ერთა თასი

22:34 | 27.02.2016 | ნანახია 1269 - ჯერ

ექვსი ლელო შეცდომების ფონზე

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან განსხვავებული სტილით ითამაშა, აქცენტი გაშლილ რაგბიზე გააკეთა და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა, ლელოებიც გავიდა და ტაბლოზე 38:7 დაფიქსირდა.

გაშლილი რაგბის შედეგს გულშემატკივარი ლელოს ავტორებშიც იპოვის, აქ კი დავაზუსტოთ, რომ ორი საჯარიმო ლელოდან ერთი სუფთად შერკინების დამსახურებაა, ერთი კი ხაზის მოთამაშეებმა, კერძოდ მერაბ კვირიკაშვილმა და გიორგი აფციაურმა გამოიმუშავეს. დანარჩენი ოთხი ლელოს ავტორები ასევე უკანახაზელები არიან და შეცდომების სიმრავლე რომ არა, საქართველო ერთ ამდენ ლელოს კიდევ გაიტანდა.

ასეთი სხვაობით და ასეთ სტილში მოგებული თამაშის შემდეგ, შეცდომებზე საუბარი უხერხულია, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც უნდა ვთქვათ, რომ რამდენჯერმე გაკეთდა სარისკო გადაცემა, რომელთაგან ერთ-ერთი ესპანელებმა ჩაჭრეს და ლელო გაიტანეს. სხვა შემთხვევებში დაგვიანებულმა გადაცემებმა, ბურთის დაბალ ტემპში მიღებამ, ან ტექნიკურმა წუნმა, იმ სათამაშო უპირატესობის ანგარიშში ასახვის საშუალება არ მოგვცა, რაც რეალურად გვქონდა. ესპანელებს ბურთი თითქმის არ ქონდათ და ჩვენს 22-ზე საუბარი ხომ ზედმეტია და ცენტრალური ხაზი ხეირიანად არც გადაუკვეთიათ. რომ არა ზემოთნახსენები შეცდომა, კერძოდ უზუსტო გადაცემა, რომლის შემდეგაც ხულენ გოიამ ძელებსშუამდე 95 მეტრი ირბინა, „ლომებს“ ქულის თუნდაც ჯარიმით აღების შანსიც კი არა ჰქონიათ.

ქართველებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და დებიუტში სამჯერ გაჭრეს ხაზი - მერაბ კვირიკაშვილმა, ლაშა ლომიძემ და დავით კაჭარავამ, მაგრამ იერიშებს ლოგიკური დაგვირგვინება არ მოყვა. ეს იმიტომ, რომ საწყის წუთებში მეტოქე ხშირად ჯარიმდებოდა და პირველ ჯერზე კვირიკაშვილმა ანგარიშის გახსნა სცადა, თუმცა ხელსაყრელი მდგომარეობიდან მიზანი ვერ გაისწორა. შემდეგ ჯერზე ქართველებს კარისკენ არც გაუხედიათ და ძელების პირდაპირ 12 მეტრიდანაც კი, 0:0-ზე ბურთი აუტში გაგზავნეს.

ასეთი დასაწყისის შემდეგ, მასპინძლებმა მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი მოლით გადაკვეთეს, მაგრამ ბურთი არ გამოჩნდა. მსაჯის გაფრთხილების მიუხედავად ესპანელებმა ჯარიმები რომ ვერ მოიშალეს ფერნანდო ლოპესი სინბინით დაისაჯა. შერკინებიდან შეტევის შემდეგ ხაზი ძელებსშუა გიორგი ნემსაძემ გადაკვეთა, მაგრამ ბურთი მეტოქემ არ დაამიწებინა. სამაგიეროდ, 5-მეტრა შერკინებას საჯარიმო ლელო მოყვა და საქართველო 7:0 დაწინაურდა. თამაში ესპანელების 22-ში გაგრძელდა და ანგარიში პასების შესრულების ხარისხის გამო არ იცვლებოდა, მერე ზემოთნახსენები დაკარგვა შეგვემთხვა და 21-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა.

ესპანელებს ქართველების შეჩერება ძალიან უჭირდათ, შედეგად, მეტოქის ზურგსუკან სივრცე რომ გათავისუფლდა და რამდენიმე ფაზის შემდეგ კვირიკაშვილმა ბურთი ფეხით შეაცურა და მას გიორგი აფციაური მიყვა, რომელმაც ორ მცველს გაასწრო და ლელოს დაამიწებდა, მაგრამ სერხიო ობანელმა მას ეს წესების დარღვევით არ დაანება და თავად სინბინით, ხოლო გუნდი მეორე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. შესვენებამდე სანდრო თოდუას ორჯერ მიეცა ლელოს გატანის შანსი, პირველ ჯერზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით გადაკიდებულს მიყვა და ოვალი რომ დაემორჩილებინა მის წინ აღარავინ იდგა, მეორედ მარჯვენა ფლანგზე მოპოვებული უპირატესობის შემდეგ სანდრომ მარცხენა ფრთაზე მიიღო გადაცემა, მცველს ერთი-ერთზე გაექცა და ტაიმი 21:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში მცირე ხნით ბურთი ესპანელებმა მოიხელთეს და ლელოსგან „მეკომ“ გვიხსნა, რომელმაც ფლანგზე გაქცეული ესპანელი მოსხიპა, 52-ე წუთზე კი, ქართველთა ლამაზი ლელოს ავტორი გახდა. მჭედლიძემ და კაჭარავამ ბურთი კარგად გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ხაზი გაჭრა, მარჯვნივ მას კვირიკაშვილი და აფციური მიყვნენ, მაგრამ გიორგის საქმეში ჩართვა საჭირო აღარ გახდა. ამით „ბორჯღალოსნებმა“ პრემიალური ქულაც დაიბევეს და სულ მალე კიდევ ერთი კარგი შეტევა ლამაზი ლელოთი დაგვირგვინდა.

სწრაფი შეტევის შემდეგ, დამაგვირგვინებელ ფაზაში მჭედლიძემ შეუტია და მეტოქის 4 მცველთან ჭიდილში დაახლოებით 10-12 მეტრი დაფარა. კვირიკაშვილის დარად 90-ე კეპის მომხვეჭმა კაჭარავამ, თამაში ლელოს გარეშე არ დატოვა. 66-ე წუთზე ესპანელი ფეხით ცდილობდა საკუთარი ლელოს სიახლოვიდან ბურთის მოგერიებას, მაგრამ ბურთი მოეჭრა, ის მარჯვენა ფლანგზე ლელოსკენ დაეშვა და კაჭარავაც ალამთან შეფრინდა - 38:7. კვირიკაშვილისა და კაჭარავად 90-ე კეპი ვახსენეთ და ეროვნული ნაკრების მაისური პირველად მოირგო ნოდარ ჭეიშვილმა, რომელმაც ვეტერანი გიორგი ჩხაიძე შეცვალა.

მესამე მატჩი და მესამე ბონუს-გამარჯვება - ასეთია „ბორჯღალოსნების“ შედეგი 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, წინ კი, ორი თამაშია - 12 მარტს სოჭში რუსეთთან და 19 მარტს თბილისში, „ბორის პაიჭაძეზე“ რუმინეთთან, რომელიც ტრადიციულად, ტურნირის არაოფიციალური ფინალი იქნება.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური

თბილისი. „მიხეილ მესხი“. 12 000 მაყურებელი

საქართველო - ესპანეთი 38:7 (21:7)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. გიორგი ფრუიძე 64), 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე (22. ლაშა მალაღურაძე 57), 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 57); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 61), 2. შალვა მამუკაშვილი (16. ზურაბ ჟვანია 41), 3. დუდუ ქუბრიაშვილი (18. ანტონ ფეიქრიშვილი 53), 4. გიორგი ჩხაიძე (19. ნოდარ ჭეიშვილი 72), 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი (20. ბექა გორგაძე 64), 8. ლაშა ლომიძე.

6 ლელო: საჯარიმო (2), თოდუა, კვირიკაშვილი, მჭედლიძე, კაჭარავა

4 გარდასახვა: კვირიკაშვილი

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ესპანეთი: 15. სერხიო ობანელი, 14. ხულენ გოია, 13. ფედერიკო კასტილიონი (22. ანტუან სანჩესი 64), 12. გარეთ გრიფითსი, 11. გოტიე მენგიონი (23. რაფაელ სანტიაგო 22), 10. დენ სნი (21. პაბლო ფონტესი 64), 9. პაბლო ხილი; 1. ფერნანდო ლოპესი (16. ჯონ ინსაუსტი 64), 2. ჯო ჰაჩინსონი (18. ხავიერ სანსი 48), 3. ხერომ სივილი (17. ხუან ანაია 29; ჰაჩინსონი 73), 4. მანუელ მორა (20. ოიერ გოია 64), 5. დავიდ ბარერა, 6. ხოსე-ლუის დელ ვაჯე, 7. ადამ ნიუტონი (19. დანიელ შტორი 64), 8. ხაიმე ნავა (კაპ.).

1 ლელო: ხ. გოია

1 გარდასახვა: გრიფითსი

2 სინბინი: ლოპესი, ობანელი

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სანტოსი

რუმინეთი - რუსეთი 30:0

გერმანია - პორტუგალია 50:27

1.

საქართველო

3

3

0

0

126:17

15

3

2.

რუმინეთი

3

3

0

0

90:32

14

2

3.

რუსეთი

3

2

0

1

68:70

9

1

4.

გერმანია

3

1

0

2

77:132

5

1

5.

ესპანეთი

3

0

0

3

45:81

2

2

6.

პორტუგალია

3

0

0

3

44:118

1

1

IV ტური. 12 მარტი

რუსეთი - საქართველო

ესპანეთი - პორტუგალია

რუმინეთი - გერმანია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:40 | 27.02.2016
aviatori01 (5)

ფრუისთვის ცოტა მეტი დრო მიეცა კაი იქნებოდა,

ჟვანია რამდენადაც კარგია თავისი მოულოდნელი აფეთქებებით და სწრაფი აჩქარებით, იმედნად ცუდია ბურთის შელევისას-პასის გაკეთებისას

0.077383