როგორც ცნობილია, ნოემბერში საქართველო ტესტ-მატჩებში ფიჯის და იაპონიის ნაკრებებთან ითამაშებს. ორივე გუნდისთვის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი საკმაოდ გრძელი გასვლითი ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მოივლიან. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ემზადებიან ჩვენი მომავალი სტუმრები, როგორია მათი მოლოდინი ამ ტესტ-მატჩებთან დაკავშირებით და ა.შ.
გთავაზობთ ფიჯისა და იაპონიის ნაკრებების წარმომადგენლებთან გამართულ ბლიც-ინტერვიუს.
- საქართველოს ნაკრებზე რა გსმენიათ?
ფიჯი: საქართველოს ნაკრების შესახებ ცოტა რამ ვიცით, გარდა იმისა, რომ თქვენი საუკეთესო მოთამაშეების უმრავლესობა ევროპაში თამაშობს. საქართველო ძალიან კარგი გუნდია და თუ ყველაფერი სათქვენოდ აეწყო, საკმაოდ ძნელი მეტოქე ხართ.
იაპონია: იმის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, რაც გვსმენია, საქართველო არის ძლიერი, ჯანიანი ნაკრები მაგარი შერკინებით.
- რას ელით ამ ტესტ-მატჩიდან?
ფიჯი: ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება მძიმე, ძალისმიერი თამაში საქართველოსთვის ხელსაყრელ პირობებში.
იაპონია: გვინდა. უფრო ახლოს გავიცნოთ ევროპული რაგბი, მოვსინჯოთ ჩვენი ძალები.
- როგორ ემზადებით?
ფიჯი: ამ მატჩისთვის მზადება ევროპული ტურნეს წინ საწვრთნელი პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. იმედია, ინგლისთან, ირლანდიის ”ა“ ნაკრებთან და გლოსტერთან მატჩებიც “გაგვაკაჟებს“ და საქართველოსთან შერკინებისთვის უკეთ მოგვამზადებს.
იაპონია: ძალიან ბევრ ყურადღებას ვუთმობთ ფიზიკურ მომზადებას.
- როდის შეიკრიბება თქვენი ნაკრები?
ფიჯი: ჩვენმა ნაკრებმა ვარჯიში წინა კვირაში დაიწყო.
იაპონია: ჩვენი ნაკრები შეკრებას 28 ოქტომბერს ტოკიოში დაიწყებს.
- კიდევ თუ გაქვთ სხვა ტესტ-მატჩები?
ფიჯი: საქართველოსთან თამაშის გარდა, დაგეგმილი გვაქვს ტესტ-მატჩი ინგლისთან 10 ნოემბერს თვიქნემის სტადიონზე და ორი ამხანაგური მატჩი – გლოსტერთან (13 ნოემბერს) და ირლანდიის “ა“ ნაკრებთან (17 ნოემბერს).
იაპონია: ნოემბერში ვაპირებთ თამაშს რუმინეთთან, ბასკეთის ნაკრებთან და ფრანგ ბარბაროსებთან.
- როგორი ტაქტიკური მონახაზით აპირებთ საქართველოსთან თამაშს?
ფიჯი: “ბორჯღალოსნებზე” მეტი ლელოს დადებას ვაპირებთ – სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია, დანარჩენს საიდუმლოდ შევინახავთ!
იაპონია: საიდუმლოა.
- თქვენი ნაკრების სიძლიერეზე რას გვეტყვით?
ფიჯი: საყოველთაოდაა ცნობილია, ფიჯის უყვარს ღია სივრცე და ბურთის სწრაფი გათამაშება მოედნის ნებისმიერი წერტილიდან.
იაპონია: ჩვენი ნაკრების ძლიერი მხარეებია სისწრაფე და სისხარტე.
- ლეგიონერები თუ გყავთ?
ფიჯი: დიახ. ჩვენი ნაკრების თითქმის ნახევარი უცხოურ კლუბებში თამაშობს.
იაპონია: არა, ლეგიონერები არა გვყავს, ყველა ჩვენი მოთამაშე იაპონიაში თამაშობს.
- როგორი შემადგენლობით აპირებთ “ბორჯღალოსნებთან” თამაშს?
ფიჯი: ამ ტესტ-მატჩზე მეტწილად ფიჯიში მოღვაწე მორაგბეებისგან შემდგარ გუნდს ჩამოვიყვანთ.
იაპონია: თბილისს საუკეთესო მოთამაშეებით ვეწვევით.
- გასულ მსოფლიო თასზე თქვენი ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებდით?
ფიჯი: შედეგი ჩვენთვის მეტად არადამაკმაყოფილებელი იყო.
იაპონია: სამწუხაროდ, ბოლო მსოფლიო თასზე კარგად ვერ ვიასპარეზეთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია