რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალის განმეორებით მატჩებში, ქართველი ლეგიონერების გუნდებმა წარმატებულად ითამაშეს. თუკი, კრასნოიარსკის “ენისეისგან” მეორე თამაშის მოგება და ფინალში გასვლა ჩვეულებრივი ამბავია, მოსკოვის “სპარტაკისგან” 19 ქულიანი ჩამორჩენის გადაწონა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი ჩანდა.
“ენისეიმ” “სლავას”, ერთი კვირის წინ სტუმრად 40:9 მოუგო და ახლა 40 ქულა დააგროვა, ოღონდ, თავად ერთით მეტი გაუშვა და 40:10 იმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მასპინძელთა პირველი ლელოც მიითვალა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ვალერი ცნობილაძეც. კრასნოიარსკელებმა დიდი სხვაობით კი იმარჯვეს და ჯამში 6 ლელოც გაიტანეს, მაგრამ პირველ ნახევარში გაუჭირდათ და ტაიმი მხოლოდ ორი ქულით, 12:10 მოიგეს.
რუსეთის მოქმედ ჩემპიონს, წელს პირველობაში თანაქალაქელი “კრასნი იარი” შეეცილება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში, რუსეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ვვა-პოდმოსკოვიე” დაამარცხა. გრიგოლ ცნობილაძის გუნდს პირველი მატჩი 1 ქულის სხვაობით, 16:17 ჰქონდა წაგებული, მეორეში კი, საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლა და პოდმოსკოვიელები 50:20 გაანადგურა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტაიმი 43:6 მოიგეს, სულ კი, რუსეთის ნაკრების საბაზო გუნდს 7 ლელო გაუტანეს. ცნობილაძე შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა.
ამრიგად, რუსეთის ჩემპიონატის ორმატჩიან დუელში, 20 და 27 ოქტომბერს, ერთმანეთს ქართველი ლეგიონერების გუნდები გაეჯიბრებიან.
რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ქართული გუნდი მოსკოვის “სპარტაკი”, განმეორებითი მატჩის წინ ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა. ერთი კვირით ადრე, მსაჯის უნამუსობით, ისინი “იმპერიასთან” 13:32 დამარცხდნენ და მაშინვე თქვეს, მიზანი მხოლოდ V ადგილისთვის ფინალში გასვლა იქნებაო და დანაპირები შეასრულეს კიდეც. მოსკოველთა შერკინება სრულიად ქართული იყო. სრულად ითამაშეს ხეჩიკოვმა, კვანთიძემ, კიკვაძემ, მინაძემ, მახარობლიძემ, გოგლიჩიძემ, კვერნაძემ და თუთბერიძემ, ხოლო ძაგნიძე, 54-ე წუთზე ადანაიმ შეცვალა. კვლავ არ იყო განაცხადში “სპარტაკის” ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე გოდერძი ჯოგლიძე, რომელიც ტრავმირებულია.
თამაში მოსკოველთა მცირედი უპირატესობით დაიწყო და მე-15 წუთზე, ფლანგზე მინაძე გაიქცა, რომელმაც ანგარიში გახსნა და გარდასახვაც ზუსტი იყო. შესვენებამდე, მასპინძლებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, შუალედში ერთი გაუშვეს და შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 13:3. მეორე ტაიმი “იმპერიას” შეტევებით დაიწყო, მაგრამ ამან მათი დაცვა მოარღვია და შერკინებიდან მეორე ლელო მიიღეს. ზუსტ გარდასახვას ზუსტი ჯარიმა მოჰყვა და ორი მატჩის ჯამში, “სპარტაკი” 1 ქულით დაწინაურდა. ამაზე სტუმრებმა ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ მალევე, კიდევ ორი ჯარიმა მიიღეს (72-ე და 78-ე წუთებზე) და “სპარტაკმა” ამ თამაშის 29:6 მოგებით, ორი მატჩის ჯამში 42:38 იმარჯვა.
ამრიგად, ქართველების “სპარტაკი” V ადგილისთვის 21 და 27 ოქტომბერს “აგროუნივერსიტეტს” დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში “”ნოვოკუზნეცკს” აჯობა (34:32 და 18:14).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია