ქვეყნის ჩემპიონ, თასის მფლობელ და საგაზაფხულო ტურნირის მომგებ თბილისის “არმიას” შერკინების მესამეხაზელი გიორგი კალმახელიძე, მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის თამაშებს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებს და ამის მიზეზი ტრავმაა.
25 წლის ნიჭიერმა მორაგბემ, რომელსაც რაგბის სამყაროში “ჯორდანის” სახელით იცნობენ, პირველი დაზიანება გასული წლის დეკემბერში მიიღო და ექვსი თვე ტრავმების ფონზე თამაშობდა, რის გამოც ზაფხულში საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა და მოედანს წლის ბოლოსღა დაუბრუნდება. ჯერ “ყოჩებში”, შემდეგ კი “არმიაში” წარმატებული თამაშით, ის საქართველოს 7-კაცა ნაკრების უცვლელ წევრად იქცა და ესპანეთსა და უკრაინასთან მატჩების დროს ეროვნული გუნდის მაისურით “ბორჯღალოსნებში” მისი დებიუტიც შედგა.
“მსოფლიო სპორტი” კალმახელიძეს “ლოკომოტივი”-“ლელოს” მატჩის მსვლელობისას გაესაუბრა და უწინარესად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
- პირველი ტრავმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, “არმიას” მიერ მოგებული 7-კაცას ჩემპიონატისას მივიღე. მიუხედავად ამისა, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მაინც გამოვცხადდი და ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე. საგაზაფხულო ტურნირშიც ვთამაშობდი და თითქოს, ტკივილებმაც გამიარა. მერე 7-კაცა ნაკრებს ევროპის გრან-პრიზე გავყევი და მის ბოლო, ოდენსეს ეტაპზე ტრავმამ მთელი სირთულით იჩინა თავი. საზრდულის თიაქარის ოპერაცია ზაფხულში გავიკეთე, სამი კვირა უქმედ გავატარე და საფრანგეთში მყოფი ლეგიონერების მითითებებით უკვე დავიწყე აღდგენითი ვარჯიშები.
- გუნდთან ერთად მთელი დატვირთვით როდიდან განაახლებ ვარჯიშს?
- ჯერ მსუბუქად დავრბივარ და ტკივილს არ შევუწუხებივარ. ვფიქრობ, ტრავმა უკვე მოვირჩინე და ოქტომბრის ბოლოდან ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობით დატვირთვას გავაძლიერებ. ვფიქრობ, დეკემბრისთვის უკვე ფორმაში შევალ და თუ ამ პერიოდიდან არა (საქართველოს ჩემპიონატის მატჩები 9 დეკემბრამდე გრძელდება), მეორე წრიდან გუნდსაც აუცილებლად დავეხმარები.
- რაგბში კალათბურთიდან მოხვედი და იქნებ მოგვიყვე როგორ მოხდა ეს ამბავი?
- 8-იდან 14 წლამდე დიდუბის მანეჟში კალათბურთზე დავდიოდი. მერე ისე მოხდა, რომ კალათბურთს თავი გავანებე, მაგრამ სპორტის გარეშე დარჩენა არ მსურდა. მამაჩემისა და ბიძაჩემის მეგობარმა სანდრო ჭელიძემ რაგბში მომიყვანა. თავიდან “ხულიგანაში” ვიყავი, სადაც “ბ” ლიგაში დავიწყე თამაში და სეზონის ბოლოს უმაღლესი ლიგის რამდენიმე მატჩშიც მივიღე მონაწილეობა. მერე ეს გუნდი პირველ ლიგაში გავარდა და 2007 წლიდან “ყოჩებს” შევუერთდი, ხოლო როდესაც “არმია” შეიქმნა, ამ გუნდში გადმოვედი. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც მაშინ ამ ახალ გუნდში გადავიდა.
- რაგბში მოთამაშეები უმეტესად გუნდის ერთგულები რჩებიან, შენ კი, აგერ უკვე სამი გამოიცვალე...
- “ყოჩებამდე” “ხულიგანაში” ვიყავი და მისი ერთგულებაც მინდოდა, მაგრამ პირობები აღარ იყო და იქ უბრალოდ ვერ დავრჩებოდი. დაახლოებით იგივე მოხდა “ყოჩებშიც”, გუნდი ვერ შეიკრა, “არმიაში” კი, ყველა წინაპირობა ჩანდა იმისათვის, რომ უკეთეს ფორმაში ვყოფილიყავი და მეთამაშა წარმატებულ გუნდში. წარმატებულ გუნდში თამაში იმის წინაპირობაა, რომ ხარ კარგ ფორმაში და გაქვს წინსვლის და ნაკრებში თამაშის შანსი. დასანანია ასე რომ მოხდა. “ხულიგანაში”, ან “ყოჩებში” ოდნავი უკეთესობა რომ ყოფილიყო, მე იქ აუცილებლად დავრჩებოდი.
- რამ განაპირობა ის, რომ წელიწადნახევრის წინ შექმნილმა “არმიამ” ამ პერიოდში პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო (ჩემპიონობა, ქვეყნის თასი, საგაზაფხულო ტურნირი და 7-კაცა ჩემპიონატი)?
- უწინარესად, მონდომებამ. 2011 წლის ჩემპიონატის პირველ წრეში, როდესაც გუნდი ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ დაკომპლექტებული, ჩვენ მხოლოდ ორი თამაში წავაგეთ, პირველი “ლოკომოტივთან” და ბოლო “აიასთან”. მეორე წრეში მრავლად დაგვემატნენ გამოცდილები მორაგბეები და როცა გუნდში ამდენი პროფესიონალია, მისი შეკვრაც უფრო ადვილია და მონდომების მხრივაც პრობლემა აღარ გაქვს. ასეთ დროს ტექნიკური ელემენტების დახვეწა უფრო მარტივია და ყველასი ერთად - მწვრთნელებისა და მორაგბეების მონდომებამ, რა თქმა უნდა კარგმა პირობებმაც განაპირობოა ის, რომ ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონობაც, თასიც და 7-კაცაც.
- წარმატებულ გუნდში თამაშმა ნაკრების კარიც გაგიღო.
- დიახ, ნაკრების შეკრებაზე ზამთარში გამომიძახეს, მაგრამ კოჭი მქონდა ცუდ დღეში და წესით, ესპანეთის წინააღმდეგ არ უნდა მეთამაშა. მაგრამ მერე ვიტო კოლელიშვილმა ცხვირი გაიტეხა, სხვა გზა აღარ იყო და ესპანეთის ნაკრებთან ჩემი დებიუტი მაინც შედგა. მაშინ მოედანზე 15-20 წუთი გავატარე, მერე ივნისში უკრაინის წინააღმდეგაც ვითამაშე და ასე თუ ისე, “ბორჯღალოსნების” მაისურით ორი კეპი უკვე მაქვს. ახლა ვეცდები, რომ საუკეთესო ფორმაში შესვლის შემდეგ, ნაკრებში მყარად დავიმკვიდრო ადგილი.
7-კაცა ნაკრებში ჯერ კიდევ “ყოჩებში” თამაშისას დამიძახეს და 2009 წელს ვითამაშე ირბ-ს ლონდონის ეტაპზე. დებიუტი წარმატებული არ იყო, რადგან მორაგბეთა ნახევარზე მეტი პირველად ვთამაშობდით ნაკრებში, მეტოქედ კი ისეთი გუნდები გვყავდა, როგორიც სამოა (რომელიც შემდგომში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა), ინგლისი და საფრანგეთი არიან. როგორც ჩანს, პირადად ჩემი თამაშით მწვრთნელები მაინც კმაყოფილი დარჩნენ და აქედან მოყოლებული თითქმის არცერთი ეტაპი არ გამომიტოვია. სულ ორ ტურნირზე ვერ გავყევი გუნდს და ორივე შემთხვევაში ამის მიზეზი ტრავმა იყო.
- რას ნიშნავს თქვენთვის გეცვათ საქართველოს ნაკრების მაისური?
- ეს სულ სხვანაირი განცდაა. თავიდან უფრო დაძაბული ვიყავი, ახლა კი, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ვარ უფრო ამაყი მოთამაშე, ვიდრე აქამდე ვიყავი, სანაკრებო თამაშების შემდეგ უფრო გამოცდილი და მეომარი ხდები. ძირითადად მაგისთვის ვთამაშობ, რომ მოვხვდე საქართველოს ნაკრებში, როგორც 15-კაცაში, ასევე 7-კაცაში. რაგბში პრიორიტეტი ჩემთვის ნაკრებია.
- რატომაა, რომ 7-კაცა ნაკრები არასტაბილურ შედეგებს აჩვენებს?
- უპირველესი მიზეზი ისაა, რომ პრაქტიკულად ვერასდროს ვერ ხერხდება ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება. ბიჭები, რომლებმაც აქ უნდა ითამაშნონ, ძირითადად დაკავებული არიან და ხდება შემადგენლობის მუდმივი ცვლა, ეს კი, შეთამაშების საშუალებას არ იძლევა. სიმართლე უნდა ვთქვათ და პირობებიც არაა ისეთი, როგორიც საჭიროა. ძირითადად მოტივაციის ხარჯზე ვაღწევთ იმ შედეგს, რასაც ვაჩვენებთ, რადგან ყველას გვსურს, რომ ვითამაშოთ საქართველოს სახელით და მოვუტანოთ წარმატება ჩვენ ქვეყანას. ეს აღარ არის საკმარისი და გვჭირდება პირობები, რათა უკეთესი შედეგები გვქონდეს.
აუცილებელია მეტი დრო მოსამზადებლად. შეკრებას ტურნირამდე თვე-თვენახევრით ადრე ვიწყებთ, რადგან გრაფიკი მეტის საშუალებას არ გვაძლევს. არ ხერხდება ბიჭების დროულად ჩამოყვანა და სამი-ოთხი თვე ერთობლივად ვარჯიში და ეს გასაგებიცაა. სამწუხაროდ, არ გვყავს ხალხი, რომლებიც მხოლოდ 7-კაცაში თამაშისთვის მოემზადებიან და არ ექნებათ შეხება 15-კაცა ნაკრებთან, იმ ქვეყნებში კი, სადაც 7-კაცა წარმატებულია, სწორედ ასე ხდება.
- ფიქრობთ, რომ 15-კაცა და 7-კაცა ნაკრებები სხვადასხვა მორაგბეებით უნდა დაკომპლექტდეს?
- სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს მოთამაშეების იმხელა რესურსი, რომ ჯგუფი ორად გაიყოს. ალბათ, უფრო მეორე გზა უნდა გამოვნახოთ და შეიქმნას სათანადო პირობები პარალელური ვარჯიშისთვის 7-კაცა ნაკრების მოსამზადებლად. 7-კაცა ნაკრებში თამაში მორაგბეს ეხმარება და მერე ის 15-კაცაში უკეთ ირჯება.
- ალბათ, თქვენც წაგადგათ 7-კაცაში მიღებული გამოცდილება.
- ეს დიდი დახმარება იყო. ის სტილი, რომელსაც მე ახლა ვთამაშობ, ძირითადად სწორედ 7-კაცას დამსახურებაა. გამძლეობა და სისწრაფე მომემატა და გახსნილ თამაშში ეს ძალიან მეხმარება. ბურთთან მეტი კონტაქტი მაქვს, რაც შერკინების მორაგბისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. 7-კაცაში თამაშით ძალიან დიდ პრაქტიკას ვიღებ.
- საქართველოს ჩემპიონატში გუნდების 8-იდან 10-მდე გაზრდას როგორ აფასებ?
- დადებითად. გუნდებს, რომლებიც უმაღლეს ლიგას დაემატნენ და მათ მორაგბეებს მეტი გამოცდილება ექნებათ. მეტი თამაში მეტი პრაქტიკაა, ეს ყველა სხვა გუნდისთვის კარგია და ზოგადად ქართული რაგბისთვისაც. გამოცდილი მოთამაშეების ზრდა ნაკრების კანდიდატებისთვის კონკურენციას გაზრდის და ეს ეროვნულ გუნდსაც წაადგება.
- ვინ იქნებიან “არმიას” კონკურენტები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?
- თითქმის ყველა გუნდს აქვს რესურსი, რომ კონკურენცია გაგვიწიოს. კარგი გუნდი ჰყავს “ლელოს”, “ლოკომოტივს”, რომელსაც მომატება ნებისმიერ დროს შეუძლია, დარწმუნებული ვარ გაძლიერედება “აია”, “არმაზმაც” ძალიან კარგად დაიწყო სეზონი. “ბათუმს” ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, სეზონის ბოლომდე ბევრი მოულოდნელობა იქნება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია