ამბები

16:52 | 22.10.2012 | ნანახია 1742 - ჯერ

ჟვანია ჯგუფის სათავეშია

ახალგაზრდა ქართველი პირველხაზელის, ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” ერთადერთი ფრანგული გუნდია, რომელიც რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ემლინ ჩელენჯ ქაფის” ჯგუფს ლიდერობს. ორი ტურის შემდეგ, ოთხი ჯგუფის სათავეში ინგლისური კლუბები განლაგდნენ და მხოლოდ პარიზელები არღვევენ ბრიტანელთა სრულ ჰეგემონიას.
“ემლინ ჩელენჯ ქაფი” ის ტურნირია, რომლის ფორმატის შეცვლაზეც საუბარი არ წყდება და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, იქ ქართულ კლუბს შესაბამისი ფინანსური გარანტიის შემთხვევაში ჩართვა ქართულ კლუბსაც შეუძლია. ქვეყნის ჩემპიონი თბილისის “არმია” მომავალი წლიდან მასში მონაწილეობაში მზადყოფნას გამოთქვამდა, მაგრამ ახლა, როდესაც შესაძლოა უწყებებმა და მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ სპორტული გუნდის დაფინანსებაზე უარი თქვას, რა მოხდება, არავინ იცის. იმედია, ქართულ კლუბებს შეძლებული პატრონები გამოუჩნდებათ და ახალი სეზონიდან “ჩელენჯ ქაფზე” ქართული კლუბების წარმატებაზე დავწერთ.
მანამდე მხოლოდ ქართველ ლეგიონერებზე თუ ვისაუბრებთ და მათ შორის გამორჩეულად 21 წლის ზურაბ ჟვანიაზე. ფოთელმა ბიჭმა თამაში “კოლხ რაინდებში” დაიწყო, მერე ოსტატობა ქუთაისის “აიაში” დახვეწა და აგერ უკვე საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში დამკვიდრდა. ის პარიზულ გუნდში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა გადასულიყო, მაშინ სავიზო პრობლემების გამო ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ახალი სეზონიდან “სტად ფრანსეს” შეუერთდა და ხელმძღვანელობას თავი ისე მოაწონა, სამიოდე თვეში ახალი სამწლიანი კონტრაქტი დაიმსახურა. ჟვანია ძირითად გუნდშია, მაგრამ ორი წელი იქ სასწავლო ცენტრის კონტრაქტით ითამაშებს, ხოლო მესამე წელიწადს გარანტირებულ პროფესიონალურ კონტრაქტს მიიღებს.
მანამდე ქართველი პირველხაზელი კლუბის თავკაცებისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას განაგრძობს და როგორც ერთი კვირის უკან “ლონდონ უელშთან” მოგებული მატჩისას, ახლაც ძირითად შემადგენლობაში იყო. ჟვანიამ ევროთასის მეორე ტურის ფრანგულ დერბიში “გრენობლის” წინააღმდეგ პირველიდან 56-ე წუთმდე ითამაშა და გუნდს შერკინებასა და ზოგადად მატჩში უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარა.
პარიზელები ადრეული ლელოთი და ჯარიმით დაწინაურდნენ. შესვენებამდე გაშვებულ სამ ჯარიმას ორი ჯარიმით და ერთი არეკნით უპასუხეს და ტაიმი 19:9 მოიგეს. მეორე ტაიმში, სანამ ქართველი მოედანზე იყო, სტუმრებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, მასპინძლებმა ერთი არეკნი. 74-ე წუთზე “გრენობლმა” წონასწორობის აღდგენა შეძლო (25:25), მაგრამ ბოლოს არგენტინელმა ვეტერანმა ფელიპე კონტეპომმა “სტად ფრანსესთვის” ზუსტი ჯარიმა დაკრა და მას 28:25 მოაგებინა. ამრიგად, V ჯგუფს ორი მოგებით და 9 ქულით “სტად ფრანსე” ლიდერობს, რომელსაც “ჩელენჯ ქაფზე” მომდევნო ორი მატჩი იტალიურ “კავალიერ პრატოსთან” ელის და ლიდერობის განმტკიცება შეუძლია.
აქვე შეგახსენებთ, “ჩელენჯ ქაფის” მეოთხედფინალში ხუთივე ჯგუფის საუკეთესო გუნდი და “ჰაინეკენის თასის” სამი მეორეადგილოსანი გადის (“ჰაინეკენის თასის” ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, მომდევნო სამი კი, “ჩელენჯ ქაფზე” განაგრძობს ასპარეზობას).
“ჩელენჯ ქაფის” ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა აქვს შუამარბ თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანს”, რომელიც ინგლისში “ლონდონ აირიშთან” 26:69 დამარცხდა. ქართველ მორაგბეს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა ერთი კვირის წინ რომ ათამაშეს, მაგრამ დაზიანება პირველსავე ტაიმში გაიმიზეზა, მაშინვე შეცვალეს და არც ახლა უთამაშია. მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის მიზერული შანსი აქვს.
გეხსომებათ, ერთი წლის წინ რუმინეთის პასპორტი აიღო და ამ ქვეყნის ნაკრების სახელით ასპარეზობს კვაჭი ოთარ ტურაშვილი, რომელიც “ჩელენჯ ქაფზე” “ბუქარესტის”ღირსებას იცავს. ის იტალიური “კალვიზანოს” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 65-ე წუთზე კი, ლელოც გაიტანა ანგარიში 28:20 გახადა. რუმინელებმა იტალიელებისგან სამი ლელო გაუშვეს, თავად 6 გაიტანეს, თამაში 42:27 მოიგეს და პრემიალური ქულაც აიღეს. სწორედ ეს უნდა გახდეს ქართული კლუბების “ჩელენჯ ქაფში” მონაწილეობის მაგალითი (ესპანელებისგან განსხვავებით რუმინელები მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სახელით მოასპარეზე მორაგბეებით თამაშობენ). ისინი თავიდან მარტო ღირსეულ მარცხს თანხმდებოდნენ, ახლა კი, აგერ ორი წელია გულშემატკივარს გამარჯვბებითაც ახარებენ. IV ჯგუფში “ბუქარესტი” 5 ქულით მესამეა.
მთლიანობაში, ორი ტურის შემდეგ ოთხ ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ინგლისური კლუბები ლიდერობენ, ერთგან ლიდერობაში მეტოქეს “პერპინიანი” ეცილება, მეორეგან “ბაიონს” პრემიით ნაკლები აქვს და წინ საინტერესო ბრძოლები გველის.

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2012/2013 წლები. ჯგუფური ეტაპი
18-21 ოქტომბერი. ჯგუფური ეტაპი. II რაუნდი
I ჯგუფი

გლოსტერი - ბორდო 25:13
ლონდონ აირიში - მონ დე მარსანი 69:26
 

1 ლონდონ აირიში (ინგლისი) 2 2 0 0 112-42 10
2 გლოსტერი (ინგლისი) 2 2 0 0 36-19 9
3  მონ დე მარსანი (საფრანგეთი) 2 0 0 2 32-80 1
4 ბორდო (საფრანგეთი) 2 0 0 2 29-68 0



მომდევნო ტური. 6-8 დეკემბერი
ბორდო - მონ დე მარსანი; ლონდონ აირიში - გლოსტერი

II ჯგუფი
უორსტერი - როვიგო 90:3
პერპინიანი - გერნიკა 90:12
 

1  უორსტერი (ინგლისი) 2 2 0 0 175-8 10
2  პერპინიანი (საფრანგეთი) 2 2 0 0 169-24 10
3  როვიგო (იტალია) 2 0 0 2 15-169 0
4 გერნიკა (ესპანეთი) 2 0 0 2 17-175 0


მომდევნო ტური. 6-8 დეკემბერი
უორსტერი - პერპინიანი; გერნიკა - როვიგო

III ჯგუფი
ნიუპორტი - ბაიონი 19:22
მოლიანო - უოსპსი 12:59
 

1 უოსპსი (ინგლისი) 2 2 0 0 97-37 10
2  ბაიონი (საფრანგეთი) 2 2 0 0 93-26 9
3 ნიუპორტი (უელსი) 2 0 0 2 44-60 1
4 მოლიანო (იტალია) 2 0 0 2 19-130 0



მომდევნო ტური. 8 დეკემბერი
მოლიანო - ნიუპორტი; ბაიონი - უოსპსი

IV ჯგუფი
აჟენი - ბათი 22:27
ბუქარესტი - კალვიზანო 42:27
 

1  ბათი (ინგლისი) 2 2 0 0 67-39 10
2   აჟენი (საფრანგეთი) 2 1 0 1 58-58 6
3  ბუქარესტი (რუმინეთი) 2 1 0 1 59-67 5
4  კალვიზანო (იტალია) 2 0 0 2 58-78 2



მომდევნო ტური. 8 დეკემბერი
ბუქარესტი - აჟენი; ბათი - კალვიზანო

V ჯგუფი
კავალიერ პრატო - ლონდონ უელში 31:32
სტად ფრანსე - გრენობლი 28:25
 

1  სტად ფრანსე (საფრანგეთი) 2 2 0 0 96-44 9
2 გრენობლი (საფრანგეთი) 2 1 0 1 84-31 6
3  ლონდონ უელში (ინგლისი) 2 1 0 1 51-99 4
4 კავალიერ პრატო (იტალია) 2 0 0 2 34-91 2


მომდევნო ტური. 7-8 დეკემბერი
გრენობლი - ლონდონ უელში; კავალიერ პრატო - სტად ფრანსე
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111394