რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფ”-ის 2012/2013 წლების სეზონში, სამ სხვადასხვა გუნდში სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, ოღონდ ერთი ცოტა ხნის წინ რუმინელად “მოინათლა”.
საუბარია 26 წლის კვაჭ ოთარ ტურაშვილზე, რომელმაც რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო და ივნისში IRB-ს ერთა თასზე მისი სანაკრებო დებიუტიც შედგა. საკლუბო დონეზე ის რუმინული გუნდის, “ბუქარესტის” ღირსებას იცავს, რომელიც პირველ ტურში ინგლისურ “ბათს” მასპინძლობდა და 17:40 დამარცხდა, ქართველმა “მამელუკმა” კი, შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა, 74-ე ზე ინგლისელ მეტოქეს წაეჩხუბა და დასკვნითი წუთები სინბინში გაატარა.
რუმინელები რამდენიმე წელია “ჩელენჯ ქაფის” უცვლელი მონაწილეები არიან და თუ თავიდან გამანადგურებელი ანგარიშებით მარცხდებოდნენ, ახლა სიტუაცია გამოასწორეს. შარშანდელი საპატიო შედეგების შემდეგ, ამჯერად მათ “ბათმა” მხოლოდ 40:17 სძლია. რუმინელებმა ხუთი ლელო გაუშვეს და ორი თავად გაიტანეს. მართალია, ისინი ნული ქულით ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ 20 ოქტომბერს ბუქარესტშივე იტალიურ “კალვისანოს” მასპინძლობენ, რომელმაც პირველი ტური “აჟენთან” 31:36 დათმო, თუმცა, მცირე სხვაობით მარცხისთვის და ოთხი ლელოს გატანისთვის ორი პრემიალური ქულა ჩაიწერა და რუმინელები წლევანდელი მოგების ლიმიტის შესრულებას იტალიელებთან ეცდებიან.
“ამლინ ჩელენჯ ქაფზე” თითო-თითო რუმინული, ესპანური და უელსური კლუბის გარდა, 7 ფრანგული, 6 ინგლისური და 4 იტალიური გუნდი თამაშობს. ეს 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდა ჯგუფშია გადანაწილებული და თითოეული მათგანის საუკეთესო მეოთხედფინალში გადის, სადაც “ჰაინეკენის თასიდან” ჯგუფის სამი მეორეადგილოსანი დაემატება (მე-3-მე-5 მეორეადგილოსნები). ბარემ ისიც ვთქვათ, რომ “ჩელენჯ ქაფი” ევროპულ გრანდებში მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და ხშირ შემთხვევაში ინგლისური და ფრანგული კლუბები იქ მეორე შემადგენლობებით თამაშობენ.
“მონ-დე-მარსანის” პირველ გუნდში, “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში დებიუტი ჰქონდა 19 წლის შუამარბ თამაზ მჭედლიძეს. ამ ბიჭს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელმა ის ინგლისური “გლოსტერის” წინააღმდეგ სათამაშოდ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 39-ე წუთზე შეცვალა. შეხვედრას 4238 მაყურებელი დაესწრო და პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო გავიდა, რომელიც სტუმრების ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მასპინძლები კაცნაკლულები იყვნენ და 50-ე წუთზე კიდევ ერთხელ დარჩნენ მოედანზე კაცნაკლულები, რითაც “გლოსტერმა” ისარგებლა და ჯარიმით ანგარიში 8:0 გახადა.
“მონ-დე-მარსანს” შანსი მაშინ მიეცა, როდესაც 55-ე წუთზე ორი ინგლისელი დაისაჯა - ერთი წითელი და ერთიც ყვითელი ბარათით. მასპინძლებმა იქვე ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ ორკაცნაკლული მეტოქისგან 61-ე წუთზე ჯარიმა თავადაც გაუშვეს. ფრანგებმა მეტობით სათანადოდ ვერ ისარგებლეს და 76-ე წუთზე გატანილი კიდევ ერთი ჯარიმით ისღა მოახერხეს, რომ მცირე სხვაობისთვის ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერეს. 20 ოქტომბერს ფრანგები კიდევ ერთ ინგლისურ გუნდს, “ლონდონ აირიშს” უკვე სტუმრად ეთამაშებიან.
ინგლისში 3748 მაყურებლის წინაშე დიდი ანგარიშით დაამარცხა “ლონდონ უელში” ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ”. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 65 წუთი გაატარა. პარიზელებმა თავიდანვე დასეტყვეს მასპინძლები და შესვენებაზე გასვლისას უკვე 32:16 იგებდნენ, ხოლო ჯამში 68:19 მოიგეს. სტუმრებმა ჯამში 9 ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. V ჯგუფში კიდევ ერთი ფრანგული გუნდი “გრენობლი” თამაშობს, რომელმაც იტალიური “კავალიერ პრატო” 59:3 გაანადგურა და ჯგუფის სათავეში ორი ფრანგული გუნდი 5-5 ქულით განლაგდა. 20 ოქტომბერს ისინი პარიზში გაარკვევენ ურთიერთობას და ერთპიროვნული ლიდერიც მაშინ გამოვლინდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია