საფრანგეთის მორაგბეთა მე-2 ელიტარული დივიზიონის, Pro D2-ის VII ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. V ტურის მსგავსად, ჩვენებურთა ანგარიშზე ამჯერადაც ორი ლელოა, ოღონდ ამჯერად, თავი გიორგი ნემსაძემ და გიორგი ნაცარაშვილმა გამოიჩინეს, რომელთათვისაც ეს, პირველი ლელოებია მიმდინარე სეზონში.
გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი”, ქართულ დერბიში ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბისთან” სტუმრად 22:28 დამარცხდა. მატჩში ცხრიდან ხუთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო თოდუა, რომელმაც გარემარბად 72 წუთი ითამაშა, ხოლო შერკინების მეორე ხაზში, მაისურაძე 76-ე წუთიდან შევიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ დადუნაშვილი და მირცხულავა, ორივე 56-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნემსაძე, თამაშში ასევე 56-ე წუთიდან ჩაერთო და სამ წუთში თავისი პირველი ელიტური ლელოც გაიტანა.
“ალბიმ” საწყის 20 წუთში სამი ჯარიმა გაიტანა, “ტარბმა” 32-ე წუთამდე ორი გაქვითა, ხოლო 34-ე წუთზე, დადუნაშვილი სინბინით დაისაჯა, მასპინძლებმა მეტობით ისარგებლეს და შესვენებამდე ორი წუთით ადრე ლელო გაიტანეს. გარდასახვა ზუსტი იყო, რასაც ზედ შესვენების წინ, სტუმრებმა ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 16:9 დასრულდა. “ტრაბმა” ჯარიმით ჩამორჩენა მეორე ნახევრის დასაწყისშივე შეამცირა, მაგრამ როგორც კი თამაში განახლდა, რეფერიმ დადუნაშვილი რაქში თამაშისთვის დააჯარიმა, არადა, თითქოს მან, ყველაფერი წესების დაცვით შეასრულა და 7 ქულიანი სტატუსქვო აღდგა.
52-ე წუთზე, ყვითელი ბარათით და 10-წუთიანი სინბინით უკვე მასპინძლები დაისაჯნენ, მაგრამ 58-ეზე, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და 22:12 დაწინაურდნენ. ერთ წუთში 9 ნომერს, რომელმაც ხაზი გაჭრა, ნემსაძე მიჰყვა კარგად, 15 მეტრი ირბინა და ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. დარჩენილ დროში, მასპინძლების ორ ჯარიმას “ტარბმა” ერთით უპასუხა, არადა, ორი სინბინის გამო, დასკვნითი 15 წუთი კაცნაკლულმა გაატარა და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ამ მოგების შემდეგ, “ალბის” 21 ქულა დაუგროვდა და მე-4 საფეხურამდე აღზევდა, ხოლო “ტარბი” 20 ქულით მე-7 საფეხურზეა.
კარლენ ასეიშვილის, ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა”, “ნარბონი” 32:15 დაამარცხა. დათუნაშვილმა შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე ლელო გაიტანა ნაცარაშვილმა, რის შემდეგაც, ის შეცვალეს, ხოლო ასეიშვილი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო. პირველ ტაიმში, მასპინძელთა ოთხ ჯარიმას სტუმრებმა ორით უპასუხეს. 51-ე და 54-ე წუთებზე, მათ კიდევ თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს, 57-ე წუთზე კი, “ორიაკის” კარგი შეტევა ნაცარაშვილმა გააგრძელა, კარის გასწვრივ ორიოდე მეტრში რაქიდან ბურთი აიტაცა და თანაგუნდელების დახმარებით, ძელის გვერდით დაამიწა. “ორიაკმა” მატჩის მიწურულს მეორე ლელოც მიითვალა, მაგრამ პრემიალური ქულის ასაღებად, ეს საკმარისი არ იყო და ახლა ის, 21 ქულით, მე-5 ადგილზეა.
პრემიალური ქულით პირველად იმარჯვა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილის და გოდერძი შველიძის “ბრივმა”, რომელიც დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასის” მასპინძლობდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ხინჩაგიშვილი, რომელიც შველიძემ 58-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ნატრიაშვილი ტრავმირებულია. განაცხადში არ იყო აშვეთიაც, ხოლო სუთიაშვილი შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. “მასიმ” ერთადერთი ჯარიმა მე-9 წუთზე გაიტანა, როდესაც სტუმართა ლელო-გარდასახვას უპასუხა. “ბრივი” შერკინებაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მეტოქე სამჯერ აიძულა დაჯარიმება და ტაიმი 16:3 მოიგო.
მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს, ხოლო 58-ე წუთზე კიდევ ერთხელ, ამჯერად ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში დაჯაბნეს “მასის” შერკინება და საჯარიმო ლელო დაიმსახურეს, რითაც საბოლოო ანგარიში, 30:3 დააფიქსირეს და ლელოებით 3:0 მოგებისთვის, პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. “ბრივს” 20 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, ხოლო “მასი” 9 ქულით, 16 გუნდში მე-14 პოზიციაზეა.
ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან, საუკეთესო შედეგი აქვს გურამ კავთიძის “ლიონს”, რომელმაც “ექს-ან-პროვანსს” სტუმრად 25:12 მოუგო, სამი უპასუხო ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მას ჯამში 25 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ “უაიონს”. კავთიძე განვლილ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ითამაშა. “ლიონი” 66-ე წუთამდე 11:12 აგებდა, მაგრამ ბოლოს ორი ლელოს გატანა მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “ოშს” სტუმრობდა და 21:40 დამარცხდა. ქართველმა პირველხაზელმა შეუცვლელად ითამაშა და ბევრიც იშრომა, მაგრამ მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლებმა მეტოქეს სისწრაფეში აშკარად აჯობეს და მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ. “ბეზიე” 10 ქულით მე-13-ეა.
ლიდერ “უაიონთან” 26:46 დამარცხდა ტარიელ რატიანიძის “დაქსი”, რომლის რიგებშიც, ქართველმა პირველხაზელმა 48-ე წუთიდან ითამაშა. სტუმრებმა დასკვნით 10 წუთში ორი ლელო გაიტანეს და ორივე გარდასახვა გამოიყენეს, თავად ერთი ლელო მიიღეს, თორემ სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. “დაქსი” 7 ქულით ბოლო ადგილზე რჩება. Pro D2-ის მომდევნო ტურის მატჩები 20-21 ოქტომბერს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია