საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის VII ტურის ორი ცენტრალური მატჩი სხვადასხვა დღეს თბილისში, “ავჭალაზე” გაიმართება. შაბათის გვიანდელ მატჩში ექვსეულისთვის მებრძოლი გუნდები გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო კვირას ლიდერების ჯახი გაიმართება.
ცენტრალურ მატჩებამდე ტური ჩვეულებისამებრ, შაბათს 16 საათზე სამ სხვადასხვა სტადიონზე ერთდროულად დაიწყება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “არმია” დედაქალაქურ დერბიში წარმატებული სერიის გაგრძელებას “აკადემიასთან” “შევარდენზე” ეცდება. არმიელებმა ზედიზედ ოთხი თამაში მოიგეს, რითაც სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს და ლიდერ “ლელოს” ორი პრემიალური ქულითღა ჩამორჩებიან. გამარჯვების შემთხვევაში “არმია” ერთი დღით ლიდერი გახდება და ეგებ ისეც მოხდეს, რომ VII ტურის დასრულების შემდეგ პირველობა შეინარჩუნოს კიდეც.
ნიკოლოზ ჭავჭავაძის შეგირდებმა განვლილი ექვსიდან მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს, ისიც მინიმალური სხვაობით და პრემიალური ქულა აიღეს, მაგრამ 5 მოგებული შეხვედრიდან მეტოქეს სამით მეტი ლელო მხოლოდ ერთხელ გაუტანეს და ამისათვის პრემიალური ქულაც შესაბამისად ერთადერთხელ მიიღეს. “აკადემიის” საქმე პირიქითაა. ამ გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგო (“ყოჩებთან” 6:3), ერთადერთხელ აიღო წაგებულ მატჩში პრემიალური ქულა, რადგან ზოგადად ცოტა ქულას აგროვებს და ბოლოდან მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ აკადემიელებს 6 თამაშის შემდეგ ყველაზე ცოტა ქულა აქვთ აღებული (44) და მიღებულ-გატანილი ქულათა ბალანსიც 10 გუნდში ყველაზე ცუდი აქვთ (-89).
საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ და შარშან უპირატესობა “აკადემიას” დარჩა. პირველ წრეში მათმა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა (ფრე 22:22), ხოლო მეორე წრეში “აკადემიამ” მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა - 6:3. “არმიამ” რევანში საგაზაფხულო ტურნირზე აიღო და მეტოქე 41:10 გაანადგურა.
16 საათზე “ავჭალაზე” იწყება თბილისის “ყოჩებისა” და “ბათუმის” დაპირისპირება. ზღვისპირელებს სოლიდური შემადგენლობა კი ჰყავთ და რამდენიმე მორაგბე სწორედ “ყოჩებიდან” დაიმატეს, მაგრამ სათანადო თამაშს ჯერ ვერ აჩვენებენ ორი მოგებით და 9 ქულით, ჯერჯერობით მე-8 ადგილზე არიან. აუცილებლად გასათვალისწინებელი ის ფაქტორი, რომ “ბათუმს” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და მისი მოგებით საპლეიოფო ექვსეულთან მაქსიმალურად მიახლოვება შეუძლია. ამ ფონზე მომავალ მატჩში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
თავის მხრივ, “ყოჩები” ერთადერთი გუნდია, რომელსაც წელს გამარჯვება არ უზეიმია და ამის გაკეთებას ახლა ეცდება. მათ აქტივში მხოლოდ სამი პრემიალური ქულა აქვთ და ეს ძირითადად იმის ბრალია, რომ გუნდი დაცვაში სათანადოდ ვერ ირჯება, თორემ ლელოების გატანა და ქულების დაგროვება კარგად ეხერხება. “ყოჩებმა” თამაში ბოლო დროს გააუმჯობესა და ზედიზედ სამი მცირე ანგარიშით წაგების შემდეგ, ერთი კვირის წინ “ჯიქებთანაც” არ შერცხვა (6:17), მაგრამ პრემიის აღება ვერ მოახერხა. წინა ტურში “აკადემიასთან” გამარჯვება მოიპოვა “ბათუმმა” (25:12) და მომავალ ჯახს გაუმჯობესებულ ხასიათზე ხვდება.
მესამე პარალელური მატჩი რუსთავში, “ტექნიკუმზე” იწყება და იქ რეგიონების წარმომადგენლები გაარკვევენ ურთიერთობას. “ხარები” ქუთაისის “აიას” დაუხვდება და ბათუმელებისა არ იყოს, ექვსეულთან მიახლოების შანსის გამოყენებას ეცდება. სწორედ რუსთავისა და ბათუმის გუნდების თამაშია გადადებული და მატჩნაკლულობის ფონზე 9 ქულით მე-7 ადგილზე ყოფნა უიმედო სიტუაცია სულაც არაა. მართალია, “ხარებმა” ორი გამარჯვება მხოლოდ აუტსაიდერებთან მოიპოვეს და მარცხისათვის ერთადერთი პრემიალური ქულა აიღეს, მაგრამ ეს გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძვის და ეს ბრძოლა ოდესღაც შედეგს აუცილებლად მოიტანს.
“აია” წელს არასტაბილურად თამაშობს და რუსთაველთა შანსებს ესეც ემატება. ქუთაისელებმა სამი გასვლითი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, სულ სამი გამარჯვება და ერთი ფრე დაუგროვდათ და 15 ქულით მე-5 ადგილზეა არიან. სამწუხაროდ, შემადგენლობის ხშირი ცვლის გამო, “აიას” მწვრთნელს ხშირად უწევს ახალი გუნდის შენების დაწყება და ეს თამაშზეც აისახება. უშუალოდ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ბოლო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოს თასზე თუ ჩემპიონატში, ასევე, წლევანდელ საგაზაფხულო ტურნირზე, “აია” “ხარებს” მუდამ იოლად ამარცხებდა და რუსთაველებს სიტუაციის შესაცვლელად ერთგვარი ქუთაისური სინდრომისგან გათავისუფლება მოუწვთ.
18 საათზე “ავჭალაზე” ცენტრალური მატჩი იწყება და “არმაზი” დანავსული პერიოდის შეწყვეტას “ლოკომოტივთან” შეეცდება. ამ გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ზედიზედ ოთხი გამარჯვებაც მოიპოვა, მაგრამ აგერ უკვე ორი თამაშია მარცხდება. თუკი “არმიასთან” “არმაზმა” პრემიალური ქულის აღება მაინც მოახერხა, ერთი კვირის წინ ქუთაისში სულაც უქულოდ დარჩა (20:28). სეზონის სტარტზევე ვივარაუდეთ, რომ არმაზელებს აუტსაიდერებთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ლიდერებთან გაუჭირდებოდათ და ახლა მათ საკუთარი ამბიციის დამტკიცება უკვე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან მოუწევთ.
“ლოკომოტივმა” მხოლოდ ორი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სამი წააგო, მაგრამ ერთხელაც არ დარჩენილა უქულოდ, რაც ამ გუნდის პოტენციალზე მეტყველებს. “ყოჩებისა” და “ჯიქების” ძლევის გარდა, რკინიგზელები ფრედ ეთამაშნენ ქუთაისში “აიას”, მაგრამ დამარცხდნენ “ბათუმთან”, “არმიასთან” და ერთი კვირის წინ “ლელოსთან”. “არმაზის” ძლევით, რომელსაც სატურნირო ცხრილში სამი ქულით ჩამორჩება, “ლოკომოტივს” მეტოქის უკან მოტოვების შანსი ეძლევა და მის გამოყენებას უცილობლად ეცდება.
ამ გუნდების ბოლო წლების ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, მათი ჯახი მუდამ საინტერესო გამოდიოდა, მით უმეტეს, ახლა “არმაზი” შარშანდელზე უკეთესი გუნდი ჩანს. 2011 წლის ჩემპიონატის პირველ წრეში “ლოკომოტივმა” მხოლოდ 19:15 მოიგო, ხოლო მეორე წრეში “არმაზმა” 39:25 იმარჯვა. აქვე ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რეგულარული პირველობის ბოლო ტურში მოხდა და მისი მოგებით “ლოკომოტივს” ბევრი არაფერი მოემატებოდა.
კვირას, 16 საათზე, “ავჭალაზე” უკვე მოწინავე სამეულში მყოფი გუნდების დედაქალაქური დერბი იწყება და მასში ლიდერი “ლელო” მიმდინარე სეზონის აღმოჩენა “ილიაუნის ჯიქს” ეთამაშება. “ლელომ” სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და სადებიუტო სამ ტურში ქვედა ოთხეულის გუნდებთან პრემიალური ქულებით იმარჯვა. ამას “არმიასთან” მარცხი მოჰყვა, რომელშიც ლევან მაისაშვილის შეგირდები მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ, მერე იყო ქუთაისელებთან დამაჯერებელი გამარჯვება, თუმცა, დასკვნით 10 წუთში გაშვებული ორი ლელო და დაკარგული პრემიალური ქულა და ბოლოს “ლოკომოტივთან” მძიმე ჯახი, რომელშიც “ლელომ” 21:15 იმარჯვა.
ამ ყველაფერმა “ლელოს” ლიდერობა და უახლოეს მდევართან ორქულიანი უპირატესობა მოუტანა, რომელიც, შესაძლოა, შაბათს დაიკარგოს (“არმიას” გამარჯვების შემთხვევაში) და მაისაშვილის შეგირდებს მის დასაბრუნებლად კვირას დიდი ბრძოლა მოუწევთ. ახალგაზრდულმა “ჯიქებმა” უკვე დაადასტურა, მისი ამბიცია რეალურ გათვლებზეა დამყარებული და მესამე ადგილიც სავსებით ლოგიკურად უჭირვათ. ახლა მათ პოზიციების გამყარების კარგი შესაძლებლობა ეძლევათ და მის გამოყენებას უცილობლად ეცდებიან.
“ჯიქები” პირველ ტურში “არმიასთან” ბრძოლაში დამარცხდნენ, ორი კვირის წინ ბრძოლაში წააგეს “ლოკომოტივთან” და ამ ბრძოლამ პრემიალური ქულაც მოუტანა, ხოლო სხვა 4 შემთხვევაში გამარჯვებულები დარჩნენ. მოგებული თამაშებიდან ყველაზე ღირსშესანიშნავი ქუთაისის “აიას” 12:6 ძლევა იყო. უნდა ითქვას, რომ “ლელო” და “ჯიქები” ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრიან და ვისთვის იქნება პირველი ნაცნობობა სასიამოვნოდ მოსაგონარი კვირას საღამოს გახდება ცნობილი.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. VII რაუნდი
13 ოქტომბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00
აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი)
რუსთავი. “ტექნიკუმი”. 16:00
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
ყოჩები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00
ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
14 ოქტომბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
ლელო (თბილისი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი)
1 | ლელო | 6 | 5 | 0 | 1 | 182-91 | 24 |
2 | არმია | 6 | 5 | 0 | 1 | 145-101 | 22 |
3 | ჯიქები | 6 | 4 | 0 | 2 | 122-91 | 19 |
4 | არმაზი | 6 | 4 | 0 | 2 | 119-93 | 17 |
5 | აია | 6 | 3 | 1 | 2 | 102-104 | 15 |
6 | ლოკომოტივი | 6 | 2 | 1 | 3 | 119-111 | 14 |
7 | ხარები | 5 | 2 | 0 | 3 | 71-92 | 9 |
8 | ბათუმი | 5 | 2 | 0 | 3 | 64-133 | 5 |
9 | აკადემია | 6 | 1 | 0 | 5 | 44-133 | 5 |
10 | ყოჩები | 6 | 0 | 0 | 6 | 83-145 | 3 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია