ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, “ჰაინეკენის თასის” ჯგუფურ ეტაპზე, ორი ტურის შემდეგ, ქართველ ლეგიონერთა 6 კლუბიდან, 3 პირველ საფეხურს იკავებს, ერთი უიმედო აუტსაიდერია, ხოლო დანარჩენ ორს წინ დიდი ბრძოლები ელის.
აუტსაიდერი შოტლანდიური “ედინბურგია”, I ჯგუფში, სადაც დიმიტრი ბასილაიას გუნდმა ორ მატჩში, სატურნიროს ვინ ჩივის და, ერთი ქულის აღებაც ვერ მოახერხა.
სქოთებმა, პირველ მატჩში 0:45 წაგების შემდეგ, ირლანდიაშიც მშრალად წააგეს - 0:33. “მანსტერის” საგულშემატკივროდ, II ტურში, სარეკორდო ოდენობის მაყურებელი, 22146 ადამიანი შეიკრიბა და მათ მხოლოდ მასპინძელთა 33 ქულით გაიხარეს.
ბასილაია თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ საერთო სურათი მანაც ვერ შეცვალა.
ირლანდიელებმა ტაიმი ორი ჯარიმით, 6:0 მოიგეს, თამაშის განახლებიდან ათ წუთში პირველი ლელო მიითვალეს, ხოლო დასკვნით ათ წუთში კიდევ 3 ლელო გაიტანეს და 33:0 გამარჯვებით, პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.
“ედინბურგს” ორ მატჩში ჯარიმაც არ გაუტანია და უქულოდ, ბოლო ადგილზეა. 8 დეკემბერს ის ფრანგულ “რასინგ მეტროს” ეწვევა, მანამდე კი, დანავსული სერიის შეწყვეტას “კელტების ლიგაში” ეცდება.
II ჯგუფს ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” ლიდერობს, რომელმაც მე-2 ტურში, იტალიაში, ადგილობრივი “ბენეტონი”, 5 ათასი მაყურებლის წინაშე, 33:21 შეარცხვინა.
ქართველი პირველხაზელები ტრავმირებულები არიან და განაცხადში არ იყვნენ. იტალიელებმა საწყის 46 წუთში გამოიყენეს 7 ჯარიმა და 21:12 დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოს გამოცდილებამ თავისი გაიტანა, 53-ედან 63-ე წუთამდე სტუმრებმა 3 ლელო მიითვალეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
“ტულუზა”, 8 ქულით, ცხრილის სათავეშია და 8 დეკემბერს უელსის “ოსპრეის” მასპინძლობს, რომელსაც კიდევ ერთ კვირაში უკვე სტუმრად ეთამაშება.
IV ჯგუფში, ინგლისური “ნორთჰემპტონის” 21:16 ძლევით, ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”.
კასტრელებმა ტულუზაში 11425 მაყურებელი შეკრიბეს და თავიდან მეტოქე აშკარად დაჯაბნეს. ტრავმამოშუშებული ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მისმა გუნდმა შერკინებაში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, რის შედეგადაც ტაიმი 13:6 მოიგო, ხოლო 50-ე წუთზე 18:6 დაწინაურდა. ფეიქრიშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს და მასპინძლებმა ინიციატივა დაკარგეს, სხვაობა ხუთ ქულამდე დავიდა, მაგრამ “კასტრმა” გაძლო და 21:16 იმარჯვა. მას 4 ქულით მე-3 ადგილი უკავია და 7 დეკემბერს, შოტლანდიაში, “გლაზგო უორიორსის” დამარცხებით, სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია.
V ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც ერთი კვირის წინათ, შინ, პრემიალური ქულით უელსის “სკარლეტს” სძლია, ხოლო ამ ჯერზე, ინგლისის “ექსეტერი”, 10 ათასამდე ადგილობრივი გულშემატკივრის თვალწინ, 46:12 დაიბრიყვა.
მასპინძლებმა ოთხივე ჯარიმა პირველ ტაიმში გაიტანეს, საპასუხოდ ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიიღეს და შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
ფრანგები თამაშის განახლებიდან ხუთ წუთში ჯარიმით დაწინაურდნენ, ხოლო კიდევ ხუთ წუთში 2 ლელო გაიტანეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს. “კლერმონმა” მეტოქე დასკვნით ათ წუთში საბოლოოდ გატეხა, კიდევ 3 ლელო მიითვალა და 46:12 იმარჯვა. მას ახლა 10 ქულა აქვს და 9 დეკემბერს უახლოეს მდევარ, ირლანდიურ “ლენსტერს” დაუხვდება, რომელსაც ასევე 2 გამარჯვება აქვს, ოღონდ პრემიალური ქულების გარეშე. “ექსეტერის” წინააღმდეგ პირველიდან 62-ე წუთამდე იბურთავა ზირაქაშვილმა.
V ჯგუფში ორი მოგება აქვს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს”, რომელმაც უელსში, “კარდიფს” 22:14 მოუგო.
ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო, რომელმაც პირველიდან 51-ე წუთამდე იბურთავა. მატჩი დაძაბული გამოდგა. მასპინძელთა ადრეულ ლელოს სტუმრებმა 2 ჯარიმით უპასუხეს. ზედ შესვენების წინ, უელსელებმა თავისი წილი ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 8:6.
განახლდა მატჩი და უილკინსონმა “ტულონი” დააწინაურა, ხოლო ათ წუთში მან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
“კარდიფმა” ჩამორჩენა მინიმუმამდე 61-ე წუთზე დაიყვანა, მაგრამ ორიოდე წუთში ფრანგებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს. ბოლოს გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და “ტულონმა” 4 ქულა ჩაიწერა, ჯამში კი, 9 ქულით, ცხრილის სათავეში მოექცა.
ამავე ჯგუფში, 4 ქულით მე-2 ადგილზეა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხელ ნარიაშვილის “მონპელიე”, რომელმაც 10414 მაყურებლის წინაშე, ინგლისურ “სეილ შარქსს” 33:18 აჯობა.
ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო შემადგენლობაში იყო გორგოძე და 49 წუთი იბურთავა.
“მონპელიემ”, არგენტინელი ბუსტოს მოიანოს ჯარიმებით, ტაიმი 12:8 მოიგო, მერე სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, რასაც 10 წუთის ინტერვალში მასპინძელთა 3 ლელო მოჰყვა და ფრანგები 33:11 დაწინაურდნენ.
“სეილმა” ბოლოსკენ შეძლო ერთი ლელოს გატანა და 18:33 დამარცხდა.
“მონპელიე”, 9 დეკემბერს, უელსში, “კარდიფს” ეთამაშება, ხოლო 8 დეკემბერს, “ტულონი” ინგლისს ეწვევა და “სეილს” დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში, ჯგუფის ექვს გამარჯვებულთან ერთად, ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა, ხოლო მომდევნო 3 მეორეადგილოსანი “ემლინ ჩელენჯ ქაფზე” გადაინაცვლებს.
2012/2013 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. II ტური
I ჯგუფი
სარასინი - რასინგ მეტრო 30:13
მანსტერი - ედინბურგი 33:0
1 | სარასინი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 75-13 | 9 |
2 | მანსტერი (ირლანდია) | 2 | 1 | 0 | 1 | 50-22 | 6 |
3 | რასინგ მეტრო (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 35-47 | 4 |
4 | ედინბურგი (შოტლანდია) | 2 | 0 | 0 | 2 | 0-78 | 0 |
მომდევნო ტური. 8 დეკემბერი
მანსტერი - სარასინი; რასინგ მეტრო - ედინბურგი
II ჯგუფი
ბენეტონი - ტულუზა 21:33
ლესტერი - ოსპრეი 39:22
1 | ტულუზა (საფრანგეთი) | 2 | 2 | 0 | 0 | 56-30 | 8 |
2 | ოსპრეი (უელსი) | 2 | 1 | 0 | 1 | 60-56 | 5 |
3 | ლესტერი (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 48-45 | 5 |
4 | ტრევიზო (იტალია) | 2 | 0 | 0 | 2 | 38-71 | 0 |
მომდევნო ტური. 8 დეკემბერი
ტულუზა - ოსპრეი; ლესტერი - ბენეტონი
III ჯგუფი
ბიარიცი - ზებრე 38:17
კონაჩტი - ჰალიქვინსი 22:30
1 | ჰალიქვინსი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 70-35 | 9 |
2 | ბიარიცი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 51-57 | 5 |
3 | კონაჩტი (ირლანდია) | 2 | 1 | 0 | 1 | 41-40 | 4 |
4 | ზებრე (იტალია) | 2 | 0 | 0 | 2 | 27-57 | 0 |
მომდევნო ტური. 7-8 დეკემბერი
კონაჩტი - ბიარიცი; ზებრე - ჰალიქვინსი
IV ჯგუფი
გლაზგო - ოლსტერი 8:19
კასტრი - ნორთჰემპტონი 21:16
1 | ოლსტერი (უელსი) | 2 | 2 | 0 | 0 | 60-25 | 9 |
2 | ნორთჰემპტონი (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 40-36 | 6 |
3 | კასტრი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 38-57 | 4 |
4 | გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) | 2 | 0 | 0 | 2 | 23-43 | 0 |
მომდევნო ტური. 7 დეკემბერი
გლაზგო - კასტრი; ნორთჰემპტონი - ოლსტერი
V ჯგუფი
სკარლეტსი - ლენსტერი 13:20
ექსეტერი - კლერმონი 12:46
1 | კლერმონი (საფრანგეთი) | 2 | 2 | 0 | 0 | 95-28 | 10 |
2 | ლენსტერი (ირლანდია) | 2 | 2 | 0 | 0 | 29-19 | 8 |
3 | ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) | 2 | 0 | 0 | 2 | 18-55 | 1 |
4 | სკარლეტსი (უელსი) | 2 | 0 | 0 | 2 | 29-69 | 0 |
მომდევნო ტური. 8-9 დეკემბერი
სკარლეტსი - ექსეტერი; კლერმონი - ლენსტერი
VI ჯგუფი
კარდიფი - ტულონი 14:22
მონპელიე - სეილი 33:18
1 | ტულონი (საფრანგეთი) | 2 | 2 | 0 | 0 | 59-30 | 9 |
2 | მონპელიე (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 49-55 | 4 |
3 | სეილ შარქსი (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 52-66 | 4 |
4 | კარდიფი (უელსი) | 2 | 0 | 0 | 2 | 47-56 | 1 |
მომდევნო ტური. 8-9 დეკემბერი
სეილი - ტულონი; კარდიფი – მონპელიე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია