ამბები

19:06 | 20.10.2012 | ნანახია 1772 - ჯერ

ზელანდია ავსტრალიამ შეაჩერა

ავსტრალიის ეროვნულმა ნაკრებმა, ახალი ზელანდიის 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. ბრისბენში გამართული ტესტ-მატჩის პირველი ტაიმი, “ოლ ბლექსმა” 12:6 მოიგო, მაგრამ ბოლოს მდევრის როლში იყო და დიდი ძალისხმევით ისღა მოახერხა, რომ მარცხს თავი დააღწია.
ავსტრალიელებისთვის ეს შედეგი მაინც წარმატებულად უნდა განვიხილოთ, რადგან მათმა საგრძნობლად შესუსტებულმა შემადგენლობამ, მრისხანე “ოლ ბლექსს” თავი არ ააწიოკებინა. ქერთლი ბილმა და მაიკ ჰარისმა “კენგურუებს” ჯარიმებით 18 ქულა შესძინეს და ასე გააბათილეს დენ კარტერის 6 ჯარიმა. სულ ბოლოს, ზელანდიელებმა მეტოქე 22-ში გამოკეტეს და კარტერს გადამწყვეტი არეკნის შესრულების საშუალება მისცეს, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი იყო და ტაბლოზეც 18:18 დაფიქსირდა.
ზელანდიას შანსი ჰქონდა, საკუთარი მიღწევა გაემეორებინა და ზედიზედ 17 მოგებულ თამაშამდე ასულიყო. შეხვედრა უკიდურესად დაძაბული გამოდგა და პირველ ტაიმში სკოტ ჰიგინბოთამი ზელანდიელთა კაპიტან რიჩი მაკქოუს წაეჩხუბა, მაგრამ რეფერიმ მორაგბეები დაინდო, ტაიმის მიწურულს კი, სტუმრებს რაქში განმეორებითი ჯარიმისთვის ტონი ვუდკოკი გაუსინბინა. სხვამხრივ, შესვენებამდე ჰარისმა ოთხი ზუსტი ჯარიმა შეასრულა, მათ შორის ბოლო, ზედ შესვენების წინ და ანგარიში 12:6 გახადა. მანამდე კარტერმა პირველ მიღებულ 3 ქულას ორი ჯარიმით უპაუხა.
50-ე წუთზე ქერთლი ბილმა ჯარიმა საკუთარი ნახევრიდან გაიტანა და ავსტრალიას 9 ქულიანი უპირატესობა მოუტანა, მაგრამ ორ წუთში, მას კარტერმა უპასუხა და კიდევ ორ წუთში, ავსტრალია, მაიკლ ჰუპერის სინბინის გამო, მოედანზე კაცნაკლული დარჩა - კარტერმა ამჯერადაც ზუსტად დაჰკრა. საფინალო სასტვენამდე 13 წუთით ადრე, მსოფლიოს საუკეთესო მექულემ ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა, ხოლო კიდევ 4 წუთში, მანვე “ოლ ბლექსი” გამარჯვებას მიუახლოვა. მაგრამ 75-ე წუთზე ჰარისმა თავისი მე-5 შანსი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 18:18.
დაახლოებით ორ კვირაში, ნოემბრის ტესტ-მატჩები იწყება და ავსტრალია და ზელანდია ევროპულ ტურნეში გაემგზავრებიან. ავსტრალიელებს საფრანგეთის, ინგლისისა და იტალიის ნაკრებებთან მატჩების შემდეგ, სამთამაშიანი სერია ელით “ბრიტანელ ლომებთან”. ზელანდიელები შოტლანდიის, იტალიის, უელსისა და ინგლისის ნაკრებებს გაეჯიბრებიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.209759