საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შუამარბ თედო ზიბზიბაძეს წელს საუკეთესო დასაწყისი აქვს. “ფედერალ 1”-ის განვლილ ექვს ტურში მან მეოთხე ლელო გაიტანა და დიდი შანსია, შედეგიანობის თვალსაზრისით პირადი რეკორდი მოხსნას. “ბორჯღალოსნებს” ნოემბერში ორი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი ელით და იმედია, 32 წლია ქარველის შედეგიანობა იქაც გაგრძელდება.
“ფედერალ 1”-ში რეგულარული პირველობის მესამედი მიილია და 11 ნოემბრამდე სამკვირიანი შესვენება გამოცხადდა. განვლილ ტურში ზიბზიბაძის “პერიგო” პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლ “ვანს” მასპინძლობდა. თამაში მზეში, თუმცა ძლიერ ქარში გაიმართა, რომელმაც პირველ ტაიმში მასპინძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შეუშალა. სტუმრები 12:3 დაწინაურდნენ, მერე “პერიგომ” ორი ჯარიმით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, 37-ე წუთზე კი, ზიბზიბაძის კარგი გარღვევა მისმა თანაგუნდელმა ლელოთი დააგვირგვინა - 16:12. მეორე ნახევარში ქარიც მასპინძელთა მხარეს იყო და კიდევ სამი ლელო გაიტანეს, თედომ თავი 72-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 34:15 გახადა, ჯამში კი, მისმა გუნდმა 43:15 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
ამ გამარჯვების შემდეგ “პერიგოს” 17 ქულა დაუგროვდა და დიდი შესვენების წინ საპლეიოფო ოთხეულში შევიდა. III ჯგუფში 18 ქულით მეორე ადგილს იკავებს ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი”, რომელსაც ამ ტურში არ უთამაშია. ის ნიკოლოზ მაღალდაძის “მარმანდს” 28 ოქტომბერს ეთამაშება და პირველ ადგილზე ანაცვლებაც შეუძლია, თუკი ლიდერი “ტიროსი” (22 ქულა) ასევე გადადებულ მატჩში დამარცხდება. გაჩეჩილაძის “აჟეტმო” “ლანგონს” ქართველი ლეგიონერის გარეშე სტუმრად 26:26 დაუზავდა, 6 მატჩში 2 ფრე და 4 წაგება დაუგროვდა და 8 ქულით მე-8 ადგილზეა.
I ჯგუფში სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს “მაკონმა” და “ვიენმა”. ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ ეტიენს” ეწვია და 16:15 იმარჯვა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ პირველხაზელი გაბელია იყო, რომელმაც მოედანზე 48 წუთი გაატარა. მასპინძლები 63-ე წუთზე 12:6 დაწინაურდნენ, საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე ლელო-გარდასახვა გაუშვეს და ერთი ქულით ჩამორჩნენ, 78-ზე ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, დამატებით დროში ჯარიმა გაუშვეს და მხოლოდ პრემიას დასჯერდნენ. “ვიენი” 17 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “სენტ ეტიენი” 11 ქულით მე-8 საფეხურზე რჩება.
ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონმა” “დიჟონს” 20:15 აჯობა და 19 ქულით მესამეა. სასტარტო შემადგენლობაში იყო კოპალიანი, რომელიც 63-ე წუთზე მელიქიძემ შეცვალა. სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ, ტაიმი 17:6 მოიგეს და მართალია, 65-ე წუთისთვის სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ გამარჯვება მაინც “მაკონს” დარჩა.
ლიდერ “”ბრესანთან” 0:37 განადგურდა გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი”, მაგრამ ამაში ქართველს ბრალი არ მიუძღვის, ხოლო მისი გუნდი 12 ქულით მე-7 ადგილზე რჩება. “ლილთან” საკუთარ მოედანზე 9:25 დამარცხდა რევაზ გიგაურის და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონი”, რომელიც 7 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. გიგაური თამაშში 44-ე, ხოლო ყუფარაძე მე-60 წუთიდან ჩაერთო. “სტრასბური” გიორგი სულუაშვილის გარეშე 10:22 დამარცხდა “ბობინთან” და ერთადერთი ქულით ბოლო საფეხურზეა. სტუმრებს ქულის აღება შეეძლოთ, მაგრამ დამატებულ დროში ლელო-გარდასახვა მიიღეს.
II ჯგუფში, ქართულ დერბიში დავით კაჭარავას “როდეზმა” გიორგი კუთარაშვილის “შატორენარს” 42:13 აჯობა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. თამაში უხეში გამოდგა და რეფერიმ მასპინძელთა ორ მორაგბეს ყვითელი, ხოლო ერთს წითელი ბარათი უჩვენა, ხოლო სტუმართაგან წითელ-ყვითელი ბარათები ორ-ორმა მოთამაშემ მიიღეს. 41-ე წუთზე ერთი ყვითელი ბარათი კუთარაშვილსაც შეხვდა, ხოლო კაჭარავა განაცხადში არ იყო. ამ ჯგუფში გამოკვეთილი აუტსაიდერი არაა და “შატორენარი” ბოლო ადგილზე 10 ქულითაა, ხოლო “როდეზი” 14 ქულით მე-4 საფეხურს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მეორეადგილოსანი მას სულ რაღაც 3 ქულით უსწრებს.
თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნა” “ბურგუენს” დაუზავდა - 24:24. განაცხადში მხოლოდ ურჯუკაშვილი იყო, რომელმაც შუამარბად სრულად ითამაშა. მატჩი ქულა-ქულაში წარიმართა. წინ მუდამ სტუმრები გადიოდნენ და მასპინძლები ანგარიშს ათანაბრებდნენ. პირველ სამ ჯერზე მეტოქეებმა ლელო-გარდასახვები გაიტანეს, ბოლოს ჯარიმები გაცვალეს. “ობნა” 12 ქულით მეექვსეა. ირაკლი ნინიძის “რომანი” “ვალანსთან” 24:28 დამარცხდა და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ნინიძემ შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა, მისი გუნდი დებიუტში 13:3 დაწინაურდა და ტაიმი 13:12 მოიგო, მერე 16:12-საც იგებდა, მაგრამ ბოლოს მხოლოდ პრემიალური ქულისთვის გაიბრძოლა და ჯამში 11 ქულით მე-8 ადგილზეა.
ლიდერ “მონტობანთან” 0:34 შერცხვა მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანი”. “მეკომ” სრულად ითამაშა, მჭედლიშვილმა ტრავმირებული თანაგუნდელი 32-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ქართველების გუნდი 10 ქულით მე-8 ადგილამდე დაეშვა. დამარცხდა ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერიც”, ოღონდ ერთი პრემიალური ქულის აღება მოახერხა. მას “კასტანემ” 23:21 აჯობა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ. სტუმრებმა ბოლოში შეძლეს ორი საპასუხო ლელოს გატანა და ორივე გარდასახვა რომ გამოეყენებინათ, ფრესაც გამორჩებოდნენ. მალაღურაძემ სრულად ითამაშა და ჯარიმები მე-17-ე და 37-ე წუთებზე გაიტანა. კიდევ ერთი ჯარიმა და გარდასახვები მას არ შეუსრულებია. “ბანიერი” 7 ქულით ბოლო ადგილზეა და 11 ნოემბრამდე ბევრი რამის გამოსწორება მოუწევს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია