ამბები

12:57 | 18.10.2012 | ნანახია 1286 - ჯერ

“ფედერალ 1”-ში ულიდერებოდ

საფრანგეთის მორაგბეთა მესამე, ნახევრადპროფესიულ “ფედერალ 1”-ში ქართველი ლეგიონერების 16 გუნდი გამოდის, მაგრამ რეგულარული პირველობის დაწყებიდან თითქმის მესამედი გავიდა და არცერთი მათგანი არაა საკუთარი ჯგუფის ლიდერი.
“ფედერალ 1”-ში სულ 40 გუნდი თამაშობს, რომლებიც ოთხ 10-10 გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული და რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ (XVIII ტური) თითოეულის ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფში გადის, რომლის ფინალისტებიც Pრო D2-ის საგზურს იღებენ. შარშან “ფედერალ 1”-ში წლევანდელზე ბევრი ქართველი თამაშობდა, მაგრამ მათი ნაწილი რანგით მაღალ დივიზიონში აღმოჩნდა, ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა და ულიდერობა ამითაც უნდა იყოს გამოწვეული.
მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ჯგუფის სათავეში ქართველი ლეგიონერის გუნდი არაა, რეგულარული პირველობის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, რამდენიმე მათგანი ოთხეულში აქედანვე მკვიდრდება და შესაბამისად, პლეი ოფში საგულშემატკივრო გუნდებიც აუცილებლად გვეყოლებიან. I ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ექვსი გუნდია და დღეისათვის საუკეთესო პოზიცია ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონს” უჭირავს, რომელიც 15 ქულით მე-3 ადგილზეა და სამით ჩამორჩება ლიდერს. განვლილ ტურში ის ერთ-ერთ კონკურენტ “ბრესანს” დაუხვდა, 16:18 დამარცხდა და ლიდერობის შანსი დაკარგა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი კოპალიანი შესვენებისას მელიქიძემ შეცვალა, ქართველთა გუნდმა კი, პირველ ტაიმში მოპოვებული 7-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და ზედ საფინალო სასტვენის წინ გადამწყვეტი ჯარიმა გაუშვა.
13 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა ზერო პეტრიაშვილის “ვიენი”, რომელიც გიორგი სულუაშვილის “სტრასბურს” ეწვია და მინიმალური სხვაობით, 17:16 იმარჯვა. სტუმართა რიგებში პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო სულუაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. “ვიენს” ქულით ჩამორჩება და მეხუთეა გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი”, რომელმაც უხვქულიან მატჩში ასევე ერთი ქულით “ბობინი” დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, 55-ე წუთზე 33:16 იგებდა, მაგრამ 60-იდან 63-ე წუთამდე ორი ლელო და გარდასახვა გაუშვა, მერე ჯარიმა გაიტანა, ბოლო წუთზე ისევ ლელო გაუშვა და გარდასახვა ზუსტი რომ ყოფილიყო დამარცხდებოდა, მაგრამ გაუმართლა და 36:35 იმარჯვა.
ქართველი ლეგიონერების დერბი “მონლიუსონსა” და “სენტ-ეტიენს” შორის ფრედ 15:15 დასრულდა. მასპინძელი “მონლიუსონი” იყო და მის რიგებში სრულად ითამაშა ელიზბარ ყუფარაძემ, ხოლო რევაზ გიგაური თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა შორის 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა გიორგი გაბელიამ, რევაზ ჟღენტი კი, განაცხადში არ იყო. “სენტ-ეტიენი” 10 ქულით მე-7 ადგილზეა, “მონლიუსონი” 7 ქულით ბოლოსწინ მე-9 პოზიციაზეა.
II ჯგუფში ხუთი ქართველი ლეგიონერის ოთხი გუნდი გამოდის და ჯერჯერობით ყველა მათგანი ოთხეულს მიღმაა. თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნას” ოთხეულში შესვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ სტუმრად “ლავორთან” 8:22 დამარცხდა. ურჯუკაშვილმა შუამარბად სრულად ითამაშა, გელანტია განაცხადში არ იყო, ხოლო სტუმართა გუნდი 67-ე წუთამდე მხოლოდ ქულას აგებდა და ბოლოსღა გატყდა. ის ახლა 10 ქულით მე-6 ადგილზეა.
10-10 ქულა აქვთ ირაკლი ნინიძის “რომანს” და გიორგი კუთარაშვილის “შატორენარს”, რომლებიც VII-VIII ადგილებს იყოფენ. ამ გუნდების დერბი მასპინძელი “რომანის” 7-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 21:14. კუთარაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, ნინიძე კი, 64-ე წუთიდან. უხვქულიანი გამოდგა დავით კაჭარავას “როდეზისა” და “აგდის” თამაში. ლელოებისა და ქულების გარდა მატჩში ბევრი იყო ყვითელ-წითელი ბარათებიც. კაჭარავას გუნდი სტუმრად თამაშობდა და საათის თავზე 30:17, ხოლო 74-ე წუთამდე 35:22 იგებდა. სამწუხაროდ მათ მალე ლელო-გარდასახვა გაუშვეს, დამატებულ წუთებზე კიდევ ლელო მიიღეს და რადგან გარდასახვაც ზუსტი იყო 35:36 დამარცხდნენ. კაჭარავამ სრულად ითამაშა, “როდეზი” კი 9 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.
III ჯგუფის ცენტრალურ მატჩში “ტიროსთან” 3:13 დამარცხდა ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი”. გუჯარაიძემ შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო. “სენ-ნაზერი” ჯარიმით დაწინაურდა, ტაიმი 3:3 დასრულდა, მერე მასპინძლები ჯარიმით დაწინაურდნენ, გადამწყვეტი ლელო კი საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე გავიდა. მიუხედავად მარცხისა “სენ-ნაზერს” ქართველთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, 18 ქულით მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩა “ტიროსს”. ქართველთა გუნდი ასევე 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.
12 ქულით მე-6 ადგილზეა თედო ზიბზიბაძის “პერიგო”, რომელიც გაჩეჩილაძის “აჟეტმოსთან” სტუმრად გამართულ მატჩში მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 18:18. მეორეხაზელმა გაჩეჩილაძემ და შუამარბმა ზიბზიბაძემ სრულად ითამაშეს, მათმა გუნდებმა კი, ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს. წინ ხან მასპინძლები გადიოდნენ და ხანაც სტუმრები, 77-ე წუთზე “პერიგო” 18:15 დაწინაურდა, მაგრამ ბოლოს დაჯარიმდა და მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა. ასევე 2 ქულა აიღო “აჟეტმომაც”, რომელსაც გამარჯვების გემო ჯერ არ გაუგია და 6 ქულით მე-8 ადგილზეა. 10 ქულით მეშვიდეა ნიკოლოზ მაღალდაძის “მარმანდი”, რომელმაც “ლანგონთან” დასანანი მარცხი იწვნია. ქართველმა კვაჭმა სრულად ითამაშა, მისი გუნდი 66-ე წუთზე 26:18 იგებდა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ჯერ ჯარიმა გაუშვა, 76-ეზე ლელო მიიღო, გარდასახვაც ზუსტი იყო და 26:28 მარცხისთვის მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
IV ჯგუფში საკუთარ გუნდებს ქულები შესძინეს მერაბ კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, მაგრამ გამარჯვება ვერცერთმა ვერ მოიპოვა. მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანი” “ლიმოჟს” მასპინძლობდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ორივე ქართველმა მორაგბემ სრულად ითამაშა და “ბორჯღალოსანთა” მგეზავმა 15 ქულაც მიითვალა, მაგრამ მისი გუნდი 15:19 დამარცხდა. ნახევარი საათის შემდეგ სტუმრები 16:0 იგებდნენ, 34-ე და 38-ე წუთებზე “მეკომ” ჯარიმებით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო ტაიმი 6:19 დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და კვირიკაშვილმა 67-ე, 71-ე და 78-ე წუთებზე კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა, თუმცა, მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა და “სენ-ჟუნიანი” 10 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზეა.
ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერი” ჯგუფის ლიდერ “მონტობანს” დაუხვდა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველხაზელი მაისურაძე მეტოქის მორაგბესთან ჩხუბის გამო 24-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათით გააძევეს. სრულად ითამაშა მგეზავმა მალაღურაძემ და 27-ე, 65-ე და 76-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა, მატჩი კი, ფრედ 9:9 დასრულდა. “ბანიერს” 6 ქულა აქვს და მე-9-მე-10 ადგილს “სენ-მედართან” იყოფს. “ფედერალ 1”-ის VI ტურის მატჩები 20-21 ოქტომბერს გაიმართება, რის შემდეგაც სამკვირიანი შესვენება გამოცხადდება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126586