით მაინც ბოლო ადგილზე რჩება. 9 ქულა აქვს და მე-14 საფეხურზეა “მასი”.
დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივმა” “ოშს” 16:11 აჯობა. დაძაბული პირველი ტაიმი 6:5 დასრულდა, მერე მასპინძლები 16:5 დაწინაურდნენ და ორი ჯარიმა დასკვნით 10 წუთშიღა გაუშვეს. ნატრიაშვილი ტარვმირებულია, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ხინჩაგიშვილი 63-ე წუთზე შველიძემ შეცვალა. “ბრივს” 15 ქულით მე-9 ადგილი უკავია.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “პოს” მასპინძლობდა და სამჯერ დარჩა მეტობაში. სტუმრები სამჯერ დაისაჯნენ სინბინით და რამდენიმე წუთი მოედანზე 13-ნიც იყვნენ, მაგრამ მასპინძლებმა სათანადო უპირატესობა ვერ მოიპოვეს. “ბეზიე” მეტოქეს ძალაშიც ჯობნიდა და საჯარიმო ლელოც მიითვალა, მაგრამ 16:19 დამარცხდა. შეყლაშვილმა პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა.
გურამ კავთიძის “ლიონმა” “ნარბონს” ერთის წილ ხუთი ლელო გაუტანა, 36:16 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიიწერა. არადა, 35-ე წუთისთვის სტუმრები 13:6 დაწინაურდნენ და მასპინძლებმა ზედ შესვენების წინ აღადგინეს წონასწორობა, აი მეორე ნახევარში კი, მომხვდური აშკარად დაჯაბნეს. ქართველმა პირველხაზელმა მოედანზე 66 წუთი გაატარა და ახლა მისი გუნდი 20 ქულით მეორე ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის მატჩები 13-14 ოქტომბერსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია