ამბები

17:04 | 25.10.2012 | ნანახია 1332 - ჯერ

ჩემპიონატი ზამთრის დროზე გადადის

ქართული რაგბის გულშემატკივრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ამიერიდან საქართველოს ჩემპიონატის მატჩების დაწყების დრო იცვლება და ის ნაცვლად 16 და 18 საათისა, 14 და 16 საათებზე დაიწყება.
IX რაუნდში ცვლილება შეეხება თამაშის ჩატარების დღესაც. ნაცვლად კვირისა, ერთი თამაში პარასკევს, 26 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ძირითადი ტური ტრადიციულად შაბათსაა დანიშნული. ეს ტური რეგულარული პირველობის ეკვატორიცაა და 27 ოქტომბერის საღამოს გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, ვინც პირველ წრეს პირველ ადგილზე დაასრულებს.
პარასკევ საღამოს, 16 საათზე ავჭალის სტადიონზე, ბოლო დროს აბურთავებული ქუთაისის “აია” თბილისის “ყოჩებს” ეთამაშება. ქუთაისელებმა ბოლო ორ ტურში გატანილი ქულებით მიმდინარე სეზონის რეკორდები ერთიმეორეს მიყოლებით დაამყარეს. მათ ჯერ რუსთავში “ხარებს” 50 ქულა გაუტანეს, ხოლო ერთი კვირის წინ ეს თამასა “აკადემიასთან” 76 ქულამდე აწიეს. მთლიანობაში, “აიამ”, რომელმაც სეზონი არცთუ კარგად დაიწყო, სამმატჩიანი მოუგებელია სერია ზედიზედ სამი შთამბეჭდავი გამარჯვებით ჩაანაცვლა და სატურნირო ცხრილშიც მე-3 საფეხურამდე აღზევდა, რის შენარჩუნებასაც ერთ-ერთ აუტსაიდერთან ეცდება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბოლოდან მეორე ადგილისა, “ყოჩები” საკმაოდ შედეგიან თამაშს აჩვენებს. ეს იმის წინაპირობა უნდა გახდეს, რომ მაყურებელი საინტერესო თამაშს იხილავს. თბილისელებმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს და შვიდი წააგეს, მაგრამ თითქმის ერთხელაც არ დარჩენილან გატანილი ლელოს გარეშე და იგივეს გაკეთებას ქუთაისელებთანაც ეცდებიან. ისე, ბოლო წლების ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, “აია” მეტოქეს მუდამ დიდი სხვაობით ამარცხებდა.
შაბათს პარალელურ რეჟიმში თამაშები თბილისში, “ავჭალასა” და “შევარდენზე” გაიმართება. 14 საათზე, “ავჭალაში”, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თბილისის “ლელო” რუსთავის “ხარებს” მასპინძლობს და პრემიალური ქულით მოგებით პირველი ადგილის შენარჩუნებას ეცდება. ლელოელები წელს კარგ სეზონს ატარებენ და ერთადერთხელ, ბრძოლაში დამარცხდნენ ქვეყნის ჩემპიონ “არმიასთან”. იქ ლევან მაისაშვილის გუნდმა პრემიალური ქულა აიღო. “ლელომ” შვიდი მოგებული მატჩიდან ოთხში შეძლო პრემიალური ქულის აღება და ამის იმედი ახლაც უნდა ჰქონდეს.
“ხარებმა” მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და ორივე აუტსაიდერთან, ისიც დიდი ბრძოლის ხარჯზე მცირე სხვაობით. მიუხედავად ამისა, რუსთაველებმა რამდენჯერმე მოახერხეს და ლიდერებს პრემიალური ქულები არ ააღებინეს, რასაც ამ ჯერზე “ლელო” უნდა უფრთხოდეს. ისე, 2011 წლის ჩემპიონატის შედეგებს თუ გადავხედავთ, პირველი მატჩი “ლელომ” თბილისში მცირე სხვაობით (14:7) მოიგო, რუსთავში კი, მასპინძლებმა 17:14 იმარჯვეს.
პარალელურად, “შევარდენზე” აუტსაიდერი “აკადემია” “ლოკომოტივს” დაუხვდება და სეზონის მეორე გამარჯვებას ისიც ეცდება, თუმცა, ამის გაკეთება ძლიერ გაუჭირდება. აკადემიელებს ქულების აღება უჭირთ და ამის გამოა, ხშირ შემთხვევაში დიდი სხვაობით რომ მარცხდებიან. მოგება “ლოკომოტივსაც” უჭირს, მაგრამ ეს გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძვის და ოთხი წაგებული მატჩიდან სამში აიღო პრემიალური ქულა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დაასრულა. მათ მხოლოდ ერთხელ აიღეს გამარჯვებული გუნდისთვის განკუთვნილი პრემიალური ქულა, მაგრამ თუ სურთ, რომ საპლეიოფო ექვსეულში თავი მშვიდად იგრძნონ, თავისზე სუსტ მეტოქეებს აუცილებლად უნდა სძლიონ. აღსანიშნავია, რომ მეექვსეადგილოსან “ლოკომოტივს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება “ბათუმი”, რომელსაც ამ დეფიციტის აღმოფხვრა გადადებული მატჩის მოგებით შეუძლია და ეს თემურ ბენდიაშვილის შეგირდებს სრულ მობილიზებას აიძულებს.
16 საათზე “ავჭალაზე” იწყება ქვეყნის ჩემპიონ “არმიასა” და ზემოთნახსენები “ბათუმის” დაპირისპირება. არმიელებს ლიდერი “ლელოს” მატჩის შედეგი უკვე ეცოდინებათ და თუ გადასწრების არა, მათთან ერთქულიანი დეფიციტის შენარჩუნების სურვილი უეჭველი ექნებათ. “არმიამ” “აიასთან” განცდილი ერთადერთი მარცხის შემდეგ ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო და ამ სერიის გაგრძელებას ზღვისპირელთა ძლევით შეეცდება.
რაც შეეხება “ბათუმს”, ეს გუნდი სტუმრად წარუმატებლად თამაშობს და “სახლის გუნდად” იქცა. მან სამივე გამარჯვება საშინაო კედლებში მოიპოვა, თანაც ერთხელ “ლოკომოტივი” წააქცია, გასულ ტურში კი, სიმპათიურ “ჯიქებს” სძლია და ბუნებრივია, მადაც გაეხსნა. ზემოთაც ვთქვით, მათ ექვსეულს მხოლოდ 4 ქულა აშორებს და მის აღმოსაფხვრელად ერთი თამაში თადარიგში აქვთ (10 ნოემბერს “ხარებთან”), ასე რომ ნებისმიერ ქულას ზღვისპირელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
და ბოლოს, IX რაუნდის ცენტრალური მატჩი 16 საათზე “შევარდენზე” დაიწყება. პირველი წრის მეოთხე ადგილზე დასასრულებლად, ერთმანეთს ორი თბილისური გუნდი, “ილიაუნი ჯიქი” და “არმაზი” დაუპირისპირდება. არმაზელებმა სეზონი კარგად დაიწყეს (ზედიზედ 4 მოგება), მაგრამ მომდევნო ოთხი თამაშიდან მხოლოდ ერთხელ იზეიმეს გამარჯვება. გასულ ტურში ისინი “ლელოსთან” უიმედოდ დამარცხდნენ და ახლა ხასიათის გამოკეთებას ეცდებიან.
წაგებული ხვდება მომავალ ჯახს “ჯიქებიც”. უფრო მეტიც, მათ აგერ უკვე ორი ტურია წარმატებისთვის არ მიუღწევიათ და ახლა ამის გაკეთება უშუალო კონკურენტთან ეცდებიან. შეიძლება ითქვას, რომ გუნდები თანაბარძალოვანი არიან და მაყურებელიც საინტერესო ბრძოლას იხილავს. ამის შემდეგ მომავალ უქმეებზე კიდევ ერთი ტური გაიმართება და დიდი სანაკრებო პაუზის დროც დადგება (ერთთვიანი), ოღონდ, შუალედში “ხარები” და “ბათუმი” გადადებულ თამაშს მოილევენ.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. IX რაუნდი
26 ოქტომბერი. პარასკევი
თბილისი. “ავჭალა”. 16:00

ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი)
27 ოქტომბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 14:00

აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 14:00
ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:00
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
 

1 ლელო   8 7 0 1 231-112 23
2 არმია 8 7 0 1 219-123 32
3 აია 8 5 1 2 228-125 25
4 არმაზი 8 5 0 3 161-141 21
5  ჯიქები 8 4 0 4 144-131 20
6 ლოკომოტივი 8 3 1 4 167-150 18
7 ბათუმი 7 3 0 4 114-146 14
8 ხარები 7 2 0 5 92-146 9
9  ყოჩები 8 1 0 7 136-211 7
10 აკადემია 8 1 0 7 55-249 5



ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085529