25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუთაისის "აიას” წინამორბედმა - "მშენებელმა”, სასახელო ფურცელი ჩაწერა ქართული სპორტის ისტორიაში. 1987 წელს ქუთაისურმა გუნდმა უკომპრომისო ბრძოლებში პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. მანამდე ასეთი სიმაღლისათვის რაგბიში არცერთ ჩვენებურ გუნდს არ მიუღწევია. "მშენებელმა” ამ დიდი გამარჯვების შემდეგ ზედიზედ ორჯერ წარმატებით დაიცვა უძლიერესის სახელი და სამგზის სსრ კავშირის ჩემპიონობა ირგუნა. სპორტის სათამაშო სახეობებში ასეთი შედეგი საბჭოურ პერიოდში რომელიმე სხვა ქართულ გუნდს არ ჰქონია.
1987 წლის საკავშირო ჩემპიონატში 12 გუნდი ასპარეზობდა, მათ შორის 3 ქართული - "მშენებელი”, თბილისის "შევარდენი” და "ელმავალი”. ამ უკანასკნელმა გათამაშების მსვლელობაში შეჯიბრებიდან მოხსნილი "ლოკომოტივი” ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე თამაშები ორ წრედ ჩატარდა. ამის შემდეგ გუნდები გაიყვნენ. პირველი ექვსეულის წარმომადგენლებმა ერთმანეთში სუპერფინალის წყვილი გამოავლინეს. ეს წყვილი ყველაზე ტიტულოვანი საბჭოური კლუბი, მრავალნაცადი მონინოს სამხედრო საჰაერო აკადემია, იგივე "ვვა” და ქუთაისის "მშენებელი” იყო. გადამწყვეტ მატჩებამდე ჩვენი გუნდის გზა ასეთი გახლდათ:
22.03. "მშენებელი” - "ვვა” (მონინო) 9:14
25.03. "მშენებელი” - "ფილი”(მოსკოვი) 19:12
30.03. "მშენებელი” - "პრიმორეცი” (ლენინგრადი) 13:0
1.04. "მშენებელი” - "ეტს” (კრასნოიარსკი) 10:6
8.04. "მშენებელი” - "ლოკომოტივი” (მოსკოვი) 13:6
11.04. "მშენებელი” - "სლავა” (მოსკოვი) 15:0
12.05. "მშენებელი” - "ელექტრომაში” (ტირასპოლი) 49:9
16.05. "შევარდენი”(თბილისი) - "მშენებელი” 13:30
22.05. "მშენებელი” - "სკა” (ალმა-ატა) 13:0
26.05. "ავიატორი” (კიევი) - "მშენებელი” 3:6
31.05. "მშენებელი” - "ლოკომოტივი” (თბილისი) 19:0
6.06. "ვვა” - "მშენებელი” 24:12
9.06. "ფილი” - "მშენებელი” 18:3
18.06. "პრიმორეცი” - "მშენებელი” 3:12
3.07. "ეტს” - "მშენებელი” 12:0
8.07. "ლოკომოტივი” მ. - "მშენებელი” 3:3
12.07. "სლავა” - "მშენებელი” 10:6
19.07. "ელექტრომაში” - "მშენებელი” 3:15
23.07. "მშენებელი” - "შევარდენი” 21:10
27.07. "მშენებელი” - "ავიატორი” 21:7
1.08. "სკა” - "მშენებელი” 22:15
6.08. "ელმავალი” - "მშენებელი” 18:39
მეორე ეტაპი
15.08. "მშენებელი”- "`სკა” 13:6
20.08. "ვვა” - "მშენებელი” 9:6
23.08. "მშენებელი” - "სლავა” 9:3
27.08. "მშენებელი” - "ავიატორი” 10:6
15.09. "ეტს” - "მშენებელი” 4:6
19.09. "სკა” - "მშენებელი” 5:11
24.09. "მშენებელი” - "ვვა” 30:0 (12:12 ანულირებული)
27.09. "სლავა” - "მშენებელი” 6:3
30.09. "ავიატორი” - "მშენებელი” 8:0
5.10. "მშენებელი” - "ეტს” 15:6
სუპერფინალის პირველი მატჩი ქუთაისში 9 ოქტომბერს შედგა. "მშენებელმა” 7000 ქომაგის თანდასწრებით "მშრალად”, 10:0 მოუგო მონინოელებს. ალექსანდრე ნაჭყებიამ ლელოთი (მაშინ ოთხი ქულით ფასდებოდა) გამოიჩინა თავი, ხოლო კახა მაჩიტიძემ ორჯერ არეკნით გაიტანა. სამი დღის შემდეგ რუსი სამხედრო მფრინავები ქუთაისელებს ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდნენ, თუმც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. "მშენებელმა” გასვლით მატჩში საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბა და უდაძაბულესი ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა – 13:7. თამაზ ფხაკაძემ ლელო მიითვალა, ბათლომე ხამაშურიძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, ხოლო კახა მაჩიტიძემ თავისი საფირმო არეკნი შეასრულა. ქუთაისელი მორაგბეები საბჭოთა კავშირის ჩემპიონებად გამოცხადდნენ.
საკავშირო ჩემპიონატში ოქროსმედალოსნების საუკეთესო სნაიპერი 20 წლის ნუგზარ ძაგნიძე იყო. იგი 130 ქულით შეეწია საკუთარ გუნდს და ეს მიუხედავად იმისა, რომ შუა აგვისტოდან მოყოლებული, სამხედრო სამსახურში გამწესების გამო, "მშენებელში” აღარ უთამაშია.
აღსანიშნავია, რომ 1987 წლის სეზონში ქუთაისელმა მორაგბეებმა "დუბლი” შეასრულეს. ჩემპიონატის ოქროს მედლებზე ადრე მათ საკავშირო თასი დაისაკუთრეს. სათასო ბატალიებში "მშენებელმა” თანმიმდევრობით ხარკოვის "ხტზ”-ს (31:4), მოსკოვის "სლავას” (9:3), კრასნოიარსკის "ეტს”-ს (18:12), ალმა-ატის "სკა”-ს (13:6) და "ვვა”–ს (12:3) სძლია.
საოცრად წარმატებულ სეზონში "მშენებელს” დუგლას კავთელაშვილი თავკაცობდა, გუნდის ღირსებას იცავდნენ: ნუგზარ ძაგნიძე, იგორ მარიამიძე, ბათლომე ხამაშურიძე, მიხეილ ხარშილაძე, ოლეგ ლიპარტელიანი (მოთამაშე მწვრთნელი), თამაზ გიორგობიანი, ოლეგ ჟორჟოლიანი, კახა გაბრიჩიძე, პაატა ძოწენიძე, გელა ხუჭუა, ავთანდილ გიორგაძე, ავთანდილ დეისაძე, მამუკა ლოსაბერიძე, კახა მაჩიტიძე, ზაზა თხელიძე, თამაზ ოდიშარია, ალექსანდრე ნაჭყებია, ნიკოლოზ ნემსიწვერიძე, თამაზ ფხაკაძე, დავით დანგაძე, ბადრი შვანგირაძე, გია წივწივაძე, დავით ცხვარაძე, გრიგოლ გაბუნია, ალექსანდრე გრიგალავა, ალექსანდრე ლიკლიკაძე, რობერტ ობოლაძე(გუნდის კაპიტანი), თენგიზ ტურძელაძე, ბესარიონ ლილუაშვილი, ალექსანდრე გაბიძაშვილი, ემზარ გეგუჩაძე, გოჩა ჯიმშელეიშვილი.
დიახ, 25 წელი გავიდა ქართული რაგბის იმ პირველი სასახელო გამარჯვების შემდეგ. სამწუხაროდ, ოქროს გუნდის ეს საიუბილეო თარიღი არავის გახსენებია, ქუთაისშიც კი...
იუზა კაციტაძე
ავტორის და თემურ ჯავახაძის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია