საფრანგეთის მორაგბეთა მე-2 ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში, წელს უპრეცენდენტოდ მრავლად არიან ქართველი ლეგიონერები და ბუნებრივია, ელიტარული Top 14-ის საგზურისთვისაც ბევრი მათგანი იბრძოლებს.
VIII ტურის შემდეგ, საუკეთესო პოზიცია გურამ კავთიძის “ლიონს” უკავია, რომელიც გასულ ტურში “ოშთან” 10:13 დამარცხდა, პრემიალურ ქულას დასჯერდა, 26 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ “უაიონას” 5 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, Pro D2-ის გამარჯვებული, Top 14-ის საგზურს პირდაპირ იღებს, ხოლო მეორე-მეხუთე გუნდები, მეორე საგზურისთვის პლეი ოფში იბრძვიან. განვლილ მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში იყო კავთიძე და მოედანზე 47 წუთი გაატარა, საბოლოო შედეგი კი, 46-ე წუთის შემდეგ აღარ შეცვლილა.
წარმატებულ სვლას განაგრძობს ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილის და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი”, რომელმაც “ლა როშელს” 17:10 აჯობა, 25 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილზე გამწესდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და თითქმის სრულად, 78-ე წუთამდე ითამაშა მეორეხაზელმა დათუნაშვილმა, ასეიშვილი ბრძოლაში 49-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ნაცარაშვილი ტრავმირებულია.
ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და სიტუაცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძის და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივმა”, რომელმაც ამ ჯერზე სტუმრად გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” 26:15 დაამარცხა. ბრიველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ხინჩაგიშვილი, რომელიც შველიძემ 47-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ნატრიაშვილი ტრავმირებულია. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ ნემსაძე იყო, რომელიც შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად გაისარჯა. “ბრივმა” 14 ქულიანი უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვა, მერე სხვაობა 5 ქულამდე დავიდა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში კვლავ სტუმრებმა ივარგეს. “ბრივს”, ამ მოგების შემდეგ, 24 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა, ხოლო “ტარბი”, 20 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
კიდევ ერთ ქართულ დერბიში, ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” 25:13 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 78-ე წუთამდე ითამაშა პირველხაზელმა შეყლაშვილმა. სტუმართა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ კობერიძე და მაისურაძე, ორივე მათგანი 48-ე წუთზე შეცვალეს, ოღონდ მაისურაძე 38-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 10 წუთით ნაკლები ითამაშა. “ბეზიემ” ტაიმი 19:0 მოიგო და სტუმართა მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. “ალბი”, 21 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო “ბეზიე,” 14 ქულით, მე-13 საფეხურამდე დაწინაურდა.
ტარიელ რატიანიძის “დაქსმა”, საკუთარ მოედანზე “პო” 15:9 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ, 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა. მისი გუნდი 11 ქულით მე-14 ადგილზეა და ორი ქულით უსწრებს დავით აშვეთიას და შალვა სუთიაშვილის “მასის”, რომელიც “უაიონთან” 16:29 დამარცხდა. აშვეთიამ პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სუთიაშვილი მოედანზე 45-ე წუთიდან გამოჩნდა. პრო D2-ის მომდევნო ტური 27-28 ოქტომბერსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია