ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს “ჰაინეკენის თასის” 2012/2013 წლების გათამაშებაში, ქართველი ლეგიონერების ექვსი კლუბი ჩაერთო. აქედან ხუთი საფრანგეთის წარმომადგენელია, ხოლო ერთი შოტლანდიის.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მხოლოდ სამი გუნდის ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ერთმა ლელოც გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა. ეს VI ჯგუფში, “ჰაინეკენის თასის” ფრანგულ-ქართულ დერბიში მოხდა. დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის მასპინძლობდა და 12547 მაყურებლის წინაშე 37:16 იმარჯვა. სასტარტო შემადგენლობაში ვერცერთი ჩვენებური ვერ მოხვდა, შეცვლაზე კი, სამი შევიდა და მამუკა გორგოძემ ლელოც გაიტანა.
ეს 71-ე წუთზე მოხდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო და გარდასახვის შემდეგ სხვაობა 14 ქულამდე დავიდა. დარჩენილ წუთებში ერთი პრემიალური ქულის მისაღებად სტუმრებს კიდევ ლელო-გარდასახვა სჭირდებოდათ, მაგრამ 78-ე წუთზე 7 ქულა აქეთ მიიღეს და 16:37 დამარცხდნენ. “ტულონი” პირველივე წუთებიდან დაეუფლა უპირატესობას და ტაიმი 18:3 მოიგო, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში მესამე ლელო გაიტანა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მასპინძლებმა პრემიის მომტანი მე-4 ლელო 65-ე წუთზე მიითვალეს და ახლა VI ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ.
ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა დავით ქუბრიაშვილი, რომელიც შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა. ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ, ისევე, როგორც ტრავმირებული ნარიაშვილი. “მონპელიემ” თამაში არაძირითადი შემადგენლობით დაიწყო და ჟღენტი შეცვლაზე 48-ე, ხოლო გორგოძე 57-ე წუთზე შევიდა. ერთ კვირაში, 21 ოქტომბერს “მონპელიე” ინგლისის “სეილ შარქსს” დაუხვდება, ხოლო “ტულონი” ლიდერობის შენარჩუნებას უელსში ეცდება, სადაც “კარდიფს” დაუპირისპირდება. პირველ ტურში “სეილმა” უელსელებს მინიმალური სხვაობით, 34:33 აჯობა.
V ჯგუფში პრემიალური ქულით იმარჯვა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, რომელიც 17520 მაყურებლის წინაშე უელსის “სკარლეტს” მასპინძლობდა. კოლელიშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ზირაქაშვილმა პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა. თამაშის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა და დიდი ალბათობით, მასპინძლებს მეორე ნახევარში ასეთი იოლი გასეირნება არ ექნებოდათ, რომ არა შემთხვევა შესვენებამდე სამი წუთით ადრე. უელსელთა გარემარბმა მორგან სტოდარტმა, რომელიც ტრავმისგან გამოწვეული 14 თვიანი უქმობის შემდეგ მხოლოდ მეორე თამაშს ატარებდა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და დარჩენილი დრო თანაგუნდელები კაცნაკლული დატოვა.
მანამდე, სტუმართა ადრეულ ლელოს მორგან პარამ ორი ჯარიმით უპასუხა, რის პრისტლენდმა საპასუხო 6 ქულა ჯარიმით და არეკნით გაიტანა, ხოლო 31-ე წუთზე “კლერმონმა” ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლოს ზემოთნახსენებ ეპიზოდში მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს - 16:13 და უპირატესობა მატჩის განახლებისთანავე გაზარდეს. “სკარლეტსი” საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და მართალია მალევე ჯარიმით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ფრანგები ასეთ უპირატესობას ხელიდან რომ აღარ გაუშვებდნენ ცხადი იყო და კიდევ ოთხი ლელო მიითვალეს (სულ 6). პრემიის მომტანი მე-4 ლელო მათ 53-ე წუთზე მიითვალეს, სულ კი, 49:16 იმარჯვეს და ჯგუფის სათავეში მოქეცნენ. მეორე მატჩში ირლანდიურმა “ლენსტერმა” ინგლისის “ექსეტერ ჩიფსს” 9:6 მოუგო. 20 ოქტომბერს “კლერმონი” მეორე ტურში ინგლისს ეწვევა და უპირატესობის შენარჩუნებას “ჩიფსთან” ეცდება.
II ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა ვასილ კაკოვინის და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ”, რომელმაც ინგლისის “ლესტერს” 23:9 აჯობა. “ჰაინეკენის თასის” პირველი ტურის შეხვედრებიდან, ამ მატჩმა ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია და მის სანახავად 28 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერებს ტრავმების გამო მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. აღსანიშნავია, რომ ინგლისელები სამ-სამი ქულით სამჯერ იგებდნენ, მაგრამ შესვენების წინ ლელო გაუშვეს და “ტულუზამ” ტაიმი 11:9 მოიგო. მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში მასპინძლებმა ჯარიმებით უპირატესობა გაზარდეს და 23:9 იმარჯვეს. მეორე ტურში “ტულუზა” 20 ოქტომბერს იტალიაში “ბენეტონს” ეთამაშება, რომელიც პირველ ტურში უელსში “ოსპრეისთან” 17:38 დამარცხდა.
ანტონ ფეიქრიშვილის გარეშე დამარცხდა “კასტრი” უელსში “ოლსტერთან”. მასპინძლებმა მეტოქე ყველაფერში დაჯაბნეს, 41:17 სძლიეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. 19 ოქტომბერს ფრანგები ინგლისურ “ნორთჰემპტონს” მასპინძლობენ. I ჯგუფში დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა” ინგლისის “სარასინს” უმასპინძლა და 0:45 შერცხვა, ოღონდ ქართველს ამაში ბრალი არ მიუძღვის, რადგან განაცხადშიც არ იყო. შოტლანდიელები 21 ოქტომბერს ირლანდიაში “მანსტერს” დაუპირისპირდებიან.
2012/2013 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი
I ჯგუფი
რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია) 22:17
ედინბურგი (შოტლანდია) - სარასინი (ინგლისი) 0:45
1 | სარასინი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 45-0 | 5 |
2 | რასინგ მეტრო (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 22-17 | 4 |
3 | მანსტერი (ირლანდია) | 1 | 0 | 0 | 1 | 17-22 | 1 |
4 | ედინბურგი (შოტლანდია) | 1 | 0 | 0 | 1 | 0-45 | 0 |
შემდეგი ტური
20 ოქტომბერი: სარასინი - რასინგ მეტრო; 21 ოქტომბერი: მანსტერი - ედინბურგი
II ჯგუფი
ოსპრეი (უელსი) - ბენეტონი (იტალია) 38:17
ტულუზა (საფრანგეთი) - ლესტერი (ინგლისი) 23:9
1 | ოსპრეი (უელსი) | 1 | 1 | 0 | 0 | 38-17 | 5 |
2 | ტულუზა (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 23-9 | 4 |
3 | ლესტერი (ინგლისი) | 1 | 0 | 0 | 1 | 9-23 | 0 |
4 | ტრევიზო (იტალია) | 1 | 0 | 0 | 1 | 17-38 | 0 |
შემდეგი ტური
20 ოქტომბერი: ბენეტონი - ტულუზა; 21 ოქტომბერი: ლესტერი - ოსპრეი
III ჯგუფი
ზებრე (იტალია) - კონაჩტი (ირლანდია) 10:19
ჰალიქვინსი (ინგლისი) - ბიარიცი (საფრანგეთი) 40:13
1 | ჰალიქვინსი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 40-13 | 5 |
2 | კონაჩტი (ირლანდია) | 1 | 1 | 0 | 0 | 19-10 | 4 |
3 | ზებრე (იტალია) | 1 | 0 | 0 | 1 | 10-19 | 0 |
4 | ბიარიცი (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 13-40 | 0 |
შემდეგი ტური
20 ოქტომბერი: ბიარიცი - ზებრე, კონაჩტი - ჰალიქვინსი
IV ჯგუფი
ოლსტერი (უელსი) - კასტრი (საფრანგეთი) 41:17
ნორთჰემპტონი (ინგლისი) - გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) 24:15
1 | ოლსტერი (უელსი) | 1 | 1 | 0 | 0 | 41-17 | 5 |
2 | ნორთჰემპტონი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 24-15 | 5 |
3 | გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) | 1 | 0 | 0 | 1 | 15-24 | 0 |
4 | კასტრი (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 17-41 | 0 |
შემდეგი ტური
10 ოქტომბერი: გლაზგო - ოლსტერი, კასტრი - ნორთჰემპტონი
V ჯგუფი
ლენსტერი (ირლანდია) - ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) 9:6
კლერმონი (საფრანგეთი) - სკარლეტსი (უელსი) 49:16
1 | კლერმონი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 49-16 | 5 |
2 | ლენსტერი (ირლანდია) | 1 | 1 | 0 | 0 | 9-6 | 4 |
3 | ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) | 1 | 0 | 0 | 1 | 6-9 | 1 |
4 | სკარლეტსი (უელსი) | 1 | 0 | 0 | 1 | 16-49 | 0 |
შემდეგი ტური
20 ოქტომბერი: სკარლეტსი - ლენსტერი, ექსეტერი - კლერმონი
VI ჯგუფი
სეილ შარქსი (ინგლისი) - კარდიფი (უელსი) 34:33
ტულონი (საფრანგეთი) - მონპელიე (საფრანგეთი) 37:16
1 | ტულონი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 37-16 | 5 |
2 | სეილ შარქსი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 34-33 | 4 |
3 | კარდიფი (უელსი) | 1 | 0 | 0 | 1 | 33-34 | 1 |
4 | მონპელიე (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 16-37 | 0 |
შემდეგი ტური
21 ოქტომბერი: კარდიფი - ტულონი, მონპელიე - სეილი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია