ამბები

13:33 | 23.10.2012 | ნანახია 1588 - ჯერ

ყველაფერი ბოლო დღეს გაირკვევა

თუ რომელ ადგილს დაიკავებენ რუსეთის ჩემპიონატში მობურთალი ქართველი ლეგიონერების გუნდები, ბოლო სათამაშო დღეს, 27 ოქტომბერს გაირკვევა.
ორრაუნდიანი ფინალური ჯახების პირველ დღეს ისეთი შედეგები დაფიქსირდა, განმეორებითი მატჩების წინ პროგნოზის გაკეთებას ვერავინ რომ ვერ გაბედავს. შეგახსენებთ, რეგლამენტის თანახმად, 10 გუნდი, რეგულარული პირველობის შემდეგ, პლეი ოფებში აგრძელებს ბრძოლას საბოლოო ადგილების დასაკავებლად. 2012 წლის საბოლოო სურათის მისაღებად. გუნდებს თითო-თითო, გადამწყვეტი ეტაპის განმეორებითი მატჩებიღა დარჩათ ჩასატარებელი.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, რატი ურუშაძის და ვალერი ცნობილაძის კრასნოიარსკის “ენისეი”, ამჯერადაც ფინალშია და პირველობას თანაქალაქელ “კრასნი იარს” ეცილება, სადაც ვალერის ძმა გრიგოლ ცნობილაძე თამაშობს. რთულ კლიმატურ პირობებში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და ფრედ, 12:12 დასრულდა. “კრასნი იარის” სამ ჯარიმას და ერთ არეკნს, “ენისეიმ” ოთხი ჯარიმით უპასუხა. ურუშაძე განაცხადში იყო, ვალერი ცნობილაძე მეორე ტაიმში შეცვალეს, ხოლო გრიგოლი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.
რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ქართული გუნდი მოსკოვის “სპარტაკი”, V ადგილისთვის იბრძვის და პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე, “აგროუნივერსიტეტთან” ერთი ქულის სხვაობით, 24:25 დამარცხდა. სპარტაკელთა რიგებში ბექა ადანაია, ზურაბ გოგლიჩიძე, დავით დახუნდარიძე, გოდერძი ჯოგლიძე, თორნიკე ძაგნიძე, ირაკლი კვანთიძე, პავლე კვერნაძე, გიორგი მინაძე, ზურაბ თუთბერიძე, მამუკა ხეჩიკოვი, დავით შარაშენიძე და ზურაბ ერისთავი ირიცხებიან. მწვრთნელები პაატა ძოწენიძე და ემზარ ძაგნიძე არიან. ქართველები არიან გუნდის ხელმძღვანელებიც.
აღსანიშნავია, რომ “სპარტაკმა” ტაიმი 0:16 დათმო, მაგრამ მეორე ნახევარში მოინდომა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა, რაც ჯამში, მისი წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. რუსეთის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები 27 ოქტომბერს გაიმართება.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081048