საქართველოს მორაგბეთა XIII ეროვნული ჩემპიონატის მე-8 რაუნდის ცენტრალური მატჩი ამჯერად “შევარდენზე” გაიმართება. ლიდერთა სამეულში მოკალათებული “არმაზი” და “ლელო” უძლიერესს კვირას გაარკვევენ, მანამდე კი, ფავორიტები დაგეგმილი ქულების აღებას ეცდებიან.
ტურის სამი თამაში პარალელურ რეჟიმში ტრადიციულად შაბათს, 16 საათზე დაიწყება. ქვეყნის ჩემპიონი თბილისის “არმია” “ყოჩებს” “ავჭალაზე” ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ ერთი დღით ერთპიროვნულად გალიდერდება. ლიდერობა ხანმოკლე იქნება თუ არა, ეს ტურის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, თუმცა, არმიელებს თავისი საქმე ნებისმიერ შემთხვევაში გასაკეთებელი აქვთ და ისიც ნუ დაგვავიწყდება, პრემიალური ქულის აღების შემთხვევაში მათი უპირატესობა 4 ქულიანი რომ იქნება. დებულების თანახმას, თანაბარი ქულების პირობებში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, სადაც ამ ეტაპზე “არმია” “ლელოს” სჯობია და ეს პუნქტი შესაძლოა კვირას საღამოს ამოქმედდეს.
გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში არიან. “არმია” 6 მოგებით და ერთი მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო “ყოჩები” მოგებით და 6 მარცხით ბოლოდან მეორეა. არმიელებმა ის ერთადერთი მარცხი მეორე ტურში განიცადეს და მას შემდეგ ზედიზედ ხუთი თამაში მოიგეს, ერთი კვირის წინ კი, “აკადემია” 40:3 გაანადგურეს. “ყოჩებმა” სტარტზე 6 მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება ერთი კვირის წინ “ბათუმთან” იზეიმა - 34:32 და სწორედ მაშინ დააღწია თავი ბოლო ადგილს. 2011 წლის რეგულარულ პირველობაში “არმიამ” უძველესი ქართული სარაგბო კლუბი ორივეჯერ იოლად დაამარცხა. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ასევე შარშან, საქართველოს თასის ბოლო გათამაშების ფინალში შედგა, სადაც “ყოჩებმა” მედგრად იბრძოლეს, მაგრამ 16:26 მაინც დამარცხდნენ.
ქუთაისში ქულათა მაქსიმუმის აღებას ეცდება “აია” აუტსაიდერ “აკადემიასთან”. აკადემიელებმა განვლილ შვიდ მატჩში მხოლოდ “ყოჩების” დამარცხება შეძლეს 6:3 და ერთადერთხელ აიღეს მარცხისთვის პრემიალურ ქულა. გასულ ტურში მათ “არმიამ” 40:3 სძლია და უკეთესი დღე არც ქუთაისში ელოდება. “აიამ” სეზონი არასტაბილურად კი დაიწყო, მაგრამ ბოლოს ზედიზედ ორი თამაში მოიგო და ერთი კვირის წინ “ხარებთან” რუსთავში 50 ქულა მოაგროვა - ერთ თამაშში ამდენი ქულა მიმდინარე ჩემპიონატში სხვა გუნდს არ მოუგროვებია. მოკლედ ქუთაისელებს სამეულში შესვლის თუ არა ოთხეულში ადგილის დამკვიდრების კარგი შანსი აქვთ, “აკადემია” კი, სასწაულის იმედად თუ იქნება.
პოზიციის გამყარებას ბათუმიდან ეცდება “ილიაუნის ჯიქი”. ზღვისპირელებს ნორმალური შემადგენლობა კი ჰყავთ, მაგრამ გუნდს შეკვრა არ აკლია და ასეთ დროს მასთან წარმატებაზე ფიქრი ნებისმიერ გუნდს შეუძლია, მით უმეტეს “ჯიქებს”. “ბათუმმა”, რომელსაც საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის ამბიცია აქვს, უკვე ბევრი დაკარგა და ახლა საკუთარი მოედნის უპირატესობით სარგებლობას ეცდება. გუნდმა ორივე გამარჯვება სწორედ “ანგისაზე” მოიპოვა, მათ შორის ერთი “ლოკომოტივთან” და “ჯიქებს” წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევა მოუწევთ. შაბათს ამ გუნდების პირველი ნაცნობობა შედგება.
პირველი სათამაშო დღის ბოლო მატჩში “ავჭალაზე” დაიწყება და მასში “ლოკომოტივი” რუსთავის “ხარებს” დაუხვდება. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს არცთუ კარგი დრო უდგას. გუნდმა მხოლოდ ორი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ოთხჯერ დამარცხდა, აქედან ორჯერ ზედიზედ ბოლო ორ თამაშში. საგულისხმოა, რომ “ხარებსაც” ორი მოგება და ოთხი მარცხი აქვს, ერთი თამაში კი ნოემბრისთვის გადაიდო და ამრიგად, მოგების შემთხვევაში რუსთაველები დაკარგული ქულებით “რკინიგზელებზე” წინ იქნებიან. თუ თამაში “ლოკომოტივის” გამარჯვებით დასრულდა და ამავდროულად, “ანგისაზე” ჯიქებმაც იმარჯვა, პრაქტიკულად ცნობილი გახდება იმ 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც რეგულარული პირველობის შემდეგ საჩემპიონო პლეი ოფში ჩაებმებიან და ძნელად სავარაუდოა მეორე წრემ ამ კუთხით რაიმეს შეცვლა მოახერხოს.
და ბოლოს, კვირას “ლელო” დიდი ალბათობით შაბათს დაკარგული ლიდერობის დაბრუნებას ეცდება, მაგრამ გამარჯვების მიღწევა იოლი არ იქნება, რადგან მათ წინააღმდეგ წელს კარგად მობურთალი “არმაზი” იდგება. ამ გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და ქვედა ოთხეულის გუნდები ერთიმეორეს მიყოლებით დაამარცხა, მერე ზედიზედ ორი თამაში წააგო (“არმიასთან” და “აიასთან”), მაგრამ გასულ ტურში “ლოკომოტივს” 31:21 სძლია და საკუთარი ამბიციურობა დაამტკიცა. ახლა ის პოზიციების გამყარებას “ლელოსთან” ეცდება.
მაგრამ “ლელო” წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მისი წაქცევა იოლი საქმე არ იქნება. ექვსი მოგება და ერთადერთი მარცხი, ისიც ჩემპიონ “არმიასთან” პრემიალური ქულით, ყველაზე მეტი ქულა და პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში, საუკეთესო მაჩვენებელი გატანილ-გაშვებულ ქულებში, ყველაზე მეტი გატანილი და ყველაზე ნაკლები გაშვებული ქულა - ეს ყველაფერი “ლელოს” სიძლიერეზე მეტყველებს. “ლელომ” თითქმის ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგო და არმაზელებს, რომლებიც თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდნენ “ლელოს” განვლილ თამაშს (“ჯიქებთან” 22:10), ამ ყველაფრის გათვალისწინება მოუწევთ.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. VIII რაუნდი
20 ოქტომბერი. შაბათი
ქუთაისი. “დინამო”. 16:00
აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)
ბათუმი. “ანგისა”. 16:00
ბათუმი (ბათუმი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
არმია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
21 ოქტომბერი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”. 16:00
არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი)
1 | ლელო | 7 | 6 | 0 | 1 | 204-101 | 28 |
2 | არმია | 7 | 6 | 0 | 1 | 185-104 | 27 |
3 | არმაზი | 7 | 5 | 0 | 2 | 150-114 | 21 |
4 | აია | 7 | 4 | 1 | 2 | 152-117 | 20 |
5 | ჯიქები | 7 | 4 | 0 | 3 | 132-113 | 19 |
6 | ლოკომოტივი | 7 | 2 | 1 | 4 | 140-142 | 14 |
7 | ბათუმი | 6 | 2 | 0 | 4 | 96-134 | 10 |
8 | ხარები | 6 | 2 | 0 | 4 | 84-142 | 9 |
9 | ყოჩები | 7 | 1 | 0 | 6 | 117-179 | 7 |
10 | აკადემია | 7 | 1 | 0 | 6 | 47-173 | 5 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია