საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, მიმდინარე თვის მიწურულს პორტუგალიაში გაემგზავრება და იქ ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
წლეულს ევროპის პირველობა განსხვავებული სისტემით ტარდება. ექვსი გუნდი ორ ჯგუფად არის გაყოფილი. “ა” ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ, ხოლო “ბ” ჯგუფში მასპინძელი პორტუგალია, ბელგია და რუსეთი არიან. ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ორ-ორ ბლიც თამაშს ჩაატარებენ და ორ 20-წუთიან ტაიმს ითამაშებენ.
27 ოქტომბერს ქართველთა მეტოქე ესპანეთი იქნება, 29-ში ესპანეთი რუმინეთს ეთამაშება, ხოლო 31 ოქტომბერს საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრაა დანიშნული. მეორე ჯგუფში პირველ დღეს პორტუგალია რუსეთს ეპაექრება, მერე რუსეთის მეტოქე ბელგია იქნება, ხოლო 31-ში მასპინძლები ბელგიას ეთამაშებიან. ჯგუფში დაკავებული ადგილების მიხედვით, პირველადგილოსნები უკვე ორი 35-წუთიანი ტაიმებით ჩემპიონს გამოავლენენ, მეორეადგილოსნები მესამე ადგილს გაითამაშებენ, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები ბოლოსწინა მე-5 ადგილსთვის იბრძოლებენ.
ევროპის ჩემპიონი, ამჯერად მხოლოდ ერთი გუნდი, 2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურს მიიღებს. იქ მასპინძლის სტატუსით ჩილეს ნაკრები თამაშობს, სამხრეთ ამერიკიდან მას მეორე გუნდად ურუგვაი დაემატა, აზიას ტრადიციულად იაპონია წარმოადგენს, აფრიკას ნამიბია, ჩრდილოეთ ამერიკიდან კანადა ითამაშებს, ხოლო ოკეანეთიდან ტონგა. ევროპიდან ერთ-ერთი გუნდი იტალია იქნება, რომელმაც 20-წლამდელთა 12-გუნდა მსოფლიო თასზე ბოლო ადგილი დაიკავა და საკუთარი ადგილი წლევანდელი “ალაფის” მომგებ აშშ-ს დაუთმო. მე-8 და ბოლო გუნდი “ალაფაზე” ევროპის ჩემპიონი იქნება და იმედია, ეს გუნდი საქართველოს ნაკრები აღმოჩნდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია