ამბები

16:14 | 9.10.2012 | ნანახია 1878 - ჯერ

ზიბზიბაძის მესამე და ურჯუკაშვილის პირველი ლელო

საფრანგეთის მესამე დონის, ნახევრადპროფესიულ ფედერალ 1-ის IV ტურში, საკუთარ გუნდებს ქულები ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა შესძინა. საუკეთესო ფორმაშია 32 წლის შუამარბი თედო ზიბზიბაძე, რომელმაც ახალი სეზონის მეოთხე მატჩში მესამე ლელო გაიტანა.
22 წლოს უკანახაზელმა ბექა ურჯუკაშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე თამაშში მიიღო მონაწილეობა და თავისი პირველი ლელო მიითვალა. ამ ტურში მხოლოდ ერთ ჯარიმას დასჯერდა მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო ლაშა მალაღურაძემ 3 ჯარიმითა და ერთი არეკნით 12 ქულა მოინაგრა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა.
I ჯგუფში პირველი ქულები დაკარგა, მაგრამ ლიდერობას მაინც ინარჩუნებს ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონი”. ზედიზედ სამი თამაშის მოგების შემდეგ, ეს გუნდი “ბობინის” სტუმრად დაუზავდა - 19:19. ქართველი პირველხაზელები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და სრულად გაისარჯნენ. “მაკონს” მოგებაც შეეძლო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე ჯარიმა გაუშვა და ახლა 14 ქულით პირველობას “ბრესანთან” იყოფს.
9 ქულით მე-5 ადგილზეა ზერო პეტრიაშვილის “ვიენი”, რომელმაც გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი” 18:13 დაამარცხა და ეს გუნდი უკან მოიტოვა. მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია პეტრიაშვილს, ხოლო ჯაშიტაშვილი სრულად გაისარჯა. “შალონს” 8 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა. 8 ქულით მე-8 ადგილზეა გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენი”, რომელმაც ჯგუფის აუტსაიდერი, გიორგი სულაშვილის “სტრასბური” 37:22 დაამარცხა. ჩვენებურთაგან ამ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ გაბელიამ მიიღო, რომელიც შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა. ამ თამაშში პრემიალური ქულა ვერავინ აიღო და “სტრასბური” კვლავაც უქულოდაა.
წინა ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კვლავ დამარცხდა გიორგი ჯაშიტაშვილის, რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლუსონი”, რომელსაც “დიჟონმა” 27:19 აჯობა და უქუოლოდ დატოვა. ყუფარაძე შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 6:18 იყო და სტუმრებს ჩამორჩენის შემცირებაში დაეხმარა, მაგრამ თუნდაც პრემიალური ქულის ასაღებად მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა. სხვა ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, “მონლუსონი” კი, 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
II ჯგუფში საუკეთესო შედეგი აქვს თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნას”, რომელსაც IV ტურში “აგდის” პრემიალური ქულით დამარცხებაში ქართველი უკანახაზელი დაეხმარა. ურჯუკაშვილმა შუამარბად სრულად ითამაშა და 37-ე წუთზე თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, რითაც ანგარიში 21:6 გახადა. “ობნამ” თამაში 38:13 მოიგო, ერთის საპსუხოდ 4 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც აიღო. ქართველთა გუნდს 4 თამაშის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. გელანტია განაცხადში არ იყო.
9 ქულით მე-5 ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი”, რომელმაც “ლა სენი” 22:18 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა პირველხაზელმა მოედანზე 75 წუთი გაატარა. მას 1 ქულით ჩამორჩება და მე-6 პოზიციაზეა დავით კაჭარავას “როდეზი”, რომელიც საკუთარ მოედანზე ჯგუფის აუტსაიდერ ირაკლი ნინიძის “რომანთან” მოულოდნელად 12:28 დამარცხდა. ნინიძე სტუმართა განაცხადში არ იყო, ხოლო კაჭარავა შეცვლაზე 44-ე წუთზე შევიდა. “რომანისთვის” ეს პირველი მოგება იყო და ჯამში 6 ქულა მოუგროვდა.
III ჯგუფში ოთხიდან ოთხი მოგებით და 18 ქულით “ტიროსთან” ერთად ლიდერობს ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი”. IV ტურში მან “სენ-ჟან-დანჟელი” 27:0 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. შერკინების მეორე ხაზში ტრადიციულად სრულად ითამაშა გუჯარაიძემ, ხოლო ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო.
თედო ზიბზიბაძის “პერიგომ” ნიკოლოზ მაღალდაძის “მარმანდი” 30:10 დაამარცხა, მაგრამ ბონუსი ვერ აიღო, რადგან სამის წილ ერთი საპასუხო ლელო მიიღო. შუამარბმა ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა და 49-ე წუთზე თავისი გუნდის მეორე ლელოც გაიტანა, რითაც ანგარიში 21:3 გახადა. შერკინების პირველ ხაზში სრულად ითამაშა მაღალდაძემაც, რომლის გუნდიც 9 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “პერიგო” 10 ქულით მესამეა. ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, თუმცა, მეოთხე პრემიალური ქულა აიღო გაჩეჩილაძის “აჟეტმომ”. “ნიორთან” სტუმრად 15:18 წაგებულ შეხვედრაში ქართველი ლეგიონერი 55-ე წუთიდან ჩაერთო. ამ წაგების გამო “აჟეტმოს” “ნიორმა” გადაასწრო და ის ახლა ბოლო ადგილზეა.
IV ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ორივე გუნდი დამარცხდა. მერაბ კვირიკაშვილის და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანი” “ლურდთან” სტუმრად მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ ჯარიმა გაუშვა, 14:15 დამარცხდა და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა. მჭედლიშვილის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69 წუთი ითამაშა, ხოლო კვირიკაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე გამოჩნდა და 59-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა. “სენ-ჟუნიანი” 9 ქულით მე-5 ადგილზეა.
სამწუხაროდ, 4 ქულით ბოლო ადგილზეა ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერი”, რომელმაც პირველი მატჩის მოგების შემდეგ, ზედიზედ მესამე თამაში დათმო. ამჯერად ქართველთა გუნდს “ლიმოჟმა” 22:12 მოუგო. მალაღურაძემ მგეზავად სრულად ითამაშა და სტუმართა 12-ივე ქულა მის ანგარიშზეა. “ბორჯღალოსანმა” ჯარიმით ანგარიში მე-9 წუთზე გაათანაბრა, 54-ე წუთზე არეკნით სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა (6:15), 61-ე და 72-ე წუთებზე ჯარიმები შეასრულა ზუსტად და ანგარიში 12:15 გახდა, მაგრამ “ბანიერმა” ბოლოსკენ ლელო-გარდასახვა გაუშვა და სულაც ქულის გარეშე დარჩა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ითამაშა პირველხაზელმა მაისურაძემ.
ფედერალ 1-ის მომდევნო ტურის მატჩები 13-14 ოქტომბერს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.116043