ამბები

12:43 | 9.10.2012 | ნანახია 1569 - ჯერ

“ენისეი” ცალი ფეხით ფინალშია, “სპარტაკი” კიდევ იბრძოლებს

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფში, თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში რატი ურუშაძის და ვალერი ცნობილაძის “ენისეი-სტმ”-მა დიდი ანგარიშით იმარჯვა და ფინალში თამაში პრაქტიკულად დაიბევა.
რუსეთის მოქმედი ჩემპიონი პირველ მატჩს “სლავასთან” სტუმრად მართავდა და მეტოქე 40:9 გაანადგურა, რითაც საპასუხო შეხვედრას პრაქტიკულად აზრი დაუკარგა. კრასნოიარსკელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო ლელო გაუტანეს და დიდი ალბათობით 13 ოქტომბერს საპასუხოსაც მოიგებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე ურუშაძე შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა, ხოლო რუსეთის ნაკრების წევრმა ცნობილაძემ სრულად ითამაშა.
ფინალში “ენისეის” მეტოქის ვინაობას საპასუხო მატჩი გაარკვევს. რუსეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა “ვვა-პოდმოსკოვიემ” პირველ ჯახში ვალერის ძმის, გრიგოლ ცნობილაძის “კრასნი იართან” მხოლოდ მინიმალური სხვაობით იმარჯვა. ცნობილაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 16:14 იგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჯონ დოდისგან არეკნი გაუშვეს და 16:17 დამარცხდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი 14 ოქტომნერს, კრასნოიარსკულ მატჩში გაირკვევა.
მე-5-მე-8 ადგილების პლეი ოფის პირველ მატჩში, “იმპერიასთან” სტუმრად 13:32 დამარცხდა რუსეთის ჩემპიონატის ქართული გუნდი მოსკოვის “სპარტაკი”. თამაში საინტერესო საყურებელი გამოდგა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა. დებიუტში სტუმრები უკეთ თამაშობდნენ, ანგარიშე ლელოთი გახსნეს, მერე ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 8:0 მოიგეს. დაიწყო მეორე ტაიმი და პენზელებმა ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო შემდეგ 15:8 დაწინაურდნენ. ამაზე “სპარტაკმა” ლელოთი უპასუხა და გარდასახვაც რომ გაეტანა, წონასწორობა აღდგებოდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ამას ისიც დაერთო, რომ შეხვედრის რეფერი დაშავდა და მისი ადგილი პენზელმა გვერდითმა მსაჯმა დაიკავა, რომელმაც დასკვნითი მეოთხედი მასპინძელთა სასარგებლოდ განსაჯა.
“სპარტაკზე” ამან ცუდად იმოქმედა, მოსკოველები ბოლოს მოეშვნენ და არაფრისგან ორი ლელო მიიღეს, რის გამოც 13:32 დამარცხდნენ და 14 ოქტომბერს 19-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევთ. “სპარტაკის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ერისთავმა, კვანთიძემ, მინაძემ, კიკვაძემ, მახარობლიძემ, კვერნაძემ და თუთბერიძემ. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს ხეჩიკოვი, ხოლო გოგლიჩიძემ 74-ე წუთზე ადგილი ადანაიას დაუთმო. განაცხადში არ იყო მოსკოველთა ერთ-ერთი ლიდერი, ტრავმირებული გოდერძი ჯოგლიძე. სტუმართაგან სინბინით დაისაჯნენ კიკვაძე (უხეში თამაში) და ერისთავი (სახიფათო ბოჭვა).
ნამატჩევს “სპარტაკის” ადმინისტრატორმა შაკო ძაგნიძემ ყურადღება მსაჯობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი არ შეცვლილა: “ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო და მე-60 წუთამდე თანაბარი და საინტერესო ბრძოლა მიდიოდა. მაგრამ მსაჯთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. დროა, მსაჯობის ხარისხს სათანადო ყურადღება მიაქციონ. ახლა კი რა მოხდა? მთავარი მსაჯი გახდა აბსოლიტურად არაკომპეტენტური ადამიანი. შედეგად, ჩვენი მორაგბეები დანებდნენ - ასე არ შეიძლება!
განვმეორდები და ვიტყვი, რომ თამაში იყო საინტერესო, რომლის მოგებაც თავისუფლად შეგვეძლო. თამაშის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა მოვახერხეთ და ის იყო, ქულების დაგროვება უნდა დაგვეწყო... გამოვიდა პენზელი მსაჯი და მაქსიმუმი გააკეთა თავისიანებისთვის. ეს სავსებით გასაგებია, ის სხვაგვარად უბრალოდ ვერ მოიქცეოდა, მაგრამ ამას ყურადღება კავშირმა უნდა მიაქციოს. არა მხოლოდ მთავარი, არამედ გვერდითი მსაჯებიც კვალიფიციურები უნდა იყვნენ.
ახლა საპასუხო მატჩის წინ ურთულესი ამოცანის წინაშე ვდგავართ. ქულებში დიდი სხვაობაა, მაგრამ ჩვენ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებას და “იმპერიას” ბარიერის დაძლევას ვგეგმავთ. საერთო მიზანი უცვლელია - გამარჯვება”.
მე-5-მე-8 ადგილების მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველ მატჩში, “აგროუნივერსიტეტმა” “ნოვოკუზნეცკს” 34:32 მოუგო და ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075157